ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი საგურამო
კატეგორიები
მდინარეების  მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ულამაზეს ადგილზე, საგურამოს, სხალტბისა და საწკეპელას ქედებს შორის მდებარეობს ქართლის სამეფოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა. საუკუნეების განმავლობაში ის იყო უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი, სადაც დასავლეთ საქართველოს, მესხეთის, სომხეთის, ალბანეთისა და ჩრდილო კავკასიის გზები იკვეთებოდა; ამჟამად მცხეთა ქალაქი-მუზეუმია, სადაც სხვადასხვა პერიოდის 270-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია დაცული. 2009 წელს ეს უძველესი ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანა. 1946 წელს მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, საგურამოს ქედზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებული მრავალფეროვანი კოლხური ტიპის მცენარეების (წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეკერჩხალი, პანტა და სხვა.) დაცვის, შესწავლისა და გამრავლების მიზნით შეიქმნა საგურამოს ნაკრძალი (5300 ჰა). აქ გვხვდება ფაუნის ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა კავკასიური ირემი, შველი და ფოცხვერი. 2007 წელს საგურამოს ნაკრძალი თბილისის ეროვნული პარკის ნაწილი გახდა. ნაკრძალი მნიშვნელოვანი სარეკრეაციო ზონაა. მის მიმდებარე ტერიტორიებზე რამდენიმე საკურორტო ადგილია, მათ შორის: საგურამო, კარსანი, ზედაზენი, წიწამური, წეროვანი... ნაკრძალთან სიახლოვე, ფიზიკური-გეოგრაფიული და კლიმატური პირობები საკურორტო ადგილების მაღალ სამკურნალო და პროფილაქტიკურ ჩვენებებს განაპირობებს. თითოეული მათგანი თბილისიდან სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული, რის გამოც უმეტესი მათგანი პოპულარული სააგარაკო ადგილია დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის.
 
1. ოქროს ყელსაბამი ალმანდინებითა და ფირუზებით. II-III სს. არმაზისხევი ძველი მცხეთის ერთ-ერთი უბანი და ქართლის ერისთავების (პიტიახშების) რეზიდენცია იყო. 1937-1946 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური
გათხრების შედეგად აქ აღმოაჩინეს გვიანბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანისა და გვიანდელი ანტიკური და
ფეოდალური ხანის სამარხები, სასახლის კომპლექსის ნანგრევები, აბანო, წყალსადენის ნაშთები, კერამიკული
სახელოსნო და მარანი, ასევე ბილინგვები ბერძნული და არამეული წარწერებით.
2. საგურამოს ნაკრძალის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული ძეგლია. მათ შორის ადრეფეოდალური ხანის
შიომღვიმის მონასტერი.
3. სოფელი კარსანი მცხეთიდან 8 კმ-ში, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მტკვრისა და არაგვის
შესართავთან პატარა ხეობაში მდებარეობს. ხეობის სიგრძე სულ შვიდი კილომეტრია, თუმცა დონეთა სხვაობა
ხეობის თავსა და ბოლოს შორის 500 მეტრს აღემატება, რაც მცენარეული საფრის მრავალფეროვნებას განაპირობებს. კარსანი უძველესი სოფელია: ჩვ. წ-მდე ის იბერიის მეფეებს ნაბუქოდონოსორისგან დევნილი
ებრაული თემისთვის უბოძებიათ. 1904 წელს კარსანში თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის განყოფილება დაფუძნდა (1935 წლიდან ობსერვატორია დუშეთში გადაიტანეს). ამ პერიოდს მიეკუთვნება
სოფელში დღემდე შემორჩენილი ულამაზესი შენობა, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დროს საიდუმლო
ლაბორატორია იყო განთავსებული. 50-იანი წლებიდან აქ არმაზისხევიბაგინეთი- კარსნის ნაკრძალის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზა იყო. მოგვიანებით კი, კურორტის პროფილის გათვალისწინებით, კარსანში
ტუბერკულოზით დაავადებულთათვის საავადმყოფო ფუნქციონირებდა.
 
მდებარეობა: მდ. არაგვის ხეობა, საგურამოს ქედის კალთები.
მანძილი: მცხეთიდან – 8 კმ, თბილისიდან – 20 კმ. სიმაღლე ზღვის დონიდან: 600 მ.
რელიეფი: ბორცვიანი.
კლიმატი: დაბალი მთის. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -10C. ზაფხული თბილი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 220C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 700 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74 %.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: დაბალი მთის ჰავა.
მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემების დაავადებები, ასევე ნერვული სისტემის ფუნქციური და სხვა სახის დაავადებები - ნევროზი, ნევრასთენია, შაკიკი, პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია.
 
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.