ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ქორეთი
იმერეთი

მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ჩრდილოეთით ესაზღვრება  სოფელი კალვათა. სამხრეთით- ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბჟინევი და საირხის თემის  სოფელი ჭორვილა. დასავლეთით _ ჭიათურის  სოფელი ითხვისი და ბჟინევი. აღმოსავლეთით _ სოფელი საირხე და სოფელი ჭორვილა.

სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე შოულეთისწყლის ხეობაში (პასიეთი), სიმაღლე ზ.დ. 440 მეტრი, ხოლო უმაღლესი ადგილია, უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, სოფლის ტყის ტერიტორიაზე ზ.დ. 810 მეტრი. ცენტრის სიმაღლე ზ. დ. 600 მეტრია.

 

ქორეთი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება (სახნავ-სათესი, საძოვრებითა და ტყის ზოლის ჩათვლით) საშუალოდ 4 კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 5 კმ-ზე.

ტურისტული მარშრუტი

ქორეთი-მდ. ყვირილას ხეობა-უდერძის ტაძარი-პასიეთი-ქორეთის ტაძარი-,,ბჟინევის ციხე”-პასიეთის ტბა-სოფ. ქორეთი

ტურისტული ობიექტები:

ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილები: მდ. ყვირილას ხეობა, ,,პასიეთის ტბა”, ,,პასიეთის ხეობა”.

ისტორიული ძეგლები: უდერძის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (ქორეთი) (XIX ს.); ქორეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია (XIს); შარვაძეების მარნები (XIX-XX  ს.ს); ქორეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ღამის თევის ადგილი: მდ. ყვირილას ხეობა, პასიეთი, ქორეთი.

   მარშრუტის ხანგრძლივობა: მინიმალური – 2 დღე, მაქსიმალური _ 3 დღე, საფეხმავლო, სამანქანო, ნაწილობრივ სარკინიგზო.

   ჩატარების დრო: მარტი-ნოემბერი

   მანძილი:11 კმ_საფეხმავლო, 10 კმ _ სამანქანო, 4 კმ-სარკინიგზო.

 

სოფელ ქორეთის მოსახელე სოფელი არის აგრეთვე კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში საკობიანოს თემში. მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის ნაპირზე. ზღვის დონიდან 580 მეტრი, ახმეტიდან 12 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 125 ადამიანი.

ქორეთი არის  სოფლის  ცენტრი. მანძილი ქალაქ საჩხერემდე 5 კილომეტრია, ქორეთის ფართობი 1030 ჰექტარია, სოფელში ცხოვრობს 688 კომლი, 1950 სული მცხოვრებით. გავრცელებული გვარებია: შარვაძე, ლომიძე, გაბაძე, ქამუშაძე, ეზიაშვილი, გოგატიშვილი, გოგიტაძე, გუდაძე,  ფარქოსაძე, კაპანაძე, შუბითიძე, ბარსონიძე.

არქეოლოგიურად შესწავლილია 1955 წელს (ოთარ ჯაფარიძე), პასიეთის გორასამარხის სიმაღლე 3 მეტრია, დიამეტრი 30 მ. ქვატეხილის ნაყარი ქმნიდა სამაროვანს, ქვაყრილის ცენტრალურ ნაწილში კი _ სრულიად დაშლილი მიცვალებულის დამხრობის (ჩრდილო_სამხრეთისაკენ) დადგენა შესაძლებელი გახდა შემონახული 3 სამარხით, ძვლები ცუდად იყო დაცული, სამარხებში აღმოჩნდა სპილენძის ყუამილიანი ცულები, ყუნწიანი ბრტყელი სატევრები, სხვადასხვა ტიპის საკინძეები,  მრავალნაირი საკიდი, მძივები, რგოლები, ხვიები, ნიჟარები და ეშვები. ნაპოვნია შავზედაპირებიანი და ვარდი-სფერ_სარჩულიანი თიხის ქილები, დერგები, კოჭბები, ისინი შემკულია ღარებიანი და გრავირებული სახეებით, პასიეთის გორა შედის ამავე ტიპის საჩხერული ძეგლების ჯგუფში. ეს ძეგლები მტკვარ_არაქსის კულტურის ბოლო საფეხურს ეკუთვნის და მთელ ამიერკავკასიაში სპილენძ_ბრინჯაოს მეტალურგიის უძველესი მძლავრი კერაა.

