ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
უფლისციხე
შიდა ქართლი
უფლისციხე მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქ. გორიდან 10 კმ-ზე. გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, 10 ჰა ფართობზე. უფლისციხე საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ამჟამად მიწის ზემოთაა შემორჩენილი. ქალაქს აქვს ქუჩები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები, სხვადასხვა ნაგებობები, ოთხი კარიბჭე, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და სხვა... ამჟამად ციხე-ქალაქი ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია.
ძვ. წ. X-VI სს.-ში უფლისციხე შიდა ქართლში გაბატონებული თემის ბელადის (უფლის) ციხეა. სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე  უფლის, ბატონის  ციხე-ქალაქი. ლეგენდის თანახმად, უფლისციხე მონების მიერაა აშენებული. მონას აძლევდნენ წერაქვს, რომლის პირიც უბრალო ლითონით იყო დაფარული, ქვემოთ კი ოქროსი იყო. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ გაეცვითა უბრალო ლითონი. საჩუქრად კი თავისუფლებას და ძვირფას ლითონს იღებდა. არქეოლოგიური მასალა ამტკიცებს, რომ აქ მოსახლეობა ძვ. წ. XVI-XV სს-ში უკვე ცხოვრობდა. ძვ.წ. IV-ახ.წ. III სს-ში უფლისციხე რელიგიური და ადმინისტრაციული ცენტრია. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 20-იან წწ.) უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ მაინც დარჩა უძლიერეს ციხე­სიმაგრედ. X-XIII სს-ში უფლისციხე აყვავებული ციხექალაქია, მისი მოსახლეობა 20000 კაცს აღწევს. მონღოლთა შემოსევების შედეგად უფლისციხე ნელ-ნელა მოსახლეობისგან დაიცალა.
ნაქალაქარში შემორჩენილია ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დარბაზები, II ს-ის ანტიკური თეატრონი. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კლდეში გამოკვეთილია დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა (VI ს-ის II ნახ.). ციხე-ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დგას უფლისწულის სამეკლესიანი ბაზილიკა (X ს-ის II ნახ.). ეკლესიის გარეთ არის შესაწირი ქვევრები. როცა ოჯახში ბავშვი იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა, ქვევრი ეკლესიაში მოჰქონდათ და აქვე ტოვებდნენ. უფლისციხის ერთ-ერთ შესასვლელს წარმოადგენდა საიდუმლო გვირაბი. იგი კლდეშია ნაკვეთი და 41 მეტრის სიგრძისაა. ალყის დროს აქედან ამარაგებდნენ ქალაქს წყლითა და სანოვაგით.
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.