ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბახიოთი
იმერეთი

მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს, მდინარე ყვირილას შენაკადების მდინარე იზვარასა და ლაშურას,  აგრეთვე მდინარე ძირულას მარჯვენა შენაკად დუმალას წყალგამყოფზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება არგვეთის თემის სოფლები: მახათაური და შალაური. სამხრეთით - სოფელი კორბოული. დასავლეთით _ მდინარე ლაშურას ხეობა და სოფელი გორისა. აღმოსავლეთით შემოსაზღვრულია მდინარე იზვარას ხეობით და არგვეთის თემის სოფელ ცხამით.

სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწი-ლში, მდინარე იზვრას ხეობაში სიმაღლე 780 მეტრი, ბახიოთის ყველაზე მაღალი ადგილია სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შემაღლებული გორა სიმაღლე ზ.დ. უკიდურესი სამხრეთი ნაწილი, საზღვარი სოფელ ბახი-ოთთან, მდინარე იზვარასა და ლაშურას წყალ-გამყოფი ხაზი, ზ.დ. 945 მეტრი. სოფლის ცენტრის სიმაღლე ზ.დ. 860 მ. ბახიოთი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება საშუალოდ 3_3,5 კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 3კმ-ზე. ბახიოთი შედის არგვეთის თემში, მანძილი საკრებულოს ცენტრამდე 6 კმ-ია, ხოლო მანძილი ქ. საჩხერემდე 13 კმ-ი, სოფელში ცხოვრობს 119 კომლი 366 სულით.

სოფელში გავრცელებული ძირითადი გვარებია: ერაძე (გვარი ერაძე დამოუკიდებლად ნაწარმოები გვარია. ილია მაისურაძე წიგნში „ქართული გვარსახელები“ წერს: „ერაძე – ფარახეთი, ონის რაიონი; საკუთარი სახელი – ერა“. ამავე ძირისაა გვარი ერიაშვილი. „ერაძენი ბობოთას მცხოვრებნი. ბაგრატ მეფემ მათი შეწირულება განუახლა მთის წმიდა გიორგის ეკლესიას იმ პირობით, რომ ღაღანიძესა და ძაგანიშვილს მათზე უფლება არ ჰქონოდათ (1463-1478 წლები)“. საქართველოში 1 455 ერაძე ცხოვრობს, თბილისში – 584, ქუთაისში – 245, ტყიბულში – 170. არიან სხვაგანაც). გელაშვილი (გავრცელებული გვარია იმერეთში, ქართლში, კახეთში და სხვ. შედგება საკუთარი სახელისგან გელა. ამავე ძირისაა: გელავა, გელაძე, გელეიშვილი, გელეხავა, გელიკაშვილი, გელოვანი… წარმოქმნის თვალსაზრისით გელა ძირის პროდუქტიულობა აყენებს საკითხს მის ეთნონიმურ წარმომავლობაზე. ბერძნულ წყაროებში მოხსენიებული სკვითური ტომის სახელწოდება გელა, გელონი, გელონოი, გელონოსი, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართველებთან ურთიერთობაში მყოფი, მათი მეზობელი ტომთაგანი უნდა ყოფილიყო. გელაშვილების ბუდე-ადგილად სოფ. ნადაბური ითვლება; გადმოცემით გელაშვილების სალოცავი ტაძარი გელათი ყოფილა); აგრეთვე გავრცელებული გვარებია: მაჭარაშვილი, კაპანაძე, გულიაშვილი (ქართულ ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება XVI-XVII  სს. წარმოებული გვარია ვაჟის სახელიდან - გულია), ლაკლაკიშვილი, ბუსხრიკიძე, მაქაძე,  სისვაძე, ძინძიბაძე, ხვედელიძე.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგია: მიწათმოქმედება და მეცხოველეობა, სოფლის ტერიტორიიდან გამოედინება მდინარე ლაშურა,  აგრეთვე მდინარე იზვარას და დუმალას შენაკადები.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.