ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მერჯევი
იმერეთი

მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირას. ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი ივანწმინდა, სამხრეთით _ სოფელი გორისა და სოფელი ჭორვილა. დასავლეთით _ მდინარე საირხულა (მდ. ყვირილას მარცხენა შენაკადი) ჩ-დ. ნაწილში სოფელი საირხე, ხოლო ს-დ ნაწილში სოფელი ჭორვილა. აღ. სოფელი გამოღმა არგვეთი. მერჯევი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება საშუალოდ 2,5-3 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 2,5 კმ-ზე. მერჯევის ყველაზე დაბალი ადგილია, სოფლ-ის უკიდურეს ჩრდილო დასავლეთ ნაწილში, მდ. საირხულას ხეობაში, ზ.დ. 500 მეტრი, ხოლო მაქსიმალური წერტილია სოფლის სამხრეთ ნაწილში ზ.დ. 650 მეტრი, (მდ. საირხულას და მდ. ლაშურას წყალგამყოფი). მერჯევის ცენტრის სიმაღლე ზ.დ. 560 მეტრია. სოფლის სახელწოდების შესახებ რაიმე შესაბამისი თქმულება სამწუხაროდ ვერ მოვიპოვეთ.

სოფელი მერჯევი არის მერჯევის თემის  ცენტრი, შედის სოფლები: მერჯევი და ივანწმინდა. მანძილი ქ. საჩხერემდე 7 კმ-ია, მერჯევი სიდიდით მეორე სოფელია საჩხერის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 744 კომლს 2049 სული მაცხოვრებლით. გავრცელებული გვარებია: დეკანოიძე-195 კომლი, სადუნიშვილი-103 კომლი, ქემერტელიძე-100 კომლი, კაპანაძე-52 კომლი, ბედიანიძე-20 კომლი,  აგრეთვე  კუსიანი, გოგატიშვილი, შეყლაშვილი, შამანაძე, ბერიძე, ენუქიძე, სამხარაძე. გვარი დეკანოიძე ნაწარმოებია ეკლესიის მსახურთა სახელწოდებიდან – დეკანოზი. დეკანოზი – ქართული ქრისტიანული ეკლესიის უფროსი მღვდელი. საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში ძველად – ხატის მსახური.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მევენახეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა. მერჯევში არის საჯარო სკოლა 178 მოსწავლითა და 27 პედაგოგით და  მერჯევის საბავშვო ბაღი. სოფელი მერჯევი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია მერჯევის სამების ეკლესია, რომელიც თარიღდებოდა XVIII საუკუნით, იყო ფრესკებით მოხატული, 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დაინგრა და მოსახლეობის ძალისხმევით აშენდა ძველი ტაძრის ანალოგიური ახალი ტაძარი. სოფელში შემორჩენილია შუა ფეოდალური ხანის ეკლესია „ანგაროული“, რომელზეც ლაპიდარული წარწერაა.

მერჯევის ადგილების სახელებია: ყორნალი, გორგოთები, ხაბაყანა, პუშკარა, საჯვარე, სამგლიეთი, საქორია, დიდმი-ნდორი, ჩალადისეული,  გრძელმიწა,  დიდმინდორი,  ანგაროული, ადაული, ციგნების ჭარო, მაწმინდურები, ერეკაული.

წყაროებიდან აღსანიშნავია: კოდის წყარო, ყორნალის წყარო, შინდის წყარო, ქუხაურა, მაწმინდურის წყარო, ბიჭიას წყარო, ცივ-წყარო. სოფლის ტერიტორიაზე გაედინებიან მდ. საირხულას შენაკადები: კოდისღელე, ლაშისღელე, აგრეთვე ლაშურას მარცხენა შენაკადი ტილიანა.

სოფელში დაიბადნენ გამოჩენილი ადამიანები: ეთერ ქემერტელიძე, - ფარმაკოქომიკოსი და იორამ ქემერტელიძე – პოეტი.

ქემერტელიძე ეთერი ფარმაკოქიმიკოსი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს  მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), საქ. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984). დაიბადა 1926 წელს. საბაზო განათლებით პროვიზორია. 1961 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოსი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის ლაბორატორიის გამგე. 1972 წლიდან ამ ინსტიტუტის დირექტორი. სტეროიდებისა და საგულე გლიკოზიდების ლაბორატორიის გამგე, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფიზიკა-მატემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი ,,კითხულობს ლექციებს“ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ქიმია და სამკურნალო პრეპარატების ექსპერტიზა”. ე.  ქემერტელიძის შრომებში გამოკვლეულია მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა კლასის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. სწორედ ამიტომ იგი ფარმაკოქიმიისა და ბიოლოგიურად აქტიურ ბუნებრივ მცენარეულ ნივთიერებათა ქიმიის (1.4, 1.6, 3.1) ექსპერტი იყო. ე. ქემერტელიძე მუშაობდა ახალი სამკურნალო პრეპარატების მიღებაზე, მათი ანალიზის მეთოდებსა და ტექნოლოგიის შემუშავებაზე. ატარებდა საქართველოს ფლორის მცენარეთა ქიმიურ გამოკვლევას მედიცინაში გამოყენების მიზნით. ე. ქემერტელიძე არის შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენისა და მედლების კავალერი

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.