სოფელ ქარძმანი შედგება ორი სოფლისაგან ზედა და ქვედა ქარძმანისაგან. იგი მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში, მდინარის მარჯვენა მხარეს ზედა ქარძმანი, ხოლო მარცხენა მხარეს ქვედა ქარძმანი. ქარძმანს ჩრდილოეთით ესაზღვრება მდინარე ღებურასა და ყვირილას წყალგამყოფი თოფარას ქედი და ტყის მასივი, სამხრეთით ლიხის ქედის ერთ-ერთ მწვერვალ პერანგას (ზ.დ. 1588 მ.) ჩრდილო ფერდობი ტყის უზარმაზარი მასივით. დასავლეთით _ ჭალის თემის სოფელი პერევი, მდინარე ყვირილას ხეობა. აღმოსავლეთით კი ესაზღვრება მდინარე ყვირილას და მისი მარცხენა შენაკადის გვიზღას ვიწრო ხეობა.
სოფელი ქარძმანი ჩრდილოეთიდან-სამხრეთისაკენ მდინარე ღებურასა და ყვირილას წყალგამყოფი თოფარას ქედის სამხრეთ ფერდობიდან, ანუ სოფელ ზედა ქარძმანის ტერიტორიიდან ლიხის ქედის ერთ-ერთ მწვერვალ პერანგას ჩრდილო ფერდობი ტყის უზარმაზარ მასივამდე ქვედა ქარძმანის ტერიტორიის ჩათვლით საშუალოდ 2კმ_ზე ვრცელდება, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ_სოფ პერევიდან სოფელ ტბეთამდე 2_3 კმ-ზე. სოფელი ძირითადად მდებარეობს მდინარე ყვირილას ხეობის გასწვრივ. სოფელის ყველაზე მაღალი წერტილია - სოფ. ქვედა ქარძმანის სამხრეთით მდებარე ადგილი 1000 მეტრი, ხოლო მინი-მალური წერტილია მდინარე ყვირილას ხეობის ჭალა ზ.დ. 920 მეტრი. სოფლის ცენტრის სიმაღლე ზემო ქარძმანის ტერიტორია, მდინარე ყვირილას და გვიზღვას შესართავი ზ.დ. 940 მეტრია.
სოფელ ქარძმანში 2006 წლისათვის ცხოვრობდა 43 კომლი 132 სულით, აქედან ზედა ქარძმანში ცხოვრობდა 25 კომლი 60 მაცხო-ვრებლით, ხოლო ქვედა ქარძმანში კი 17 კომლი 72 მაცხოვრებლით. სოფელი შედის ჭალის თემში, მანძილი საკრებულოს ცენტრამდე 12 კმ. უახლოესი საჯარო სკოლა არის სოფელ პერევში, მანძილი სკოლამდე 3 კმ-ია.
ქარძმანში გავრცელებული გვარებია: ბახტურიძე, ბურძენიძე, ამირანაშვილი, კუსიანი, ჯოხაძე, ჩხიტუნიძე, ბაგაური, ბაქრაძე, დეკანოიძე, ქიმაძე, ჯუსოევი. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა სოფლის მეურნეობა, მისდევენ მეცხოველეობას, მემეცენარეობას და მეფუტკრეობას. აქაური თაფლი მაღალი ხარისხისაა და მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ ქალაქ საჩხერეში, მანძილი ქალაქამდე 22 კილომეტრია.
სოფელი ქარძმანი ისევე, როგორც სოფელი ტბეთი ისტორიულ წარსულში მდიდარი და მჭიდროდ დასახლებული სოფელი უნდა ყოფილიყო, ამას მოწმობს სოფლის ჩრდილოეთით მდებარე ნასახლარები და ისტორიული ძეგლების ნანგრევები, სოფლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები, ადგილს ფიცარმთას ან ფიცართას უწოდებენ, გადმოცემით აქ ხდებოდა ერთმანეთისადმი შეფიცვა და შემდგომ სალაშქროდ წასვლა. ქარძმანის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ადგილი ხელდახეული, რომელიც საინტერესო წარსულის მქონე ადგილად ითვლება. სოფელ ქარძმანის ტერიტორიაც საჭიროებს დეტალურად შესწავლას.
ავტორი: გიორგი დვალაშვილი
ყველა უფლება დაცულია