სოფელ ქორეთში მდებარეობს უდერძის ანტიკური ხანის ნამოსახლარი, ბორცვის ჩამონგრეულ ფერდობზე აკრეფილი საირხის ნამოსახლარი ფენებისათვის დამახასიათებელი სამეთუნეო ნაწარმი დაცული იქნა ქორეთის სასკოლო მუზეუმში, რომელსაც განაგებს მისი  დამაარსებელი ამ სოფლის სკოლის ღირსეული პედაგოგი მიხეილ გოგატიშვილი.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მევენახეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა. ქორეთში არის საჯარო სკოლა 237 მოსწავლითა და 28 პედაგოგით. სოფელში არის ბიბლიოთეკა, იყო კულტსახლი,

ქორეთის სანახების ზედმეტი სახელებია: საქარიყელი, სათესები, გვერდიყანა, ორბოძოლა, მთა, სერი, სამფეხი.

სოფლის ტერიტორიაზე არის ცივი კამკამა წყაროები: კოდიწყალი, ღარიწყალი, ცივწყარი, ჭიჭინაძეების წყარო, ორმოსწყარო. გაედინებიან მცირე დებიტის მქონე მდინარეები ღრმაღელე და თხილარი (მდინარე ყვირილის მარცხენა შენაკადები).

   ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია X  საუკუნეში აგებული ქორეთის მაცხოვრის ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა, რომელსაც სამხრეთით მიშენებული აქვს კარიბჭე და სამწირველო (კარიბჭის აღმოსავლეთით),აგრეთვე ოთახი (კარიბჭის დასავლეთით),ხოლო დასავლეთით_საქალებო: ეს შენობები ეკლესიას გალერეასავით არტყია. ნაშენია თლილი ქვისა და კირისაგან. ხურავს კრამიტი, შიგნით, საკურთხეველი ძირს ოთხკუთხაა, ხოლო 3მთელი ერთიმეორედი არშინის სიმაღლეზე კუთხეებში კამარა არის გადაყვანილი კედლიდან კედელზე და ამ კამარიდან ზევით კედელი მრგვალდება. ეკლესიას კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით, სარკმელი კი აღმოსავლეთით 1, სამხრეთით 1 და დასავლეთით 1, დასავლეთით და აღმოსავლეთით (ამოშენებული) სარკმელი და კარნიზები შემკულია ჩუქურთმებით. კარიბჭის თაღი გამოყვანილია ჯვრითა და სხვა სახეებით შემკული ქვებისაგან; სამხრთით და დასავლეთით შენობებს მრავლად აქვს ჩაშენებული ნატეხები ქურთმიანი ქვებისა:მთაში კარიბჭეს გარედან, კამარის მარჯვენა ნაწილში, აქვს დატანებული ქვის ნატეხი, შემკული ყურძნის მტევნებით; ამგვარივე ნატეხი დატანებული აქვს ძირს; ეს ნატეხები კარიბჭის ნაწილები უნდა იყოს, გადატანილი მისი განახლების დროს.

ეკლესია მოხატულია. მოხატულობა კარგად არის შენახული საკურთხევლისა და შუა ეკლესიის მაღლითა ნაწილში; დანარჩენ ადგილას დაზიანებულია (სამხრეთის და დასავლეთის კედლების ძირა რიგები სულ მოცილებულია).

შუა ეკლესიაში: თაღზე არის 8 ხატი. სამხრეთის კედელზე_4 ხატი,  ჩრდილოეთის_4 ხატი. უკანასკნელთაგან კარგად შენახულა ჩრდილოეთის კედელზე მე-2 რიგი. აქ დახატული არიან წმ. გიორგი (აღმოსავლეთ ნაწილში ) და  წმ. ესტსტე (დასავლეთ ნაწილში),  ცხენზე მჯდომარენი. შუა პილიასტრზე მაღლა_4 წმიდანი.

