ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი მენჯი
კატეგორიები
„მენჯი“ მეგრული სიტყვაა და მჟავე წყალს ნიშნავს. სამკურნალო წყაროებით ცნობილ ადგილებს სამეგრელოში
უწინ ასე მოიხსენიებდნენ - მენჯი სქური, მენჯი ლუგელა, მენჯი ლებარდე... სენაკის მუნიციპალიტეტში
მდებარე სამკურნალო მინერალური წყლით ცნობილ კურორტსაც ალბათ ამიტომ ეწოდა მენჯი. თუმცა მას ხალხმა სასწაულმოქმედი თვისებების გამო მეორე სახელიც შეარქვა - „ყავარჯნების სამარე“. კურორტის სამკურნალო პოტენციალის ათვისება XX ს-ის 30-იანი წლებიდან დაიწყო. ცნობილმა ლატვიელმა მეცნიერმა, რობერტს კუპცისმა, რომელმაც დიდი ამაგი დასდო საქართველოში მინერალური წყლების მეცნიერულ შესწავლას, წყლის სამკურნალო თვისებები გამოიკვლია და მენჯს `საქართველოს მაცესტა უწოდა. 1938 წელს მენჯი რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა და იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. უკვე 1940 წელს მენჯს ათობით ათასი ადამიანი სტუმრობდა. სპეციალისტების ვარაუდით, გაბურღვის შედეგად აქ შესაძლებელია მაღალი ტემპერატურის წყლის მიღებაც, თუმცა ეს პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია.
 
1. სოფელ ეკში, IV-V სს-ის ციხის ტერიტორიაზე, 1971 წელს აღმოაჩინეს ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც
ეკის განძეულის სახელით არის ცნობილი. განძი შედგება 900 ერთეული პართიული დრაქმისა და რომაული
დენარისგან. ყველაზე გვიანდელი მონეტა 222 წლით თარიღდება.
 
2. ეს კარსტული აბანო სენაკში, ტეხურის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტში თერმული მინერალური წყლის რამდენიმე საბადოა: სახარბედიოში, ლეძაძამეში, ზანში, ფოცხოში, ახალსოფელში. სამკურნალო წყლებით არის ცნობილი ეგრისის სამეფოს ძველი დედაქალაქი ნოქალაქევი. სოფლის ცენტრში, ციხესთან ახლოს რამდენიმე თერმული წყაროა. წყლების ტემპერატურა 70-800C აღწევს და რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსართა სისტემის და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებების სამკურნალოდ.
 
მდებარეობა:კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი, მდ. ცივის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობა.
მანძილი: სენაკიდან – 5 კმ, ზუგდიდიდან – 50 კმ, თბილისიდან – 295 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 29 მ.
კლიმატი: ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,20C. ზაფხული მეტად თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 230C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1480 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2160-2200 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: მეთანიანი, სულფიდური, კაჟიანი, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 6,0-14,0 გ/დმ3 და აზოტიანი, სულფიდური, ქლორიდულნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 5,2-7,4 გ/დმ3, ტემპერატურა 270C; დებიტი: 700 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: ძვალ-სახსართა, გულ-სისხლძარღვთა, პერიფერიული ნერვული სისტემებისა და
გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.