ლიხის, იგივე სურამის ქედი საქართველოს ორ - დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად ყოფს. აქ გადის ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალი ს-1, ასევე წიფის სარკინიგზო და რიკოთის საავტომობილო გვირაბები. ქედის სამხრეთ კალთებზე, ხაშურიდან ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს კლიმატურ- ბალნეოლოგიური კურორტი სურამი. სურამი ძვ. წ. II საუკუნეში დაარსებულა. მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, ანტიკური ხანიდან მოყოლებული უძველესი სავაჭრო მაგისტრალის -დიდი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი პუნქტი და მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. აქ თავს იყრიდა ქართლიდან, იმერეთიდან და სამცხედან მომავალი საქარავნო გზები. XII-XIII სს-ში სურამი ქართლის ერისთავთა რეზიდენციაა, ხოლო სურამის ციხე - მათი თავდაცითი ბაზა და სტრატეგიული სიმაგრე. XIX საუკუნის ბოლოს (1872 წლიდან) მის ტერიტორიაზე გადიოდაფოთი-თბილისის სარკინიგზო ხაზი, რომელმაც სურამის ქედის ქვეშ სარკინიგზო გვირაბის გაყვანის შემდეგ ფუნქცია დაკარგა. დღეს ის მხოლოდ ადგილობრივი მიმოსვლისთვის გამოიყენება. სურამი საბავშვო პროფილის კურორტია. მის ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებს წარმოადგენს მშრალი, სუბტროპიკული ჰავა და დაბის ირგვლივ 120 ჰექტარზე გაშლილი ფოთლოვანი ტყე, რომელშიც ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი მასივებია შერეული. დაბაში მრავლად არის სხვადასხვა სახის მინერალური წყაროებიც. როგორც კურორტი, სურამი სახელს იხვეჭს XIX საუკუნის ბოლოდან. რუსეთ-თურქეთის ომის დროს აქ სამხედრო ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა. მაშინ აღმოაჩინეს, რომ სურამის კლიმატი დადებითად მოქმედებდა მალარიით დაავადებულ პაციენტებზე. თანდათან სურამი პოპულარული სააგარაკო ადგილი გახდა. 1938 წელს სურამში გაიხსნა ბავშვთა სახლი, სადაც მეორე მსოფლიო ომის წლებში ობლად დარჩენილი 300-400 ბავშვი ცხოვრობდა. 1948 წელს ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტის სტატუსი მიენიჭა, სადაც ფუნქციონირებდა რამდენიმე სანატორიუმი და დასასვენებლი სახლი.
1. სურამის ციხე. XI ს. მდებარეობს მდინარე სურამულას ნაპირზე, დაბის სამხრეთ ნაწილში. კომპლექსში შედის
გალავანი, ციხე, კოშკი, სასახლე და XI-XII სს-ის წმ. გიორგის ეკლესია. როგორც ყველა ციხეს, ამ სიმაგრესაც ჰქონია საიდუმლო გვირაბი, რომელიც 12-16 მეტრზე ეშვებოდა და მდინარე სურამულას უკავშირდებოდა. სურამის ციხე ქვეყნის მნიშვნელოვან სიმაგრეთა რიცხვში შედიოდა და საუკუნეთა განმავლობაში „ძლიერ კოშკთა“ შორის მოიხსენიებოდა. მას უკავშირდება ლეგენდა, რომელის თანახმად, ციხის უძლეველობის მიზეზი მის კედლებში ცოცხლად ჩამარხული დედისერთა ვაჟი იყო. ამბობენ, რომ იმ კედელზე, სადაც ბიჭი ჩამარხეს, ახლაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემლი.
მდებარეობა: ლიხის ქედის სამხრეთი კალთის ძირი. მანძილი: ხაშურიდან – 7 კმ, გორიდან – 50 კმ, თბილისიდან – 115 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 750 მ.
რელიეფი: გორაკებიანი.
კლიმატი: ზომიერად კონტინენტური. ზამთარი ცივი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა -90C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,20C.
ნალექების წლიური რაოდენობა წელიწადში: 781მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 70%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2300 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატული,
მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,6 გ/დმ3, 68 მგ/დმ3 კაჟმ- ჟავას შემცველობით.
მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია და მინერალური წყლის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენება: სახსრების ქრონიკული დაავადებები, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ფუნქციური დაავადებები.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"