ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
დურევი
იმერეთი

მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე იზვარას (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ზემო წელში. ჩრდილოეთით ესაზღვრება არგვეთის თემის  სოფელი ეთო_ეხვევი. სამხრეთით _ არგვეთის თემის  სოფელი დურევი, მდინარე ნაცერცვალის ხეობით (მდინარე იზვარას მარცხენა შენაკადი). დასავლეთით _ სოფელი იტავაზა. აღმოსავლეთით შემოსაზღვრულია უზარმაზარი ტყის მასი-ვითა და სათიბ საძოვრებით.

სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია, მდინარე იზვარას ხეობაში, სოფლის დასავლეთ ნაწილში, სიმაღლე ზ.დ. 780 მეტრი, მაქსიმალური ადგილია (სათიბ-საძოვრების ჩათვლით), უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი,  მდ. მდ. იზვარასა და ნაცერცალის (ყვირილის აუზი) წყალგამყოფი სერი, ზ.დ. 1091 მეტრი

სოფელი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება საშუალოდ 6კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (სახნავ_სათესი, ტყისა და საძოვრების ჩათვლით) დაახლოებით 4 კმ-ზე. ცხამის ცენტრის სიმაღლე ზ.დ. 880 მეტრია.

სოფელი დურევი 1952 წელში მთელი თავისი მოსახლეობით, სუსხიან დეკემბერში, მარნეულის რაიონში გადასახლეს. ამ სოფელს „წერეთელი“ უწოდეს და დღესაც ასეა ცნობილი, თუმცა ხშირად დურევადაც მოიხსენიებენ. სოფელში თბილი და საოცრად იუმორით დაჯილდოვებული ხალხი ცხოვრობს. სოფელ დურევის წარმოშობის ისტორია მრავალფეროვანია. სოფელი მაღალმთიანია, რაიონიდან 12კმ არის დაშორებული, აქვს ლამაზი ბუნება და არაჩვეულებრივი წყაროები. ამ სოფელში ამჟამად ორმოცდაათი ოჯახი ცხოვრობს. ნადირაძეები, ხარშილაძეები და ჭოხონელიძეები, თუმცა ერთი ორი სხვა გვარის მოსახლეებიც არიან.

სოფელ დურევში გავრცელებული გავრია ნადირაძე, ნადირაძეების გვარის ფუძეა კაცის საკუთარი სახელი ნადირა. „ნადირაძე შაქარაი, ჩაქვს მცხოვრები, ის გიორგი გურიელმა უწყალობა ბოქაულთუხუცესს თავდგირიძეს“ (1664-1677 წლები). ასან ნადირაძედანაა გაჩენილი გვარი ასანიძე. ასან (ჰასან) თურქულია და შემოსულია ქართველებთან. ფუძით ასან, ხასან-ასან – კარგს, ლამაზს უხმობენ არაბები, ხოლო თურქების ენაზე ასან-ხასან ითარგმნება, როგორც „წითელი“. დამოუკიდებლად არსებობს გვარები: ასანიშვილი, სანიშვილი, ასანბეგიშვილი, აჭარელი ასანიძენი. ქართულ საისტორიო წყაროებში ასანიძენი პირველად მეთექვსმეტე საუკუნიდან ჩანან – ლიხთ-იმერეთს. „ამირეჯიბ გაბელისძეთა ულუმბოს მონასტრისთვის ბოძებულ შეწირულობის ნუსხაში მოიხსენიებიან მამია და ჯანიბეგ ასანიძეები, როგორც გუჯარასა და ჯრუჭულას შორის მდებარე მამულიდან სააღაპე გამოსაღების ამღებნი“. შემდგომში ასანიძეები შიდა ქართლშიც გამოჩენილან. მეჩვიდმეტე საუკუნის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში მოიხსენიება აბანოს სასახლის მოსახლე ასანიძე ქიტია თავისი სამი ვაჟით. საქართველოში ასანიძეები ცხოვრობენ: ზემო იმერეთში, ოდიშში, გურიაში, აჭარაში, ქვემო და შიდა ქართლში, ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ძირის, ლაგოდეხის, ჭიათურის, ოზურგეთის მხარეში. საქართველოში 5 166 ნადირაძე ცხოვრობს: თბილისში 1 285, საჩხერეში – 557, სამტრედიაში – 547. 2 747. გვარი ხარშილაძე გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ხარშილავა და ხარშილაძე ერთი და იგივე გვარ-სახელია. გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ხარშილა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ხარშილაძე იმერეთიდან იღებს სათავეს. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ხარშილაძეები მარნეულის რაიონში გადავიდნენ საცხოვრებლად. ხარშილაძეები ქვემო ქართლში აზნაურები იყვნენ მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში. 1721 წლის აღწერით, ბეჟან ხარშილაძე თავად ქაიხოსრო სოლოღაშვილის მემამულე, ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა საკვირეთში. საქართველოში 1 716 ხარშილაძე ცხოვრობს: საჩხერეში – 299, მარნეულში – 259. არიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და სხვაგანაც.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.