მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი საჩხერე. სამხრეთით და დასავლეთით სოფელი ჻ქორეთი. აღმოსავლეთით _ სოფელი საირხე.
სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სიმაღლე ზ.დ. 450 მეტრი, ხოლო მაქსიმალური წერტილია, უკიდურესი სამხრეთ_აღმოსავლეთი ნაწილი, მოსაზღვრე ადგილი სოფელ ქორეთთან ზ.დ. 560 მეტრი. ცენტრის სიმაღლე ზ. დ. 500 მეტრია.
კალვათა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება (სახნ-ავ_სათესი, საძოვრებითა და ტყის ზოლის ჩათვლით) საშუალოდ 3კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 2_2,5 კმ-ზე
კალვათა შედის საირხის თემში, მანძილი ცენტრამდე 4კმ-ია (საავტომობილო გზით), ხოლო მანძილი ქალაქ საჩხერემდე 3 კილომეტრია, სოფელში ცხოვრობს 202 კომლი, 411 სული მცხოვრებით. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მევენახეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა. სოფელი საჯარო სკოლით სარგებლობს ქალაქ საჩხერეში (3 კმ.).
კალვათის სანახების ზედმეტი სახელებია: ხვადაბუნი. ლაჩხაურა, წერული, უდერძის ბოლო, საყუელი. სოფლის ტერიტორიაზე არის ცივი წყაროები: ჩიკვილაძეების წყარო, გაედინება მდ. ქორეთის წყალი, შუკაკიძის ღელე, ეზიაშვილის ღელე.
ისტორიულ ძეგლებიდან აღსანიშნავია შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია. სოფელ კალვათაში ადგილ სახოველიდან სამასიოდე მეტრის დაშორებით, ჯერ კიდევ 1938 წელს შემთხვევით მიაკვლიეს ბრინჯაოს ექვს თოხს, ორ კოლხურ ცულს და ნახევარსფეროსებური ფორმის ბრინჯაოს ისეთ ზოდებს, რომლებიც სახოველაში მოპოვებული ფორმის ტიგელებშია დაყალიბებული. განძში შემავალი საგნები გარკვეულად მიუთითებს მეტალურგიული წარმოების (გამოდნობა, ჭედვა_ჩამოსხმა) მთლიან ციკლზე.
სოფელ კალვათაში, ჯერ კიდევ 1930 წ. აღმოჩენილი ბრინჯაოს ცულები ლაზათიანად ნახელავ იარაღს წარმოადგენს, რომელთაც დ. ქორიძე კოლხური ცულების მესამე და მეოთხე სახეობაში აერთიანებდა და ზოგადად ძვ. წ.X_VIII საუკუნეებად ათარიღებდა.
სოფელ კალვათაში არის აგრეთვე ახლად გახსნილი აკადემიკოს კოსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმი.
წერეთელი კონსტანტინე გრიგოლის ძე _ ენათმეცნიერი, სემიტოლოგი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი. დაიბადა 1921 წ. 4 თებერვალს. 1937 წ. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შედის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ-აღმოსავლურ ენათა განყოფილებაზე. რომელსაც ამთავრებს 1941 წ. კავკასიურ-აღმოსავლურ ენათა გახრით. იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში სპეციალობით "სემიტოლოგია (ებრაულ-არამეული ფილოლოგია)”. 1946 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია "ურმიული სინჰარმონიზმი”, 1956 წ. _ სადოქტორო "თანამედროვე ასურული დიალექტების შედარებითი ფონეტიკა.” საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების დღიდან (1960)ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. 1991 წ. მისი ინიციატივით თსუ-ში იქმნება ებრაულ-არამეული ფილოლოგიის კათედრა, რომელსაც უცვლელად ედგა სათავეში.
