ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კაცხის მონასტერი
იმერეთი
კაცხის მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში. ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010-1014 წლებშია აშენებული, ბაღვაშთა ფეოდალური საგვარეულოს მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“). კაცხი მათი საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში (გარდაიცვალა 1064 წელს). ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხებისა და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი გაპარტახდა. მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი XVI ს-ში მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII-XVIII სს-ში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება იყო, XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან სამეფო ხელისუფლების გამგებლობაში გადავიდა.
კაცხს გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი. ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო კარიბჭის ფუნქციით. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი ნაწილისაგან: გარშემოსავლელი, ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი. ტაძარი ექვსაფსიდიანია. ნაგებობა მთლიანად შემკული ყოფილა მდიდრული ჩუქურთმებით, მაგრამ 1854 წელს რუსული ეკლესიის საეგზარხოსოს მიერ ჩატარებული რესტავრაციის შედეგად ჩუქურთმები მოიხსნა, შეიღება ფრესკები. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია.
 
 
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.