ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი კოკოტაური
კატეგორიები
ქედის მუნიციპალიტეტი მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტებს შორის მდებარეობს. მის სამხრეთ ნაწილში, შავშეთის ქედზე, გადის საქართველო - თურქეთის სახელმწიფო საზღვარი. მთაგორიანი ქედა მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულით (სააგურე თიხა, მოსაპირკეთებელი ქვები, ხე-ტყე, სპილენძი, ოქრო და ფერადი ლითონები) და მინერალური და სამკურნალო წყლებით, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია კოკოტაურის მინერალური წყალი. ხალხი მას უკვდავების წყალს უწოდებს. 1972 წელს `კოკოტაური~ პირველად ჩამოასხეს მინის ბოთლებში, 1998 წელს კი პარიზის ერთ-ერთ გამოფენაზე წარდგენილმა წყალმა პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. 2012 წელს მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სუსტად მინერალიზებული წყლის - "გუნდაურის"  ჩამოსხმაც
დაიწყეს. გუნდაური ქედის რაიონში, მდ. მერისის (აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, შავშეთის ქედის ჩრდილოეთი კალთის ძირას პოულობს გამოსავალს და გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის და შაქრიანი
დიაბეტის სამკურნალოდ.
 
1. აჭარაში მეღვინეობის კერად ქედის მუნიციპალიტეტი მიიჩნევა. რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის მაღალ კულტურაზე მიუთითებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ქვის მონოლითური საწნახლები, რომელთა ასაკი ორი ათასზე წელზე მეტია და უზარმაზარი ქვევრები, სადაც ჯერ კიდევ ინახება საუკუნეების წინათ ჩასხმული ღვინო. აჭარაში გავრცელებული ვაზის 40-ზე მეტი ჯიშიდან დღისთვის ყველაზე მეტი ფართობი ჩხავერს და ცოლიკაურს უჭირავს. ჩხავერი შუშხუნა ღვინოების
დასამზადებლად გამოიყენება და ხოლო ცოლიკაურისგან ადგილობრივი და ევროპული ტიპის სუფრისა და ნახევრად ტკბილ ღვინოს ამზადებენ.
2. აგარის ხის მეჩეთის ინტერიერი. კოკოტაურის თემი. თურქთა 200-წლიანი ბატონობის პერიოდში ბევრმა აჭარელმა ენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება მოახერხა, თუმცა რწმენა შეიცვალა. ამიტომაცაა, რომ მთელ აჭარაში ათეულობით მეჩეთი და ჯემე დგას, რომელთა ინტერიერის შემკულობაში ერთმანეთს ერწყმის ისლამური და ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები.
 
მდებარეობა: მდ. აჭარისწყლის ხეობა, ბათუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით.
მანძილი: ქედიდან – 10 კმ, ბათუმიდან – 50 კმ, თბილისიდან – 420 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 680 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: დაბალი მთის, სუბტროპიკული ჰავა. ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1500 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ნახშირმჟავა, სულფატურ-ჰიდროკარბონატული,
ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიანი (და მაგნიუმიანკალციუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,4-3,2 გ/დმ3; 
დებიტი: 12 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: ქრონიკული გასტრიტები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ინფექციური ჰეპატიტი, ქრონიკული მიმდინარეობის პანკრეატიტები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.