1993 წ. არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად. 1994 წ. დაინიშნა განათლების სამინისტროსთან შექმნილი აღმოსავლურ ენათა სწავლების კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელად. მისი ძალისხმევით შემოიღეს აღმოსავლური ენების სწავლება საქართველოს არაერთ საშუალო სკოლაში. მისმა შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში საფუძველი ჩაუყარა ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას და ბიძგი მისცა მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას. იგი ითვლება არამეული დიალექტოლოგიის მამათავრად. მეცნიერის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ქართულ-აღმოსავლურ ენობრივ და კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობებს. აქ, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ქართულ-არამეული და ქართულ-ებრაული ურთიერთობანი, რომლებიც სათავეს წინაქრისტიანულ ხანაში იღებს. უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე მისი კვლევის ძირითადი ობიექტი იყო ებრაულ-არამეული ეპიგრაფიკა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია კ. წერეთლის პედაგოგიური მოღვაწეობა. სხვადასხვა დროს კითხულობდა კურსებს არაბულში, ებრაულში, არამეულში, სემიტურ ენათა შესწავლის შესავალსა და შედარებით გრამატიკაში. 1979 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, 1989 წელს ნაშრომისათვის "არამეული ენის ზოგადი გრამატიკა” (დაიბეჭდა ქართულ, რუსულ და იტალიურ ენებზე) _ აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის პრემია (კ. წერეთელი ამ პრემიის პირველი ლაურეატია), ხოლო 1998 წელს ნაშრომთა ციკლისათვის "საქართველოს არამეული წარწერები” მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. ცალკეულ სამეცნიერო შრომებში მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი პირველი ხარისხის სამეცნიერო პრემია. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის მედლით, ებრაისტიკაში გაწეული ღვაწლისათვის გადაეცა ისრაელის მეცნიერებათა აკადემიის ჯილდო _ ალბერტ აინშტაინის მედალი. 1993 წელს იტალიაში გამოვიდა მისდამი მიძღვნილი კრებული "სემიტოლოგიური ძიებანი კონსტანტინე წერეთლის პატივსაცემად”. 1981 წელს დაჯილდოვდა "საპატიო ნიშნის” ორდენით, ხოლო 1996 წელს "ღირსების ორდენით”. თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა 1998 წელს. გარდაიცვალა 2004 წელს.
აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის შვილი იყო მხატვარი სოსო წერეთელი. 1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა საქართველოდან თურქეთში გადასვლას შეეცადნენ გეგა კობახიძე, მისი მეუღლე თინა ფეტვიაშვილი, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა და პაატა ივერიელები და გია ტაბიძე. ახალგაზრდებს იმედი ჰქონდათ, თვითმფრინავის ეკიპაჟს დაიყოლიებდნენ და უმსხვერპლოდ შეძლებდნენ თურქეთის ტერიტორიაზე მოხვედრას. მცდელობა ტრაგიკულად დამთავრდა. გია ტაბიძე თვითმფრინავშივე გარდაიცვალა. სოსო წერეთელი ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა. მასთან, როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დათო მიქაბერიძემ კი, როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა. ძმები ივერიელები, გეგა კობახიძე და მამა თეოდორე (საერთოდ არ იმყოფებოდა თვითმფრინავში), სიკვდილით დასაჯეს. 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თინა ფეტვიაშვილსაც. ის ხუთ წელზე მეტხანს იხდიდა სასჯელს.
საბჭოთა სახელმწიფომ ის და მისი მეგობრები ტერორისტებად გამოაცხადა... მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მათი "ტერორისტობა" და რომანტიკული სახელით მონათლეს - "თვითმფრინავის ბიჭები". ეს სახელი დამკვიდრდა კიდეც, არა იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირიდან გაქცევის და თავის დაღწევის სურვილმა ეს ახალგაზრდები თვითმფრინავის გატაცების მცდელობამდე მიიყვანა, უფრო იმიტომ, რომ თითოეული მათგანისთვის არსებობდა ზეაღმატებული სამყარო, რომლისკენ ლტოლვაც შინაგან მდგომარეობად ჰქონდათ ქცეული. სოსო წერეთელი "თვითმფრინავის ბიჭი" იყო... თუმცა მანამდე, ვიდრე ამ საბედისწერო სახელით გაიცნობდა მსოფლიო, მის სამშობლოში, რომლის სატკივარიც თავის არისტოკრატიულ წარმოშობასთან ერთად მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული, იცოდნენ, რომ იზრდებოდა არაჩვეულებრივად კარგი ახალგაზრდა. თვითმყოფადი და საინტერესო მხატვარი იყო. იმ ტრაგიკულ მოვლენას რომ არ შეწირვოდა, დღეს ალბათ მსოფლიოში ეცოდინებოდათ მისი შემოქმედება.
ავტორი: გიორგი დვალაშვილი
ყველა უფლება დაცულია