სოფელი 1991 წლის 29 აპრილს 13 საათსა და 13 წუთამდე მდებარეობდა ყვირილის მარჯვენა შენაკადის ხახიეთისწყლის ხეობაში, აგრეთვე თედელეთისწყლის მარჯვენა ნაპირზე, დღეისათვის ხახიეთში არავინ არ ცხოვრობს. 1991 წ. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობს თოფარა-საბვის ქედის აღმოსავლეთით. აღნიშნულ ქედს ძლიერ ეცვალა სახე მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა კლდე, რომელმაც გადაკეტა მდ. ხახიათისწყალის ვიწრო ხეობა და წარმოიქმნა 100 მ. სიგანის და 300 მ. სიგრძის სიღრმის ტბა. მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი მასალის ქვეშ მოყვა 20 კომლიანი სოფელი 45 მცხოვრებით. მდინარის დონემ ჩამოშლილი მასალის ხარჯზე აიწია 20 მ. მაღლა. მდ. ხახიეთისწყლის გარშემო ფერდობებზე განვითარდა მთელი რიგი ეგზოდინამიური პროცესები: მეწყერი, ქვათაცვენა, ღვარცოფი, ზვავები და ა. შ.
სოფელ ხახიეთის ტრაგედიის შესახებ, გაზეთი ,,რესპუბლიკა~ (#17, 7. 05. 1991 წ.) წერდა: ,,...20 კომლიანი სოფელი 45 ადამინი, თავისი სახლ- კარმიდამოთი, სახნავ-სათესით, საძოვრებით, მდინარეებითა და ტყე-გარემოთი მთიდან მოვარდნილმა წარღვნამ 15 წამში დაფარა, ქვა _ ღორღისა და ტალახის მასად აქცია!
ბღაოდა ნახირი, თავიანთი სახლის ადგილსამყოფელს ეძებდა სოფლის მცხოვრებთაგან გადარჩენილი რამდენიმე ადამიანი და ცრემლგამშრალი მავედრებელი თვალებით ნუგეშს ითხოვდა... მეზობელ სოფელში ვიყავი და იქიდან ვბრუნდებოდი, გვიყვება ხახიეთის მცხოვრები ხაჯუმარ გაგიევი, რომელმაც მეუღლე და 18 წლის ვაჟიშვილი დაკარგა, სოფელს რომ მივუახლოვდი, აი იქ, _ მთისძირზე მიუთითებს, უცაბედად რაღაც უეცარმა ტალღამ დამარტყა და უმალ გაისმა კიდეც საშინელი გუგუნი, სიზმარში მეგონა თავი; მერე დავინახე, რომ შავი მთა, რომელიც აი იმ ადგილას იყო, _ იგი ჩრდილო-დასავლეთისკენ იშვერს ხელს _ ჰაერში აიჭრა მოპირდაპირე მხრიდან, _ ახლა მან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გაიხედა, _ კუდევის მთა წამოიმართა, ერთმანეთს ჰაერში შეასკდნენ და ხეობაში, სადაც სოფელი იყო, ისეთი ზათქით ჩაიშალნენ, რომ მიწისძვრამ მეც ჰაერში ამაგდო... ღმერთო, სიზმარი იყო ნამდვილად.
ეს იყო მიწისძვრის ეპიცენტრი! აქ მომხდარმა უდიდესმა ბიძგმა, რომელმაც მთლიანად უცვალა სახე გარემოს 3 კვ.კმ. ფართობზე, ზემო იმერეთისა და რაჭის სოფლების კატასტროფული ნგრევა გამოიწვია.
მიწისძვრა მნახველთა მტკიცებით მოხდა მაშინ, როცა ჰაერში ატყორცნილი მთები ხეობაში ჩაენარცხა და სოფელი ხახიეთი სამუდამოდ დამარხა, ამ დარტყმამ მეორედ ძლიერად შეატოკა დედა-მიწა..."
მიწისძვრის შედეგად სოფელ ხახიეთში დაიღუპა 45 ადამინი, მათი ხსოვნის პატივსაცემად ხახიეთიდან ორიოდე კილომეტრში, სოფელ სინაგურში, მიწისძვრის შედეგად იავარქმნილ სკოლის შენობასთან არის ხახიეთის მკვიდრთა საძმო საფლავი.
სოფელი ხახიეთის ტერიტორია დღეისათვის ნაშალის გროვებად არის ქცეული, აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ეგზოგენური პროცესების მიერ აკუმულირებული მასალა. ხახიეთისწყლის ფერდობზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქვათაცვენა, ზვავური, მეწყერული, ღვარცოფული და სხვა პროცესები.
სიტყვა ,,ხახიეთი", როგორც ვარაუდობენ ხახადან მოდის. შესაძლებელია წარსულშიც ჰქონდა ადგილი აქ მსგავს ტრაგედიას.
ავტორი: გიორგი დვალაშვილი
ყველა უფლება დაცულია