მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს, მდინარე ლაშურას მარცხენა მხარეს სათავეში. ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი მერჯევი და სოფელი არგვეთი. სამხრეთით _ სოფელი გორისა. დასავლეთით _ სოფელი მერჯევი. აღმოსავლეთით _ მდინარე ლაშურას ხეობა, სოფლები: მახათაური და არგვეთი.
სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ლაშურს ხეობაში, ზ.დ. 565 მეტრი, ხოლო უმაღლესი ადგილია, უკიდურესი სამხრეთი ნაწილი, სოფელ გორისასთან ზ.დ. 700 მეტრი. ცენტრის სიმაღლე ზ.დ. 620 მეტრია.
გამოღმა არგვეთი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება საშუალოდ 2-2,5 კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 3კმ-ზე.
სოფლის სახელწოდება უკავშირდება სოფელ არგვეთის წარმოშობას, არგვეთი ანუ მარგვეთი ისტორიული სახელწოდებაა, ოღონდ წინათ ეს სახელი რქმევია არა მხოლოდ ერთ ან ორ სოფელს, არამედ მთელ მხარეს, ქვეყანას, რომელიც, ძველი ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის, ცნობით, ლიხის მთიდან რიონამდე იყო გაშლილი, ე. ი. დაახლოებით დღევანდელი ზემო იმერეთის ტერიტორიას მოიცავდა. ამ სახელის მიხედვით ნაწარმოებია გვარები: მარგველი, მარგველაძე, მარგველაშვილი. მარგვეთ-ში მ თავსართია, ხოლო ეთ - ქართულ გეოგრაფიულ სახელებში გავრცელებული სუფიქსი. ამრიგად, ფუძედ გვრჩება არგვ. იგივე ფუძე გამოიყოფა სიტყვაში მ-არგ-ალი (”მ-ეგრ-ელ-ი”) საწინააღმდეგო მოსაზრების თანახმად სიტყვა „მ-არგ-ალი" მიღებულია მ-აგრ-ალის მეტათეზისით და ნიშნავს ეგრისელს და არა არგვეთელს. ამდენად "მარგალში" "არგ" ფუძე არაა იგივე, რაც "არგვეთში", არამედ განსხვავებული, "აგრ" ფუძეა.
სოფელი გამოღმა არგვეთი სოფელ არგვეთისგან მოშორებულია დაახლოებით 2 კმ-ით, მდებარეობს მდინარე ლაშურას გამოღმა და ამიტომაც დაერქვა გამოღმა არგვეთი. გამოღმა არგვეთი შედის გორისის თემში. თემის ცენტრამდე მანძილი 3 კმ-ია, ხოლო ქალაქ საჩხერემდე 7 კმ. ცხოვრობს 315 კომლი, 864 სული მცხოვრებით. გავრცელებული გვარებია: მარგველაშვილი (გვარის ფუძეა სადაურობის სიტყვა მარგველე (მარგველა), მიღებულია სოფლის და ძველი მნიშვნელობით მთელი მხარის (ზემო იმერეთის) სახელწოდებისგან – არგვეთი. ამავე აგებულებისაა გვარები: მაჩაბელი, მაწყვერელი, მარადელი და ასე შემდეგ. ამავე ძირისაა გვარები: მარგველანი, მარგველაძე, მარგველაშვილი, მარგველიძე. მარგველაშვილები იყვნენ აზნაურებიც. საქართველოში 2 164 მარგველაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 823, თბილისში – 332, წყალტუბოში – 252., კურცხალია (გვარი კურცხა პირსახელია. მეცხრამეტე საუკუნეში კურცხაი ლოგუას ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო გადასახადი. კურცხალი ცრემლსაც ნიშნავს. მეგრულში კურცხ – მკვირცხლს, მღვიძარს აღნიშნავს. გვარი კურცხალია ძირითადად იმერეთშია გავრცელებული, სამეგრელოში კი იშვიათად გვხვდება. ზაალ წერეთლის მიერ, ქაიხოსრო წერეთლისთვის მიცემული ყმა-მამულის ნაყსიდობის წიგნის მოწმე 1680 წელს, ერთ-ერთი საბუთის მიხედვით, ყოფილა ფირან კურცხალია. იმერელი კურცხალიები აზნაურები იყვნენ. მეთვრამეტე საუკუნის 40-იან წლებში ცხოვრობდნენ არგვეთში, ზოვრეთში, მარელისში, საქაში. გვარი კურცხალაშვილი კი დაფიქსირებულია სოფელ ზოვრეთში. საქართველოში 402 კურცხალია ცხოვრობს: ზესტაფონში – 93, თბილისში – 86, ქუთაისში – 53. არიან სხვაგანაც); აგრეთვე გავრცელებული გვარებია: შეყლაშვილი, გვიანიძე, გულიაშვილი, კიპაროიძე, თურმანიძე, ხარშილაძე.
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მევენახეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა. არის საბაზო სკოლა. სოფლის ცენტრში მდებარეობს გამოღმა არგვეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (გვიანი შუასაუკუნეები). სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორაზე გაედინებიან მდინარე ყვირილას მარცხენა შენაკადი ლაშურა.
ავტორი: გიორგი დვალაშვილი
ყველა უფლება დაცულია