ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მოძვი
იმერეთი

მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს, მდინარე იმერეთის ფრონეს,  მდინარე რკვიანას ხეობებსა და მათი აუზის წყალგამყოფ სერზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება საირხის თემის სოფელი ჭორვილა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით სოფელი გორისა. სამხრეთით _ მდინარე რკვიანს ხეობა და სოფელი კორბოული. დასავლეთით _ სოფელი ჯალაურთა (სახნავ_სათესი სავარგულებით). აღმოსავლეთით - სოფლები: კორბოული და გორისა.

სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე იმერეთის ფრონეს ხეობაში, სიმაღლე ზ.დ. 760 მეტრი, ხოლო მაქსიმალური ადგილია, სოფლის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, სოფლის ტყის ტერიტორიაზე, მდინარე იმერეთის ფრონესა და რკვიანას წყალგამყოფი (ნოზაძეების გორა) ზ.დ. 867 მეტრი. სოფლის ცენტრის სიმაღლე ზ. დ.800 მეტრია. მოძვი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება (სახნავ_სათესი, საძოვრებითა და ტყის ზოლის ჩათვლით) საშუალოდ 5 კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 5 კმ-ზე.

ჩვენი აზრით სოფლის სახელწოდება უნდა უკავშირდებოდეს მცენარის ,,მოცვის~ სახელს, ანუ მოცვის გავრცელების გამო თავის დროზე ამ სოფელს უნდა შერქმეოდა ეს სახელი, ხოლო შემდეგ სიტყვა ,,მოცვმა~ განიცადა ასიმალაცია და გაჩნდა სახელი ,,მოძვი~. მართალია უშუაოდ სოფლის დღევანდელ ტერიტორიაზე მოცვი არ არის გავრცელებული, მაგრამ ეს ვერსია სარწმუნოდ მიგვაჩნია.

მოძვი შედის ჯალაურთის თემში, მანძილი  ცენტრამდე 4 კმ. ხოლო მანძილი ქალაქ საჩხერემდე სოფ. ჭორვილის გავლით 10 კილომეტრია, 2006 წლისათვის სოფელ მოძვში ცხოვრობდა 352 კომლი, 1011 სული მცხოვრებით. გავრცელებული გვარებია: ნოზაძე, ტყემალაძე,  მაჭარაშვილი,  დარბაიძე,  ხვედელიძე,  მესხი, ლომსაძე, ცარციძე,  წიქარიშვილი,  გეგეშიძე.

ნოზაძეთა გვარჩამომავლობის ფუძე ზემო იმერეთში უნდა ვეძიოთ, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, ნოზაძეთა საგვარეულოს შიდა ქართლიდან წარმომავლობის თაობაზე. ნოზაძეების გვარი ეპონიმური ტიპის პატრონიმთა რიგს განეკუთვნება `ნოზა_პირსახელი ყოფილა კაცისა ძველ საქართველოში. ნოზაძეთა გვარის ზემო იმერეთში მდებარეობის ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ ამჟამინდალ ხარაგაულის რაიონის სოფელ ფონაში ნოზაძეთა საგვარეულოს, წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი დგას. ლიხთ-იმერეთს მოსახლე ნოზაძეთა გვარმოდენილობა მცირე რაოდენობით იხსენიება, რასაც გარკვეული მიზეზები გააჩნია. ნოზაძეთა მემკვიდრეობითი სახელი, თავდაპირველად - XVII ს., ქართლის სამეფოში შემდგარ სიგელ-გუჯარში ფიქსირდება. XVII ს. II ნახევრით თარიღდება როსტომ საღირაძის მიერ ბერ ენუქაშვილისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნი, რომელსაც პატა ნოზაძეც ამოწმებს:`ქ (ქრისტე). ნებითა ღთისათა ესე ნასყიდობის წიგნი მოგეცით ჩვენ, საღირაძემა როსტომმა, ქიტუამა, ესტატემა, შვილმან ჩემა ტატიამ და მომავალთა სახლისა ჩვენისა ან შენ, ენუქაშვილის ბერს, ქიტიას, მწყერას და ბატატასა, მომავალთა სახლისა თქვენისათა; _ ასე რომე დაგვეჭირა და მოგყიდე გორას უკან ორის დღისა მიწა, ზევით თავში ჩვენის მიწის მიდგმამდინ, საქვენაქროთ ერთაწმინდის გზამდინ, ქვევით ბოლოს გორამდინ. ავიღევით ფასი სრული და უკლებელი. არა კაცი არ გედავებოდეს, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან. არიან ამისი მოწამენი ობიაშვილი ოთარა, ბასილიშვილი ნიშა, კორკოტაშვილი გიორგი, პატა ნოზაძე, ელისაბედაშვილი ელისე, გედავანიშვილი ივანე, ხუციშვილი იასე, მე გედავანიშვილს ფადისას დამიწერია და მოწამეცა ვარ". XVII ს. II  ნახევრით თარიღდება ქართლის სადროშოს აღწერის დავთარი, რომელშიც წაბლოვანას (ხაშურის რ-ში), საუფლისწულო მამულებში მოსახლე, გლეხ პატა ნოზაძეის ერთი კომლი იხსენიება. ნუსხიდან აგრეთვე ირკვევა, რომ პატა ნოზაძეს ყოლია ძმები სტეფანა და გიორგი ნოზაძეები და მათი ნაშიერი ერთი ვაჟი.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მესიმინდეობა, მეცხოველეობა. სოფელ მოძვის სკოლას მინიჭებული აქვს ამ სოფლის მკვიდრის ცნობილი ქართველი ემიგრანტის, პოლიტიკური მოღვაწის, ჟურნალისტის, რუსთველოლოგის ვიქტორ ნოზაძის სახელი. ვიქტორ ნოზაძემ (დ. 17 სექტემბერი, 1893, სოფ. წირქვალი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 1975, საფრანგეთი; დაკრძალულია ლევილში) სწავლა დაიწყო საჩხერის ორკლასიან სასწავლებელში, როს შემდეგაც განაგრძო ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში. 1913 წ. ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და საწავლებლად წავიდა მოსკოვის უნივერსიტეტში. 1917 წ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, სოციალ-დემოკრატებმა ქუთაისში მიავლინეს პარტიული პრესის ხელმძღვანელად. 1919 წ. ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ნოზაძე 70 ახალგაზრდასთან ერთად უცხოეთში გააგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ჯერ ლონდონში იყო, შემდეგ ბერლინში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1928 წ. პარიზში დასახლდა.

პარიზში მან დაიწყო ლიტერატურულ-მეცნიერული, პოლიტიკური ჟურნალის „კავკასიონის“ გამოცემას. გარდაცვალებამდე იყო ამ ჟურნალის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი. ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და ლევილში დასახლდა ძმის, გიორგი ნოზაძის ოჯახთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და შექმნა რუსთველოლოგიური ნაშრომების სერია. მისი წიგნები საქართველოში არალეგალურად აღწევდა და ფოტოასლებით გამრავლებული ვრცელდებოდა. გარდაიცვალა 82 წლის ასაკში, დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.