თბილისური სასტუმროების ისტორია ერთი იმ ხიდთაგანია, რომლებიც საქართველოს ისტორიას ევროპის ისტორიასთან აკავშირებს. სასტუმრო, როგორც ეკონომიკური, სოციალური და არქიტექტორული ფენომენი ახალმა დრომ მოიტანა, და შესაბამისად, ის იყო ამ ახალი დროის მონაბერი ბევრი სიახლის მიკროსამყარო. სასტუმრო წარმოადგენა ადგილობრივი თემისა და მის გარეთ არსებული უფრო დიდი საზოგადოების შეხვედრის ადგილს, სივრცეს, რომელიც ერთი მხრივ, ცხადად აჩენდა განსხვავებას შინაურსა და გარეულს, “მე”-ს და უცხოს შორის და, მეორე მხრივ, ხელს უწყობდა მათ დაახლოებას.
XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე სასტუმროს ბიზნესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი მეწარმეები, ასევე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. აღსანიშნავია რომ, პირველ სასტუმროებს თბილისში მცხოვრები ევროპელები ხსნიან მათ შორის არიან გერმანელები. გერმანელებს უკავშირდება სასტუმროები: მადერი, ვეტცელი, ლონდონი და სხვ.
ზალცმანის სასტუმრო
ზალცმანის სასტუმრო მდებარეობდა რიყეზე - იქ, სადაც რამდენიმე გერმანელი კოლონისტის სახლები იდგა. სასტუმრო თეოდორ (ფრიდრიხ) ზალცმანმა მოაწყო თავისსავე აშენებულ სახლში.
თეოდორ ზალცმანი, ხელობით ხარატი, 1819 წელს ჩამოსახლდა ვიურტემბერგიდან. თავიდან მან ლუდსახარში გამართა და თბილისში პირველმა დაიწყო ლუდის დამზადება; შემდეგ დააარსა ლუდხანა-ტრაქტირი, სადაც სტუმრებს საკუთარი პროდუქციით უმასპინძლდებოდა. სასტუმრო პირველად მან 1830 წელს გახსნა, მაგრამ მან, როგორც ჩანს, ვერ იმუშავა და მალე დაიხურა. 1833 წელს ზალცმანმა სასტუმრო კვლავ გახსნა და ამჯერად მისი წამოწყება ბევრად უფრო წარმატებული გამოდგა. მომდევნო ათი-თორმეტი წლის მანძილზე ზალცმანის სასტუმრო ქალაქში საუკეთესოდ ითვლებოდა. აქ ჩერდებოდა თბილისში ჩამოსულ ევროპელთა უმეტესობა. მას მრავალი მოგზაური იხსენიებს თავის ჩანაწერებში, მათ შორის ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე, კარლ კოხი, ბარონი ავგუსტ ფონ ჰაქსტჰაუზენი, იდა პფაიფერი, ფრიდრიხ ბოდენშტედტი, რიჩარდ უილბრეჰემი და მორიც ვაგნერი.
ცნობები ზალცმანის სასტუმროს შესახებ 1834-1845 წლებს შორის მონაკვეთზე მოდის. ამის შემდეგ ევროპელი მოგზაურები აქ, ეტყობა, ნაკლებად ჩერდებოდნენ, თუმცა სასტუმრომ 1860-იან წლებამდე იარსება.
ზალცმანის სასტუმროს შენობა არ შემორჩენილა. მოგზაურთა აღწერებით, ეს იყო მომცრო სახლი ძლიერ დამრეცკალთებიანი ასიმეტრიული სახურავით და დაბალი შესასვლელი კარით. პირველ სართულზე ერთ მხარეს იყო საბილიარდო, მეორე მხარეს - საგანგებოდ გერმანელი სტუმრებისათვის მოწყობილი საერთო ოთახი ლურჯად შეღებილი კედლებით. აქვე ცხოვრობდა თვით თეოდორ ზალცმანიც მეუღლესთან და ექვს შვილთან ერთად. სტუმრების საცხოვრებელი ოთახები მეორე სართულზე იყო.
