მდებარეობს მდინარე ჯრუჭულის ხეობაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფლები: ცხომარეთი და მოხვა. სამხრეთით _ სოფელი ზედუბანი მდ. სატოპელას ხეობით, შემდეგ მდ. ჯრუჭულის ხეობა და სამხრეთ - აღმოსავლეთ ნაწილში სოფელი ბაჯითი საგორისღელის ხეობით. დასავლეთით _ მდ. სატოპელას ხეობა, ხოლო სამხრეთ -დასავლეთ ნაწილში სოფელი ზედუბანი (ჭიათურის სოფელი). აღმოსავლეთით ესაზღვრება ტყის ზოლი, სოფლები: ცხომარეთი და ბაჯითი. ქვემოხევი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ტყის, სახნავ-სავარგულების ჩათვლით გადაჭიმულია საშუალოდ 2,0-2,5 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მაქსიმალ-ურად 3,5-4 კმ-ზე.
ქვემოხევის ყველაზე დაბალი ადგილია მდინარე ჯრუჭულის ხეობაში, უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, ზ.დ. 460 მეტრი, ხოლო მაქსიმალური წერტილია სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდ. მოხვურასა და სატოპელას წყალგამყოფი სერი 986 მეტრი (ტყის ზოლი). ქვემოხევის ცენტრის სიმაღლე ზ. დ. 580 მეტრია.
სოფელ ქვემოხევის სახელწოდება მთლიანად დაკავშირებულია მის გეოგრაფიულ მდებარეობასთან, რადგან სოფელი მთლიანად განლაგებულია მდინარე ჯრუჭულის ხეობის ორივე ნაპირზე, ქვემო დინებაში.
ქვემოხევი შედის სარეკის თემში, მანძილი სარეკამდე 5 კმ-ია, ხოლო ქალაქ საჩხერეს მოშორებულია 9 კმ-ით, 2010 წელს შეადგენს 57 კომლს 143 სულით. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით კი 294 მაცხოვრებელი იყო. ძირითადი გვარია აბრამიშვილი 31 კომლი, აგრეთვე ცხროვრობენ მამულაშვილები.
ქვემოხევის ფართობი 152 ჰექტარია. ქვემოხევის მოსახლეობა ძირითადად მისდევს მეცხოველეობას და მიწათმოქმედებას, სოფლის მოსახლეობა განათლების (საჯარო სკოლა), კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებით სარგებლობს სარეკის თემში, რომელიც სოფელს დაშორებულია 4 კმ-ით. ისტორიული ძეგლები სოფელში არ არის წარმოდგენილი.
ავტორი: გიორგი დვალაშვილი
ყველა უფლება დაცულია