აჭარა
|
არქეოლოგია
აჭარა არქეოლოგიური თვალსაზრისით საკაცობრიო ცივილიზაციის მეტად საინტერესო რეგიონთა რიცხვს განეკუთვნება. პირველი დასახლებები ძველი ქვის ხანიდან გაშენებულა. როგორც ზღვის პირა ზოლში, ასევე მთიანეთში მრავლადაა აღმოჩენილი ახალი ქვის ხანის ძეგლები. ამ მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ ძველი აღმოსავლეთის, ბალკანეთის, ეგვიპტისა და ჩინეთის მსგავსა და ადრეული ეპოქებიდან(ძვ.წ. VIII-VII ათასწლეულები) ჩვენს მხარეშიც დაწყებულა მითვისებითი მეურნეობიდან მწარმოებლურ, კულტურულ მეურნეობაზე გადასვლა. ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანაში(ძვ.წ. V-III ათასწლეულები) სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, მისი უმთავრესი არტერია ჭოროხის აუზი შედიოდა მსოფლიოს უძველესი მეტალოგენური კერების (კარპატები, ურალი, ტიან-შანი და სხვ.) რიცხვში. შუა ბრინჯაოსა და გვიან ბრინჯაოს ადრეული ეტაპისათვის (ძვ.წ. II ათასწლეული) ეს მხარე იქცა ტომობრივი კოლხური კულტურის სამშობლოდ.
უძველეს სახელმწიფოებრივ გაერთიანებებთან დიაოხსა და კოლხასთან უნდა იყოს დაკავშირებული ბერძნული მითი არგონავტების შესახებ. მდიდარი არტეფაქტებია გამოვლენილი ჩვენს ტერიტორიაზე რკინის მეტალურგიის უძველესი კერების ძიების მიზნით (ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევარი). არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ჩანს, რომ აქ მოსახლე ხალხებმა დიდი წვლილი შეიტანეს კოლხეთის სამეფოს ფორმირებაში, ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სულიერი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებით მდიდარი მასალაა მოპოვებული ბერძნულ და რომაულ სამყაროებთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კვლევისათვის. ჩვენი მუზუემის ფონდებში დაცულია კოლხური თუ უცხოური სამეთუნეო ნაწარმის, ტორევტიკის, საიუველირო ხელოვნების-ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, სხვადასხვა სახის ფერადი მინის ჭურჭლის, ადგილობრივი და უცხოური მონეტების მდიდარი კოლექციები, ასევე მომდევნო ეპოქების- ადრეული განვითარებული და გვიან შუა საუკუნეების ნივთიერი კულტურის ძეგლებიც.
|