სასტუმრო “ვეტცელი”
ვეტცელები - XIX საუკუნის დასაწყისში ვიურტემბერგიდან საქართველოში გადმოსახლებულ გერმანელ კოლონისტებს შორის იყო კასპარ ვეტცელი. მას ჰყავდა ორი ვაჟი - იაკობ ფრიდრიხი და იოჰან კასპარი.
კასპარ ვეტცელის მემკვიდრეებმა XIX საუკუნის II ნახევარში მნიშვნელოვან ფინანსურ წარმატებას მიაღწიეს, რასაც ცხადჰყოფს მათ მიერ თბილისში აგებული შენობების რაოდენობა. საქართველოს საისტორიო არქივში ინახება კასპარ ვეტცელის შთამომავლების რამდენი ათეული შენობის პროექტი, რომელთა ნაწილი განხორციელდა. ვეტცელების დაკვეთით აგებული ზოგიერთი შენობა ამჟამადაც დგას თბილისში, რამდენიმე მათგანი მოგვიანებით დაინგრა, ნაწილი პროექტებისა კი, როგორც ჩანს, არც განხორციელებულა.
ყველაზე წარმატებული ვეტცელებს შორის იაკობ ფრიდრიხი (1835-1904) აღმოჩნდა. მისი კაპიტალი სწრაფად იზრდებოდა და მუდმივ ბრუნვაში იყო. მას ჰქონდა საკუთარი ლუდის ქარხანა, სასტუმრო, ფლობდა სახლებს თბილისში , კოჯორსა და წავკისში. ფრიდრიხ ვეტცელი ატარებდა II გილდიის ვაჭრის ტიტულს. გარკვეულ პერიოდში იგი ასევე იყო ქალაქის სათათბიროს წევრი. ახლანდელი ზ. ჭავჭავაძის ქუჩა მცირე ხნის მანძილზე ვეტცელის სახელს ატარებდა.
ფრიდრიხ ვეტცელს ცოლად ჰყავდა ასევე გერმანელი კოლონისტების შთამომავალი ვილჰელმინაფრიკი (1847-1923), რომელიც ელიზაბეტალიდან (ასურეთი) იყო . მათ ოთხი შვილიშეეძინათ: გოტლობი, გუსტავი, ლუიზა და ემილია მარგარიტე. ვეტცელი ცდილობდა შვილებისათვის ისეთი განათლება მიეცა, რომ მომავალში მისი საქმე გაეგრძელებინათ. მან ორივე ვაჟი გერმანიაში გაგზავნა ტექნიკისა და ინდუსტრიის შესასწავლად, მიუხედავად იმისა, რომ გოტლობს სურდა მხატვარი გამოსულიყო. ვეტცელი ქალიშვილების განათლებაზეც ზრუნავდა. ლუიზე და ემილია მარგარიტე ფლობდნენ ფრანგულ და ინგლისურ ენებს. ემილია მარგარიტეს მუსიკას ასწავლიდა ცნობილი ავსტრიელი მწერალი ბერტა ფონ ზუტნერი.
1870-იანი წლების დასაწყისში ფრიდრიხ ვეტცელმა თავის ძმასთან იოჰან კასპართან ერთად ლუდსახარში ქარხანა ააგო. ქარხანა დიდი მთავრის ქუჩაზე (Великокняжеская улица, ახლანდელი უზნაძის ქ.) მდებარეობდა. ის უშვებდა რამდენიმე დასახელების ლუდს - ვენურს, პილზენს, ექსპორტსა და მიუნხენურს. ვეტცელების ლუდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა 1901 წელს თბილისში გამართულ კავკასიის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის საიუბილეო გამოფენაზე. ვეტცელები ასევე ფლობდნენ ლუდის რესტორანს, რომელიც მდებარეობდა რაისის სახერხ ქარხანასთან ახლოს.
