ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული იარაღის მუზეუმი ახალ მისამართზე-რას ნახავს ისტორიულ შენობაში დამთვალიერებელი
05 ივნისი, 2023

თბილისში, სიონის ქუჩის N8 ნომერი, დედაქალაქის ისტორიული ცენტრია, რომელიც ტურისტული მარშუტის ძირითად ღერძზე მდებარეობს. უწინ, თბილისში ქარვასლები უმეტესად სიონის ტაძრის ირგვლივ იყო თავმოყრილი. სიტყვა „ქარვასლა“ სპასულ-თურქული წარმოშობისაა და ქარავნის სახლს ნიშნავს. ის აღმოსავლეთის ქვეყნებში სახალხო დაწესებულებას წარმოადგენდა, როგორც ვაჭრებისთვის, ისე შორ მანძილზე მოგზაურთათვის. 

დღეს თბილისში არსებულ ქარვასლებს შორის ყველაზე ცნობილი ე.წ. არწრუნის, იგივე თბილელის ქარვასლაა (სიონის ქ. N 8). ამ ადგილას პირველი ქარვასლა მე-17 საუკუნეში როსტომ მეფემ ააგო, თუმცა, შენობა, ახლომდებარე სხვა ქარვასლების მსგავსად, აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობას შეეწირა. განადგურებული შენობის ადგილას, უკვე მე-19 საუკუნეში, ძველ საძირკვლზე ის ნაგებობა გაჩნდა, რომელიც დღემდე არსებობს. 

მრავალთაგან აქ ერთი საინტერესო სივრცეა - ქართული იარაღის მუზეუმი, რომელიც არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლებისათვის  შემეცნებით დატვირთას ატარებს. ტრადიციული ქართული სამოსის ნიმუშები, ხმლები, ჯარისკაცების კოლექცია, ისტორიული ფოტოები, მდიდარი ბიბლიოთეკა ქართულ იარაღსა და საბრძოლო ხელოვნებაზე, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ყველაფრისა, რაც შეიძლება დამთვალიერებელმა იარაღის, ეთმოგრაფიისა და ჯარისკაცუნების მუზეუმში იხილოს. 

მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ კონტაქტურია, ანუ შეგიძლია ნებისმიერ ისტორიულ ნივთს ხელით შეეხო, სამოსი მოირგო და ფოტოები გადაიღო. „კლასიკური“ მუზეუმებისგან  განსხვავებულ სივრცეში, სტუმრებს მასპინძლობას ეთნოგიდი და იარაღების მუზეუმის დამაარსებელი, დავით ნასარიძე იგივე „ჩოხა“ უწევს. ის 2017 წლიდან დღემდე, ყოველდღიურად ქართულ ტრადიციული სამოსს ატარებს. ჩვენი ქვეყნის წარსულის უკეთ გასაცნობად, ეთნოგიდი თავის კოლექციაში არსებულ უამრავ ისტორიულ თუ თანამედროვე დროს შექმნილ ნივთს,  ყველა მსურველს თავად აცნობს და ამ გზით, ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას ეწევა. 

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, მუზეუმის კოლექცია სხვადასხვა ნივთით გამდიდრდა. მათ შორისაა: იარაღი, - უმთავრესად ხმლები, აბჯრები, თოფის ლულები, ჯარისკაცების ფიგურები, წიგნები და ამ ეტაპზე ჩემს ბიბლიოთეკაში უკვე 1200 წიგნია: მსოფლიო ომებზე, მხედართმთავრებზე, იარაღზე, წიგნები საქართველოს სამხედრო ისტორიაზე, მათ შორის არის როგორც ქართული, ისე უცხო ენაზე გამოცემული ნიმუშები.

მუზეუმის სტუმრებისთვის დავამატე თამაშები ბავშვებისათვის. 20-დან 10 კითხვაზე სწორ პასუხს თუ გამცემენ, ძველებური ხანჯლებით ვასაჩუქრებ. ინტერაქტიური თამაში მომზადებული მაქვს ტურისტებისთვისაც, თუმცა მათ შორის მოსწავლეები ცოტაა და ამიტომ ამ მიმართულებით უმთავრესად ადგილობრივ სტუმრები ინტერესდებიან - სხვადასხვა სკოლები და კლასები. კითხვები ჩვენი ისტორიიდან, ეხება ეროვნულ სამოსს, საბრძოლო იარაღებსა და ა.შ. მაგალითად: რა ერქვა ძველად ჩანთას, რატომ არის საქილეები თეთრი ფერის, რისთვის გამოიყენებოდა ყაბალახი, რა განსხვავებაა უნაგირებში, რა დანიშნულება აქვს აკვანში შიბაქს, ბოლო კითხვას კი ჩიჩილაკზე ვსვამ. ამგვარი თამაშებისას, ბავშვები საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას იღებენ. ბოლოს შეხვედრა ფოტოსესიით სრულდება, სადაც მსურველები ფოტოებს ხმლით, მუზარადებითა და ჯაჭვის პერანგებით იღებენ. 

ასევე აქტიურად ვთანამშრომლობ მჭედლების გილდიასთან, ვაწყობ გამოფენებს, ვდგამ ბრძოლის სცენებს. ეს არის სამხედრო რეკონსტრუქცია და დიდგორობის, კრწანისობის, ტაშისკარობის, მარტყოფობის, ასპინძობის, მარაბდეობისა და ერეკლეობის დღესასწაულზე, დამთვალიერებელს ვუხსნი, თუ როგორი იყო იმ პერიოდის ისტორიული იარაღი და ვესაუბრები ეპოქაზე.

ვინაიდან, ჩემი მუზეუმი ისტორიულ შენობაშია და ის თავისთავად სამუზეუმო სივრცეს წარმოადგენს, ეს ადგილი საინტერესოა რამდენიმე მიმართულებითაც:  შენობაში ფუნქციონირებს თბილისის ცენტრალური მუზეუმი, ხოლო ჩემს გვერდით ღვინის მუზეუმი. ამ უკანასკნელთან ხშირად ვთანამშრომლობ და იმ სკოლის მოსწავლეებსა და ტურისტებს, ვისაც ქართულ კულტურის გაცნობა სურს, ერთმანეთთან ვამისამართებთ“ - აღნიშნავს დავით ნასარიძე. 

დაბოლოს, აქვე უნდა განიმარტოს, რომ აქამდე ქართული იარაღის მუზეუმი აბანოს ქუჩის N13-ში ფუნქციონირებდა, გაზაფხულიდან დღემდე კი მისი ახალი მისამართია სიონის ქუჩა N8. დაგეგმეთ ვიზიტი ქართული იარაღის მუზეუმში, დაათვალიერესთ ისტორიული შენობა, საინტერესოდ გაატარეთ დრო და აღნიშნული ექსკურსია ფოტოებზე აღბეჭდეთ. 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.