ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ყანჩავეთი
კატეგორიები
ახალგორის მუნიციპალიტეტი დუშეთის, კასპის, გორის, ჯავისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს შორის არის მოქცეული. მის მაღალმთიან ლანდშაფტებს კვეთს მდინარე ქსანი, რომელიც მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდებარე ყელის ტბიდან გამოედინება, კვეთს მუხრანის ვაკეს და სათავიდან 84 კმ-ში, სოფელ ქსანთან, უერთდება საქართველოს მთავარ მდინარეს - მტკვარს. ახალგორი მდინარე ქსნის შუაწელზე, ხეობის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ახალგორთან ახლოს, საძეგურთან აღმოჩენილ მდიდრულ სამარხებში დაცული განძის საფუძველზე (ცნობილია ახალგორის განძის სახელით) შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ ძვ. წ. IV-III სს-ში მაღალგანვითარებული კულტურა არსებობდა. თითქმის მთელი შუასაუკუნეების განმავლობაში ქსნის ხეობას ქსნის ერისთავები განაგებდნენ, ახალგორი კი მათი რეზიდენცია იყო. ვახუშტი ბაგრატიონი ახალგორს „მცირე ქალაქად“ მოიხსენიებს. ხარულის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე
ყანჩაურისხევის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, ახალგორიდან 6 კმ-ში მდებარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეო-კლიმატური კურორტი ყანჩავეთი.
 
1. ყელის ტბა (ზ. დ. 2914 მ, სარკის ფართობი 1,28კმ2, მაქსიმალური სიღრმე -  63 მ). იკვებება თოვლის, წვიმისა
და მიწისქვეშა წყლებით. მოქცეულია ხარულისა და ალევის ქედებს შორის. ტბიდან გამოედინება მდინარე ქსანი.
2. 1908 წელს ქსნის ხეობაში, სოფ. საძეგურთან, ძვ. წ. V-IV სს-ის ადრინდელი ანტიკური ხანის სამარხი აღმოაჩინეს. სამარხში იპოვეს ცხენის აღკაზმულობის ნაწილები, ოქროს, ძვლის, მინისებრი პასტისა და ქვის
სამკაული, ჭურჭელი, სარიტუალო ნივთები, რომლებიც შეაგროვა და ყოფილი კავკასიის მუზეუმისთვის შეიძინა ქართველმა ისტორიკოსმა, არქეოლოგმა და საზოგადო მოღვაწემ ექვთიმე თაყაიშვილმა. განძი ამჟამად
აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
3. ქსნის ერისთავების სასახლე (XVI-XVII სს.) ახალგორში
 
მდებარეობა: მდინარე ყანჩაურისხევის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) ხეობა.
მანძილი: თბილისიდან – 65კმ, ახალგორიდან – 7 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 950-1000 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: ზომიერად მშრალი დაბალი მთის ჰავა. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -3,00C. ზაფხული ზომიერად თბილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 180C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 700 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 70%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატულქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,5-2,0 გ/დმ3. 
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის, ძვალ-სახსართა და ნერვული სისტემების დაავადებები, ცისტიტი და ქრონიკული პროსტატიტი, გინეკოლოგიური დაავადებები, ენდოკრინული სიმსუქნე.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.