ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი სარფი
კატეგორიები
ზღვისპირა-კლიმატური კურორტი სარფი უშუალოდ საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს. სოფელში არის საბაჟო-გამშვები პუნქტი. სარფი საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ევროპის ავტომაგისტრალის - E70-ის ბოლო წერტილია. გონიო-კვარიათის მსგავსად, როგორც კურორტი, სარფი ბოლო ათწლეულში გახდა პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ პლაჟის სიგრძე სულ 3 კმ-ია, სარფი აჭარის საუკეთესო კურორტების რიცხვში შედის და დამსვენებლის ნაკლებობასაც არ განიცდის, რადგან აქ ულამაზესი მთაგორიანი ბუნება, წვრილკენჭოვანი პლაჟი და აჭარის საკურორტო ზონაში ყველაზე სუფთა და გამჭვირვალე წყალია. ადმინისტრაციულად სარფი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, მუნიციპალიტეტის ტერიტორია კი მოიცავს ისტორიულ მაჭახელის ხეობას. საუკუნეების განმავლობაში მაჭახელაზე სამხრეთ საქართველოსთან - სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის გზები გადიოდა. XVII საუკუნის პირველ მეოთხედში ოსმალებმა სამცხე-საათაბაგოსა და ლაზეთთან ერთად, აჭარაც (მათ შორის, მაჭახელაც) მიისაკუთრეს. ეს მხარე საქართველოს მხოლოდ 1878 წელს დაუბრუნდა. მაჭახელის ნაწილი — ზემო მაჭახელა-დღესაც თურქეთის შემადგენლობაშია. 2012 წელს ხეობა ეროვნულ პარკად გამოცხადდა. პარკის შექმნის მიზანი ორგანული სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის, ასევე უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნებაა. მაჭახელის ეროვნული პარკი იმ ეკოლოგიური დერეფნის ნაწილია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს (მტირალასა და კინტრიშს) და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის დაცულ ტერიტორიებს (კერძოდ, ჯამილის ბიოსფერულ რეზერვატს).
 
1. სარფის შავი ზღვის სანაპირო და საბაჟო-გამშვები პუნქტი
2. მაჭახელას ძეგლი მდინარეების - ჭოროხისა და მაჭახელის შესართავთან. ვერცხლითა და ძვლით შემკული თოფი "მაჭახელა“ მთელ კავკასიაში და ოსმალეთის იმპერიაში ყოფილა ცნობილი. მას მაჭახელის ხეობის განთქმული ხელოსნები ამზადებდნენ.
სექტემბრის მეორე ნახევარში ძეგლთან სახალხო ზეიმი "მაჭახლობა"  იმართება.
 
მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო, მდ. ტობაშის შესართავი.
მანძილი: ბათუმის ცენტრიდან – 20 კმ, თბილისიდან – 385 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 5-80 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული. ნალექების წლიური რაოდენობა: 2300 მმ.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 საათი.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი.
მკურნალობის სახეობა: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში.
სამკურნალო დაავადებები: სასუნთქი გზების და ნერვული სისტემის დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.