ვეტცელები ფლობდნენ როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე სავაჭრო და საწარმოო ობიექტებს. მათი უძრავი ქონება, ძირითადად, თბილისის კოლონიასა და ალექსანდერსდორფში იყო თავმოყრილი.
1897-1900 წლებში ფრიდრიხ ვეტცელმა სასტუმრო ააგო მისივე მიწის ნაკვეთზე, მიხეილის პროსპექტისა (ახლა დავით აღმაშენებლის პრ. #103). და ქსენიას (ახლა ზ. ჭავჭავაძის) ქუჩის კუთხეში, პროექტი მან შეუკვეთა თბილისში მოღვაწე გერმანელ არქიტექტორს, ლეოპოლდ ბილფელდს (1838-1921). ვეტცელების ოჯახი ბილფელდის ხშირი დამკვეთი იყო. მისი დაპროექტებულია ფრიდრიხ ვეტცელის რამდენიმე საცხოვრებელი სახლი თბილისში.
“ვეტცელი” XX საუკუნის დასაწყისიდან მტკვრის მარცხენა ნაპირის საუკეთესო სასტუმრო გახდა. სამსართულიანი მანსარდიანი შენობა მდიდრულად არის გაფორმებული ბაროკული არქიტექტურის ელემენტებით. გეგმით ის ასო U-ს მოყვანილობისაა. შუა, მთავარი ნაწილი მიმართულია პროსპექტის მხარეს, მარჯვენა ფრთა - ქსენიას ქუჩისკენ, ხოლო მარცხენა - კვარტლის სიღრმეში.
ფ. ვეტცელმა, რომელიც შენობის პატრონიც იყო და სასტუმროსიც, ის თავისი დროის ყველა შესაძლო კომფორტით აღჭურვა. ოთახებში იყო წყლის გათბობა და ელექტროგაყვანილობა. სასტუმროს ჰქონდა ლიფტი, საბილიარდე, კეგელბანი და ორი რესტორანი, მათ შორის ერთი, სარდაფის სართულში - "გერმანული სტილის” მხატვრობით გაფორმებული. შემდგომში ამ რესტორანმა ცალკე სახელიც მიიღო - “გერმანია’. მაგრამ მთავარი, რაც “ვეტცელს” თბილისის სხვა სასტუმროებისგან გამოარჩევდა, იყო მის მარცხენა ფრთაში მოწყობილი თეატრი, რომელშიც პერიოდულად სხვადასხვა დასები მართავდნენ წარმოდგენებს. ხშირად აქ საქორწინო და სხვა ზეიმებიც ეწყობოდა. სასტუმროს ჰქონდა ბაღიც, რომელშიც 1901 წლის ზაფხულში კონცერტებს მართავდა ოპერის თეატრის ორკესტრი.
იმავე 1900 წელს, ბილფელდისავე პროექტით, სასტუმროს ქსენიას ქუჩის მხრიდან მიშენდა ორი დაბალი ფლიგელი. ერთი მათგანი განკუთვნილი იყო მომსახურე პერსონალისთვის, მეორე - სამანქანო განყოფილებისთვის.
1904 წელს, ფრიდრიხ ვეტცელის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობა გადავიდა მის შვილებზე, რომლებიც ერთხანს განაგრძობდნენ მამის მიერ წამოწყებულ სამეწარმეო საქმიანობას. მოქმედებდა სასტუმროც და ლუდის ქარხანაც. ფრიდრიხ ვეტცელის შვილები ლუდთან ერთად უშვებდნენ კათხებს, რომელზეც იყო წარწერა Пивоваренный Завод Насл. Ф. К. Ветцель. მაგრამ როგორც ჩანს მათ დიდხანს ვერ შეძლეს მამის მიერ დატოვებული ქონების მართვა და მისი დიდი ნაწილის გაყიდვა მოუხდათ. გაიყიდა ქარხანა, რამდენიმე სახლი თბილისში და სასტუმრო.
