მყინვარწვერი ჩრდილოეთ საქართველოში, კავკასიონის გვერდით ქედზე, რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 5033 მეტრია. იგი აღმოსავლეთ საქართველოს უმაღლესი მწვერვალია. ადგილობრივი მოსახლეობა მას `ხევის პატარძალს“, მეზობელი თუშები _ ლომს, ფშავლები კი გერგეტს უწოდებენ. რუსებისთვის მწვერვალი ყაზბეგის, ხოლო ოსებისთვის ურსხოხის (თოვლიანი მთა) სახელწოდებითაა ცნობილი.
მყინვარწვერი „მიძინებული“ ვულკანია, რომელიც ცალკეული მეცნიერის აზრით, უკანასკნელად 6 ათასი წლის წინ ამოიფრქვა. აქ ლავური ღვარები სამი _ სამხრეთის, აღმოსავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ეშვება. მწვერვალი დაფარულია მყინვარებით, რომლებიც საკმაოდ დიდ მანძილზე ეშვებიან.ლიტერატურული წყაროების მიხედვით, მყინვარწვერი პირველად 1799 წელს დაიპყრო იოსებ მოძღვარმა (ფავლენიშვილმა), რომელსაც გამოუკვეთავს სადგომი და ორი ათწლეულის მანძილზე ქრისტიანულ მოძღვრებას ქადაგებდა. ცნობილია ისიც, რომ 1868 წელს აქ ცნობილი ინგლისელი ალპინისტი დუგლას ფრეშვილდი ასულა. მყინვარწვერის სამეცნიერო შესწავლა კი 1923 წლიდან, პირველი ქართული ექსპედიციის ჩატარებიდან იწყება.
გერგეტის მყინვარი მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე ეშვება. მისი სიგრძეა 7,1 კმ (ყველაზე გრძელი საქართველოში), ხოლო ფართობი 11 კმ2. მყინვარის ენა ზღ.დ. 2900 მეტრამდე ეშვება. მის სიახლოვეს მდებარეობს ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგური, რომელიც 70 წლის წინ დაარსდა. აქ აღირიცხა საქართველოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა (-420), რაც ადგილის სიმაღლეს (ზღ. დ. 3700 მ) და გერგეტის მყინვარს უკავშირდება.
გერგეტის მყინვარის მიჯნაზე ერთი მითოლოგიური და ერთიც ისტორიული (გერგეტის სამება) ძეგლია. მითოლოგია ბეთლემის გამოქვაბულს და კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანს უკავშირდება. თქმულების მიხედვით, ღმერთმა ამირანი სწორედ აქ მიაჯაჭვა კლდეს და თანაც „ზედ თოვლ-ყინულიანი გერგეტი და ყაზბეგის მთა დაახურა“.
გერგეტის სამება სტეფანწმინდის რაიონში მდ. ჩხერის (მდ. თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს. ტაძარი ლანდშაფტთან შერწყმითა და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. იგი იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება. გერგეტის სამება ხევის პროვინციის უმთავრესი სალოცავი და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარია. კომპლექსი აგებულია საქართველოს მეფის გიორგი V ბრწყინვალის (1318-1346) ბრძანებით იმ დროს, როდესაც მან მთის მოსახლეობისთვის საგანგებო კანონთა კრებული `ძეგლისდება~ დააწესა და ხელი შეუწყო მთაში ქრისტიანობის განმტკიცებას მონღოლთა საუკუნოვანი ბატონობისა და არეულობის შემდგომ. ხუროთმოძღვრული კომპლექსი გალავნითაა შემოზღუდული და მოიცავს სამების გუმბათოვან ტაძარს (XIV ს. 20-იანი წწ.), სამრეკლოს (XIV ს. II ნახ.), საბჭეოს (XV ს. აქ მთის ძველი ჩვეულების თანახმად, უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის ორგანო გახლდათ). ტაძარი ნაგებია დამუშავებული ანდეზიტის კვადრებით. ტაძრის, ორსართულიანი სამრეკლოს ფასადები და გუმბათის ყელი მოჩუქურთმებულია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ომიანობის დროს გერგეტის სამებაში ინახავდნენ მცხეთის საკათოლიკოსო სამკაულებსა და წმ. ნინოს ჯვარს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ დაწესებულია გერგეტის სამების დღესასწაული, ყოველი წლის 16 ივლისს. აქ მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულიც (28 აგვისტო) დიდი ზეიმით აღინიშნება.
მყინვარწვერი (ყაზბეგი), გერგეტის
მყინვარი და გერგეტის სამება
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge