ყაზბეგის ეროვნული პარკი ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში, რუსეთის საზღვართან, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ და გვერდით ქედს შორის, თბილისიდან 130 კმ-ზე მდებარეობს. იგი რამდენიმე ტერიტორიისაგან შედგება, რომელთა საერთო ფართობი 8.7 კმ2-ს აღემატება. დაგეგმილია ეროვნული პარკის გაფართოება მისი ნაწილების გაერთიანების ხარჯზე. ეროვნული პარკის ვერტიკალური განაწილება 4 ათას მეტრს აღწევს და მოიცავს როგორც მდინარე თერგის ხეობის, ისე მაღალი მთის ეკოსისტემებს.
ეროვნული პარკის ტერიტორია გამოირჩევა გეოლოგიური აგებულების მრავალფეროვნებით, აქტიური მთათაწარმომშობი და გეოდინამიკური პროცესებით, ლავური ნაკადებით და კანიონისებური ხეობებით, რაც ვულკანური რელიეფისთვისაა დამახასიათებელი.
ყაზბეგის ეროვნული პარკის მცენარეულობა მრავალფეროვნებითა და მაღალი ენდემიზმით (1/4) გამოირჩევა. ტყეები განლაგებულია ციცაბო ფერდობებზე, რაც მაღალ ეკოლოგიურ დანიშნულებასთან ერთად, განუმეორებელ პეიზაჟებს ქმნის. მერქნიანი მცენარეულობიდან ფართოდაა გავრცელებული ლიტვინოვის არყი (Bეტულა ლიტვინოვი) და სოსნოვსკის ფიჭვი (პინუს სოსნოწსკი). მდ. თერგის ხეობაში გვხვდება ქაცვის მნიშვნელოვანი ფართობები, რომელიც მაღალი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
ეროვნული პარკი მდიდარია მაღალი მთის ფაუნის წარმომადგენლებით, რომელთა შორის სიმრავლით მტაცებლები გამოირჩევიან.
ყაზბეგის ეროვნული პარკის ფარგლებსა და მიდამოებში ბევრია მსოფლიო მნიშვნელობის ალპინისტური ობიექტი, რომლებიც სირთულით და სილამაზითაა ცნობილი. რეგიონი ძალიან მდიდარია ისტორიული საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლით, რომელთა შორისაა ადრე და შუა საუკუნეების არაერთი ეკლესია, ციხე-კოშკები და სხვ. განუმეორებელია ადგილობრივ მცხოვრებთა ადათ-წესები და ყოფა-ცხოვრების ტრადიციები. აქვე მდებარეობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია.
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge