ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სამწევრისის ციხე და ეკლესია
შიდა ქართლი

სამწევრისის ციხე, ეკლესია იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", ბერი ეგნატაშვილის "ახალი ქართლის ცხოვრება", 1392 წ. მცხეთის საეკლესიო მამულების სია, ფარსადან გორგიჯანიძის "ისტორია", პაპუნა ორბელიანის "ამბავი ქართლისანი", იოანე ბაგრატიონის "ქართლ-კახეთის აღწერა", XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები, იოჰან გიულდენშტედტის "მოგზაურობა საქართველოში".

ფოტო: ბადრი ვადაჭკორია

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, მტკვრისა და ძამის შესართავთან, ამავე სახელწოდების სოფლის მახლობლად.
 
სამწევრისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება სამწევრისში მდ. ძამას შესართავთან, ძამის მარცხენა და მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სკრა-ქარელის არხის ტრასის წმენდისას შემთხვევით აღმოჩენილი, სამარხიდან მომდინარე თიხის მონაცრისფროდ გამომწვარი ალაგ-ალაგ ყვითელი ლაქებით დაფარული დერგი. ჭურჭლის ყელი ტანთან შედარებით ვიწროა. მუცლის ზედა ნაწილი გამობერილია. ამავე მუზეუმშია დაცული სამწევრისიდან მომდინარე თიხის ფილა, რომელზედაც გამოსახულია ფეხზე მდგომი ხუთი გულხელდაკრეფილი ადამიანი. მეორე ფილაზე გამოსახულია ადამიანის ექვსი ფიგურა. ფილები მოჩუქურთმებულია.

ფოტო: ბადრი ვადაჭკორია

სოფლის დასავლეთით მდებარე ციციშვილების საგვარეულო ციხის კომპლექსში შედის დიდი კოშკი, დარბაზული ეკლესია, გალავანი, სამსართულიანი სასახლე და სხვა ნაგებობათა ნაშთები. გეგმით ციხე მოგრძო მრავალწახნაგაა. კომპლექსში გამოიყოფა ხუთი ძირითადი სამშენბლო ფენა. ადრე შუა საუკუნეებში აქ მდგარა კოშკი. ცოტა მოგვიანებით მას მიაშენეს გალავანი და ეკლესია. მშენებლობის მესამე პერიოდს განეკუთვნება გალავნის ნაწილი, რომელიც კოშკს ეკვრის სამხრეთ-დასავლეთიდან. ყველაზე გვიანდელია XVI-XVIII სს-ის სამშენებლო ფენები. ნაგებობათა უმეტესობა მიეკუთვნება მეხუთე ფენას.

ციხიდან ნახევარი კმ-ის დაშორებით, სოფლის თავზე, მდ. ძამის მარცხენა ნაპირის მაღალ გორაკზე აღმართულია წმინდა გიორგის VII ს-ის პირველი მეოთხედით დათარიღებული ჯვრის ტიპის ეკლესია. ნაშენია მონაცრიფრო-მოყვითალო ქვიშაქვის ქვათლილებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების სისტემით. ეკლესია გადახურულია კრამიტით. ეკლესია თავდაპირველად იყო წმინდა ჯვრის სახელობის. გვიან შუა საუკუნეებში მერაბ ფანასკერტელის მიერ ეკლესიის შეკეთების შემდეგ ის წმინდა გიორგის სახელზე უკურთხებიათ.
 
ეკლესიაზე შემორჩენილია ორი ასომთავრული წარწერა. აღმოსავლეთის ფასადზე 912/913 წლიწ წარწერა გვაუწყებს სამწევრისში სარწყავი რუს გაყვანას. "ქ. ზ (ედ)ა წელსა კ-ს კონსტანტინე მეფისა ესე რუ(ვი) მე, დომნინოს, სამწევრის ჯუარისა მამასახლისმან და გიორგი თუალოის ძემან მოვიღეთ რუვი ესე ჯუარად. არავინ არს სხუაი მომხუმარე და უფალი რუვისა ამის, გარნა პატიოსანი ჯუარი და გიორგი, ვინ ესე აღმოიკითხოთ მე დომ(ნი)ნოს, მონაი ჯუარისაი (ლოცვასა მომიხსენეთ და თუალოის) ძეცა გიორგი ქრისტემან შეიწყალენ ამენ იყავნ". სამხრეთ ფასადზე მერაბ ფანასკერტელი იყო ზაზა ფანასკერტელის შვილი. ცხოვრობდა XV ს-ის ბოლოსა და XVI ს-ის დასაწყისში.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვა).

ავტორი: გურამ ხარშილაძე


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.