დასავლეთის კედელზე მხატვრობა შერჩენილია მარტო ჩრდილოეთის კუთხესთან. აქ დახატულია დიდებული, ხელებგაპყრობილი, დაზიანებული წელს ქვევით. აწერია:…           ..ანუ წერეთელი გოდერძი. იკითხება: აქა კეთილისა მოქმედთა ყოვ(ე)ლთა ცოდვანი შ(ეუნდო)ს ღ(მერთმა)ნ,                    ა(მი)ნ. ეკლესიას გარეთ აქვს წარწერები:

1. სამხრეთით სამწირვალოს კედელზე არის წარწერიანი ქვა, რომელიც ადგილობრივ მედავითნის სიტყვით ამ 20 წლის წინათ გადმოუტანიათ გვერდითვე მდგომ კარიბჭის სამხრეთის კარის თავიდან, როდესაც ხსენებული კარი სიდაბლის გამო გადაუკეთებიათ, აუმაღლებიათ. განახლება კარიბჭეს მართლაც ცხადად ეტყობა.

ქვა არის ზომით 48,5 X46 სმ, წარწერა ნაწერია ნუსხურნარევი ასომთავრულით. მე-6 სტრიქონიდან დაწყებული ასოები ზეთიანი წამლით გაუშავებია ადგილობრივ მცხოვრებ ქამუშაძეთა გვარის ერთ_ერთ პირს (წამალი უბრალო გადარეცხვით არ ამოვიდა. ამის გამო მათი მოხაზულობა ოდნავ შეცვლილია, დამახინჯებულია.

იკითხება: ქ. მე, დედოფალთა დედოფ(ა)ლმ(ა)ნ ანა  აღვ(ა)შენე წ(მინდა)Ωმ(ო)ნასტერი ესე მ(ა)ცხ(ოვ)რისა; 5გა(უ)ჩინე აღ(ა)პი გამოცხადობისა დღ(ე)სა:ერთი ცხ(ვა)რი შეუხებელი;  ერთი კაბიწი პური, ექვსი კოკა ღვინო; ამის მეტი არა ეთხუებოდეს, არა სალაშქ რო, არაფერი არა ამა მონასტრისა, გლეხთა, ვინც ესე შემ[დგომად ჩემსა შეცვალოს შემცაიცვა]ლებს…

ადგილობრივი მცხოვრებნი ქამუშაძენი წარწეოად მოხსენაბულ გლეხს თავიანთ გვარისად თვლიან და გადმოგვცემენ,რომ ცვენი წინაპარი იყო შეწირული მონასტრისთვისაო. ამათივე გვარის კაცი იხსენება ქვემოთ მიყვანილ აღმოსავლეთის მხრის წარწერაში (VII)

წარწერაში ყურადღებას იპყრობს საზმები კოკა და კაბიწი. პროფ. ივანე ჯავახისვილის გამოკვლევით კოკა ქართულ მწერლობაში X საუკუნიდან XVII საუკუნის დამლევამდე ყველგან იხმარება,ამიტომ ამ საზომის დათარიღებისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

კაბიწი, ივანე ჯავახისვილისვე გამოკვლევით, VI საუკუნიდან მოყოლებული XV საუკუნის დმლევამდე საყოველთაოდ იხმარებოდა, ღმოსავლეთ საქართველოსი კი XVI საუკუნესიც იხმარება ხშირად, ხოლო XVII-XVIII  საუკუნეებში უკვე იშვიათად გვხვდება, ვინაიდან წარწერა დასავლეთ საქართველოშია და იქ კი ეს საზომი ზემოთ მოყვანილი ცნობით მხოლოდ XV საუკუნემდე იხმარება, მაშასადამე წარწერა არ შეიძლება ამ ხანზე (XVIს) გვიან იყოს ამ ხანაში კი ვიცით ერთადერთი დედოფალი ამ სახელით. ანნა დედოფალი ბაგრატ V_ის (1360-1393) დავით მეფის IX_ის ძის მეორე მეუღლე.