1911 წელს სასტუმრო შეიძინა ფ. ვეტცელის ყოფილმა ხელქვეითმა, იმხანად შეძლებულმა მეწარმემ ნოე სიხარულიძემ, რომელმაც შენობა საფუძვლიანად გადააკეთა და გააფართოვა. აღებულ იქნა ფლიგელები ქსენიას ქუჩაზე და მათ ხარჯზე მარჯვენა ფრთა შესამჩნევად დაგრძელდა. პროსპექტის მხრიდან, მთავარ ფასადზე სასტუმროს მიაშენეს დიდი ვერანდა, გაკეთდა ხელოვნური მღვიმეები პირველ და მეორე სართულებზე, მთავარი შესასვლელი გაფორმდა მუზარადიანი ჰერმესის სკულპტურებით.
1915 წელს ნოე სიხარულიძემ სასტუმროს თავისი სახელი - “ნოე” დაარქვა. 1928 წელს მას “ევროპა”ეწოდა. ცოტა ხნის შემდეგ ის დახურეს, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კვლავ გახსნეს, ამჯერად “რუსთავის” სახელწოდებით. 1970-იან წლებში სასტუმრო ისევ დაიხურა. მას შემდეგ შენობა ეკავა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს. ამჟამად ის დაცლილი და გაპარტახებულია.
სასტუმრო “მადერი”
მადერები თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და თვალსაჩინო გერმანული გვარია. მათი წინაპრები აქ პირველ კოლონისტებთან ერთად ჩამოვიდნენ. ფრიდრიხ და ხრისტიან მადერები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომელთაც 1824 წელს ქალაქის პოლიციაში შეიტანეს თხოვნა გასაქირავებელი ეკიპაჟების შენახვაზე. 1850-60-იან წლებში ფრიდრიხ, იოჰან და ფრიც მადერები იყვნენ კარეტებისა და ეკიპაჟების ოსტატები და მთავარი მიმწოდებლები თბილისში. ისინი რიყეზე ცხოვრობდნენ, სადღაც ზალცმანის სახლის მახლობლად. 1850 წლიდან მადერები ასევე აწარმოებდნენ ლუდს, რომელიც წარმატებით იყიდებოდა მთელ კავკასიაში. 1900-იან წლებში ლუდის ქარხნის მფლობელი ლუიზა მადერი გახდა, ამავე პერიოდში ლუიზა მადერმა გახსნა სასტუმრო “მადერი”, რომელიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნის თბილისში მაღალი რეპუტაცია ჰქონდა.
სასტუმრო “მადერი” თავიდან მიხეილის (ახლანდელი აღმაშენებლის) პროსპექტის #114-ში გაიხსნა დაახლოებით 1890 წელს. იმხანად ეს იყო ორსართულიანი შენობა ლითონის აივნებით მთავარ ფასადზე და მაღალი სხვენით. 1890-იან წლებში ის მთლიანად გადაკეთდა და სამსართულიანი გახდა. ფასადმა ნეორენესანსული იერი მიიღო. ამის შემდეგ მოკლე ხანში სასტუმრომ გადაინაცვლა იმავე სახლის ეზოს სიღრმეში მდგარ ორსართულიან შენობაში (ახლანდელი აღმაშენებლის პროსპექტი #114ა). ეს ორივე შენობა დღესაც არსებობს.
1910 წელს სასტუმრო “მადერი” გადავიდა პრჟიბილის სახლში კირხეს (ახლანდელი მარჯანიშვილის) ქუჩის #20-ში. იმხანად მას ხელმძღვანელობდა წერეთელი. განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებდა “მადერის” რესტორანი, რომელიც 1918 წლიდან თბილისის პირველი შრომითი არტელის საკუთრება გახდა.
ავტორი : დავით ხოშტარია
german-georgian.archive.ge