ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბაგრატის ტაძარი
იმერეთი
უქიმერიონის გორაზე აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ III-ის მიერ (978-1014 წწ.) ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ბაგრატის საკათედრო ტაძარი ქ. ქუთაისის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. აქ ტარდებოდა ქართველ გვირგვინოსანთა მეფედ კურთხევის ცერემონია, გვირგვინდამრქმელი კი ქუთათელი ეპისკოპოსი იყო. ტაძრის ჩრდ. კედლის წარწერის თანახმად, ტაძრის მშენებლობა 1003 წ. დასრულებულა. ბაგრატის ტაძარს სვეტიცხოვლის, ოშკის, ალავერდის მსგავსად, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული არქიტექტურის ისტორიაში. იგი X-XI სს-ის ქართული ხუროთმოძღვრული სტილის უბრწყინვალესი ნიმუშია. არსებობს ვერსიები XI ს-ის საქართველოს მეფეთა (გიორგი I, ბაგრატ IV) ამ ტაძარში დაკრძალვის თაობაზე.
XI საუკუნის პირველ ნახევარში ტაძარს სამხ­რეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუ­ქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს, რომლებიც ძეგლს XIX საუკუნის 30-იან წლებამდე ჰქონდა შემორჩენილი. ბაგრატის ტაძარი მდიდრულადაა შემკული ჩუქურთმებითა და ორნამენტებით, განსაკუთრებით სარკმლის თავებისა და კარიბჭეების მორთულობა. ბაზისები და სვეტისთავები კი რელიეფური გამოსახულებებითაა შემკული. იატაკი გაფორმებული ყოფილა მოზაიკით.
სამწუხაროდ, ამჟამად ტაძარი ძლიერ დაზიანებულია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1692 წელს ოსმალებმა ტაძრის გუმბათი დააქციეს. დროთა განმავლობაში მისი ნგრევა გრძელდებოდა. ამჟამად დაფუძნებულია `ბაგრატის ტაძრის აღდგენის ფონდი, რომლის მიზანია ტაძრის რეკონსტრუქცია თანამედროვე ტექნოლოგიების ფორმატით. 1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული საგანძურის ძეგლთა სიაშია. 1995 წელს ტაძარში აღდგა ღვთისმსახურება. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ძეგლის სრული რესტავრაცია.
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.