ქართული წყარო ბაგრატ ვ პირველი ცოლის ელენეს სიკვდილს უჩვენებს 1366 წელს. ანაზე ცნობას იძლევა პანარეტის “ხრონიკა ტრაპიზონისა”, რომელიც ანას მიიჩნევს ტრაპიზონის იმპერატორის მანუელ III_ის (1350-1390წწ.) ქალად და თვით მის შეუღლებას “იბერიის მეფე პანკრატისთან (ე.ი. ბაგრატთან) უჩვენებს 1367 წელს პანარეტი ამბობს: ”ივნისში მეორეს ინდიქტიონის 6875-1367 წლისასა ჩვენ ჯარითურთ ხმელეთით და ზღვით ვეახლენით ლიზიკაში იმპერატორის ასულს, კირა_ანნას, დიდი კომნეს, რომელიც შეუთვლიდა კირ პანკრატის პანკრატიდის იბერიელთა და აბაზგთა მეფეს…” ანა, ვახუშტის ცნობით, გარდაიცვალა 2 მარტს 1495 წელს. ანა დედოფალი არის აგრეთვე ალექსანდრე კახთა მეფის (1476-1511) თანამეცხედრე. ს. კაკაბეძეს მიერ გამოთქმული აზრი, ვითომც ეს ანა დედოფალი უნდა იყოს ანა დედოფალი. “ადგილობრივი დედოფალი” ანა, რომელიც შემდეგ მოლოზნად შევიდა და მიიღო სახელი ქრისტინეო მცდარია. “ადგილობრივი დედოფალი” არასოდეს არ იწოდება დედოფალ, არამედ დიოფლა, აქ კი_აღნიშნულია “დედოფელთა დედოფალი”. ცხადია იგი არის ხსენებული XIV ს. ბაგრატ V_ის მეუღლე.

2. აღმოსავლეთის კედელზე ამოგებული სარკმლის გვერდებზე წრეებში მოჩანდა წარწერები, რომელთა შემოწმებაც ტექნიკურ პირობათა გამო ვერ მოხერხდა.

სოფლის ჩრდილოეთით არის ,,უდერძის’’ ეკლესია, რომელიც ბორცვზე დგას, როგორც ჩანს, უძველესი წინაქრისტიანული სალოცავის ადგილზე. ქორეთის  უდერძის წმ. გიორგის  ეკლესიაში XX საუკუნის 20-იან წლებში გიორგი ბოჭორიძის მიერ აღწერილი იქნა ტაძარში მყოფი ნივთები: (კანკელის წინ) სვეტის მაგვარი დიდი ქვა, ჩუქურთმით ერთ ნაწილში. ტაძრის სიძველეს იმ დროისთვის წარმოადგენდა: 1. ეკლესიის ძველი კარი ვაზისა(?), 158X75 სმ, შემკული ლომებისა და სხვ. სახეებით, დაზიანებული (გამსკდარია ორად_ზევიდან ქვევით). 2. ოდიკი 1786 წლისა. 3. აღმოსავლური ძველი ფული ვერცხლისა, 5 ცალი. 4. ოსმალური ფული, ერთი ქისა. 5. მარხვანი ეტრატზე ნაწერი ნუსხურად, დაზიანებული, მრავალ ფურცელ ნაკლები.

1945 და 1955 წლებში ქორეთში გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ორი ყორღანული სამაროვანი, სამარხები ქვაყრილში იყო მოთა-ვსებული, სხვადსხვა დონეზე ძვლები ცუდად იყო შემონახული, მი-ცვლებულები სხვა-დასხვაგვარად იყვნენ დამარხული. სამარხეულ ინვენტარში აღმოჩნდა ლითონის იარაღები და სამკაული, თიხის ჭურჭელი, აქ მოპოვებული მასალა თითქმის არ განსხვავდება საჩხერეში, ნაჩერქეზევზე და ცარცის გორაზე აღმოჩენილ სამარხისაგან და ბევრი საერთოც აქვს, ქორეთის ერთ-ერთ უბან პასიეთში არის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის შუა ხანა ან II ნახევარი) გორასამარხი.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.