ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სენაკის მუნიციპალიტეტი
სამეგრელო ზემო სვანეთი

                   სენაკის მუნიციპალიტეტი

  სენაკი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია დასავლეთ საქართველოში,  სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში. მისი ტერიტორია იშლება მდ. რიონისპირეთიდან უნაგირას მთის ორივე კალთაზეა წარმოდგენილი. სენაკის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი,ჩრდილო-აღმოსავლეთით მარტვილის მუნიციპალიტეტი,სამხრეთით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით აბაშის მუნიციპალიტეტი,ხოლო დასავლეთით ხობის მუნიციპალიტეტი.სენაკის მუნიციპალიტეტის ფართობია 520. 7კმ².

   სენაკი როგორც სახელწოდება სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული იყო. ის 1935 წლამდე ძველი სენაკის სახელწოდებით მოიხსენიებოდა შემდეგ კი 1935-1989 წლებში ცხაკაიას რაიონად. 1917 წლამდე ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში, როგორც სენაკის მაზრა, 1930 წლიდან იყო დამოუკიდებელი რაიონი. დღეისობით  მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი სენაკი.   მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო -გამგეობა.                                                                   

  სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურებების მიხედვით იყოფა სამ ნაწილად:დაბლობი ვაკე, ბორცვიანი ვაკე და დაბალი მთები. მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებსა და სერებს. სენაკის სამხრეთი ნაწილი არის კოლხეთის დაბლობის უმნიშვნელოვანესი უბანი, რომელიც დასერილია მდ.ცივისა და მდ. ტეხურის შენაკადებით. დაბლობის აბსოლიტური სიმაღლე 1,5მეტრიდან 25-30მ-მდე აღწევს.ბორცვიანი ვაკე დაბალი მთების სიმაღლე 140-150მ სიმაღლეზეა. იგი ჩრდილოეთისკენ მაღლდება აქ წარმოდგენილია  ეკის (461მ), შხეფის და ნოქალაქევის (394მ) აბედათის მთა (555მ). დაბლობი ვაკე აგებულია ქვიშებით, თიხებით და თიხნარებით. ვაკე დაბლობებისათვის დამახასიათებელია ერთფეროვანი რელიეფი რაც გართულებულია ტაფობებით, ხეობებით, ანთროპოგენური ბორცვებით. ბორცვიანი ვაკე რელიეფი ტერასებიანი ხეობებით და ტალღოვანი გორაკ-ბორცვებით არის წარმოდგენილი. ხოლო დაბალ მთებში ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმრბიც არის წარმოდგენილი. ყველაზე მაღალ წერტილად ითვლება ეკის მთა, ყველაზე დაბალ ადგილად მდინარე რიონის ხეობა მიიჩნევა. აქ ასევე წარმოდგენილია ეკის კარსტული მასივი.     

   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არის კარსტული პოლიე(ჩადაბლება) და ზედაპირული ფორმები. საქარტველოში სულ 12 სოფელია სახელად ეწერი და ერთ-ერთი სწორედ სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. სოფელ ეკში მდინარე ცივთან რამოდენიმე მღვიმეა. სენაკში ადრე იყო სამხედრო ბაზებიც.                                                                                                  

   მუნიციპალიტეტის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა +13,8°C. წლის ყველაზე ცივი თვის იანვრის, საშუალო ტემპერატურა +4,9°C-ია, ხოლო ყველაზე თბილი თვის  აგვისტოსი კი +23°C. აბსოლიტური მინიმუმი -180 დაფიქსირებული ხოლო, აბსოლიტური მაქსიმუმი 410. წელიწადში აქ საშუალოდ 1620 მმ ნალექი მოდის, აქედან მაქსიმუმი სექტემბერში ხოლო მინიმუმი იანვარშია. რაიონში იცის ჩრდილო-აღმოსავლეთის ცხელი და მშრალი, სამხ-დასავლეთის და დასავლეთის ტენიანი ქარები. მშრალი ქარები აზიანებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.

   რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტენიანობა ხელს უწყობს მდინარეთა ხშირ ქსელს. მდ. ცივი სათავეს  იღებს ეკის მთის ჩრდილოეთი ნაწილიდან, მდინარის კალაპოტი ვიწროა და კლაკნილი, ჭორომებიზოგან ჩანჩქერებს ქმნიან. მდ. ტეხური ეგრისის ქედიდან იღებს სათავეს. გარდა წყალდიდობისა, მას წყალმოვარდნაც ახასიათებს. ცივსა და ტეხურს ასაზრდოებენ პატარა მდინარეები და ღელეები: ფიცუ, ნახური, ჩხარი, ფაქვა, მენჯი, უჩაღელუ, ეკუსკირი. მუნიციპალიტეტის სამხრეთით დაბლობზე მიედინება მდინარე რიონი. მდინარეს ჩრდილო დასავლეთით პატარა მონაკვეთზე ჩამოუდის მდ. ხობი. დიდი მდინარეები ტრანზიტულია, ისინი საზრდოობენ ატმოსფერული ნალექებით და მიწისქვეშა წყლებით. დაბალი მთების კირქვიანი ნაწილი ღარიბია ზედაპირული წყლებით, ქვედა ნაწილში კი ბევრია წყაროები რომლებიც ნაკადულებს ქმნიან. მდინარეების წყალდიდობა გაზაფხულზეა ხოლო წყალმოვარდნა წლის თბილ პერიოდში. სენაკის მუნიციპალიტეტი მდიდარია მიწისქვეშა წყლებით, რომელთაგან აღასანიშნავია მინერალური და კარსტული მტკნარი წყაროები. თერმული მინერალური წყაროები გვხვდება სახარბედიოში, ლეძაძამეში, ზანაში, ნოქალაქევში, ფოცხოში, ახალსოფელში და სხვაგან. სოფელ ზანაში ბუნებრივი გოგირდოვანი აბანოს წყლები გვხვდება. აქ 10 სათბურია.ზანას წყლები ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით.

   კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან მუნიციპალიტეტში მრავლადაა ეკლესია-მონასტრები. ასევე აქ არის ნოქალაქევის ნაქალაქარი, მენჯის ციხე, კოტიანეთის ციხე, ეკის ციხის ნანგრევები, შხეფის ციხე და სხვა. აღსანიშნავია სენაკის თეატრი.

    სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია კოლხეთის დაბლობსა და მთისწინეთს მოიცავს. მთისწინეთის გორაკ-ბორცვიანი ტერიტორია დაფარულია ტყეებით. თუმცა ბუნებრივი ტყეების უმეტესი ნაწილი გარდაქმნილია. ტენიანი ადგილები მურყნარით არის დაფარული. ბუნებრივი ტყეებით უფრო დაფარულია გორაკ-ბორცვიანი და დაბალი მთები.აქ გავრცელებულია მუხა, რცხილა, კუნელი, ნეკერჩხალი. მარადმწვანე ბუჩქებიდან მთავარია ბზა.გვხხვდება ასევე ლიანებიც. დაბლობებზე ჭაობების ამომშრობის შემდეგ ეს ტერიტორიები სუბტროპიკულმა მცენარეულობამ დაიკავა.

    რაიონის ტყეებში ბინადრობს გარეული ღორი, შველი, მელა, ტურა, კურდღელი და მრავალი სხვა. ქვეწარმავლებიდან გველი ხვლიკი და სხვა.

   ნიადაგებიდან დაბლობის ზოლში გვხვდება ლებიანი და ეწერ-ლებიანი ნიადაგები. მდინარეთა ჭალებზე და ტერასებზე ალუვიური და ჭაობის ნიადაგები. მუნიციპალიტეტის ფარგლებში გვხვდება ასევე წითელმიწები, ყვითელმიწები. კირქვიან ზოლში არის კორდიან კარბონატული ნიადაგები. აქ ვრცელდება ასევე ტყის ყომრალი ნიადაგები.

  მუნიციპალიტეტის ძირითად რესურსს მიწა წარმოადგენს. სენაკის მუნიციპალიტეტი თავისი განვითარებით აგრარულ რეგიონს მიეკუთვნება.სასოფლო სამეურნეო სავარგულია 22 260 ჰექტარი, რაც მთლიანი ტერიტორიის 42,7%-ია. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას  ძირითად მიმართულებად აღებული აქვს მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარება. მემცენარეობიდან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამარცვლე სიმინდისა და სოიას წარმოებას. მეტ-ნაკლებად განვითარებულია მებოსტნეობა, მრავალწლიანი ნარგავებიდან მნიშვნელოვანია: ციტრუსი, ხილი, ჩაი, ვენახი, დაფნა, ხეხილი, სუბტროპიკული ხურმა, კივი და ა. შ. . აქ მოსახლეობას აქვს სოიას მოყვანის ტრადიციებიც და გამოცდილებაც.

   რაიონის ტერიტორიას კვეთენ ამიერკავკასიის სარკინიგზო მაგისტრალი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზატკეცილები, რომელთა საერთო სიგრძე 300კმ-ია. რესპუბლიკური მნისვნელობის გზებია სენაკი-ბანძა, სენაკი-ჩხოროწყუ. მანძილი თბილისამდე 270კმ. უახლოესი პორტია ფოთი 35კმ. მანძილი ზუგდიდამდე 45კმ. უახლოესი რკინიგზის სადგური ქ.სენაკი. უახლოესი აეროპორტი კოპიტნარი 42კმ.

  სენაკის მუნიციპალიტეტში 63 დასახლებული პუნქტია, რომელიც გაერთიანებულია 14 სოფლის საკრებულოში. მოსახლეობის საერთო რაოდენობა 48854კაცია დევნილთა ჩათვლით. ქალაქის მოსახლეობა - 27 217. სოფლის მოსახლეობა - 21 137. უმეტესობა მცხოვრებლებისა ქართველია(98%), თუმცა არიან რუსები (0,6%), და ასირიელებიც (0,2%).  ქალაქად ცხოვრობს მთელი მოსახლეობის თითქმის 55%. სიმჭიდროვე 99კაცია/კმ2. 

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

                                              

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.