კოლხეთის აკუმულაციური ვაკე-დაბლობი დასავლეთ საქართველოში, ზღვის დონიდან 200 მეტრამდე მდებარეობს. მას სამკუთხედისებური ფორმა აქვს, რომლის ფუძე შავი ზღვის სანაპირო ზოლზეა მიბჯენილი. იგი ზღვის ყოფილი უბეა, რომელიც მეოთხეულ პერიოდში მდინარეული მასალით „ამოივსო“. დაბლობის დასავლეთი ნაწილი დაძირვას განიცდის, რაც ხშირ წყალდიდობასა და დაჭაობებას იწვევს.
კოლხეთის დაბლობი სუსტადაა დახრილი, რის გამოც მასზე მდინარეები მდორედ მიედინება. ისინი ქმნის მეანდრებს, რაც ზოგჯერ შთენილი ტბების გაჩენას უწყობს ხელს. შავი ზღვის სიახლოვეს წარმოდგენილია ჭაობები, რომლებიც გადამფრენ ფრინველთა საემიგრაციო გზაზე მდებარეობს.
კოლხეთის დაბლობზე ერთმანეთს ენაცვლება როგორც ნოტიო (დასავლეთიდან), ისე მშრალი (აღმოსავლეთიდან) მონაბერი ჰაერის მასები. აღმოსავლური ქარები ხელს უწყობს ჭარბი ტენის აორთქლებას და მოსავლიანობას. თუმცა, მისივე მეშვეობით ზაფხულობით ცხელი და მხუთავი ამინდი ყალიბდება, რასაც ზოგჯერ გვალვა და მოსავლის განადგურება მოსდევს.
კოლხეთის დაბლობი უძველესი დროიდან წარმოადგენს ადამიანის დასახლებისა და სამეურნეო საქმიანობის ადგილს. აქ იყო წარმოდგენილი უძველესი ბერძნული კოლონიები, მასვე უკავშირდება ლეგენდა არგონავტების და ოქროს საწმისის შესახებ. ამჟამად დაბლობი მჭიდროდაა დასახლებული (150-200 კაცი/კმ2-ზე) და თითქმის მთლიანადაა ათვისებული. აქ ბუნებრივი გარემო მხოლოდ დაცულ და ჭარბტენიან ტერიტორიებზეა შემორჩენილი.
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge