ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ღოდორა
იმერეთი

მდებარეობს მდინარე ძირულას ხეობაში, მდინარის მარცხენა მხარეს. ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი ლიჩი, სამხრეთით _ სოფელი ვაკისა. დასავლეთით _ სოფელი ლიჩი და მდინარე ძირულას ხეობა, აღმოსავლეთით ლიხის ქედის დასავლეთი ფერდობი ტყის უზარმაზარი მასივით.

სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ძირულას მარცხენა შენაკადის ღოდორულას ხეობაში, სიმაღლე ზ.დ. 750 მეტრი, ხოლო მაქსიმალური ადგილია, უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, სოფლის ტყის ტერიტორიაზე ზ.დ. 970 მეტრი. სოფლის ცენტრის სიმაღლე ზ. დ. 770 მეტრია.

სოფელი ღოდორა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება ხეობის გაყოლებით საშუალოდ 2-3 კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ტყის მასივის ჩათვლით, დაახლოებით 5-6 კმ-ზე.

   სოფელი ღოდორა შედის ჭალოვნის თემში, მანძილი  ცენტრამდე 7 კმ-ია, ხოლო მანძილი ღოდორადან ქალაქ საჩხერემდე 41 კილომეტრია, ღოდორას მოსახლეობის რაოდენობა 2007 წლისათვის შეადგენდა 60 კომლი 200 სული მცხოვრებით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით კი 197 მაცხოვრებელი იყო, აქედან 96 იყო კაცი, ხოლო 101 მაცხოვრებელი იყო ქალი. სოფელში არ არის საჯარო სკოლა, სკოლით სარგებლობს სოფელ ლიჩში, მანძილი სკოლამდე 5 კმ-ია.

სოფელ ღოდორაში გავრცელებული გვარებია: ტეფნაძე, ხარაიშვილი, ტაბატაძე, ტალახაძე, კუსიანი, ლომიძე, მაჭარაშვილი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სოფელში არის აქაური გვარის წარმომადგენელი დასახლებული, რომელთა უმრავლესობა დღესაც არ ივიწყებს წინაპართა ფუძეს.

სოფლის ტერიტორიაზე არის XIX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი, რომლის შემოგარენში ყოველწლიურად მაისის თვეში იმართება სახალხო დღესასწაული ვარდობა. სოფელ ღოდორას აღმოსავლეთით 6 კილომეტრის მოშორებით არის უბანი დედაბერა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინათ მჭიდროდ დასახლებული სოფელი იყო,  მოსახლეობის ინტენსიური მიგრაციის გამო დღეისათვის აქ მუდმივი მოსახლეობა არ შეინიშნება. დედაბერადან აღმოსავლეთით 4 კმ-ში არის ულუმბოს მამათა მონასტერი, მიქაელ ულუმბოელი – საეკლესიო მოღვაწე,  ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი. საქართველოში მოვიდა VI საუკუნის შუა წლებში სხვა ასურელ მამებთან ერთად დააარსა ულუმბოს მონასტერი, იყო მისი პირველი წინამძღვარი. დასაფლავებულია იქვე. ხსენების დღე არის ძველი სტილით 3 მაისი, ახალი სტილით - 16 მაისი.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.