ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მოხვა
იმერეთი

მდებარეობს მდინარე მოხვურას ხეობაში (მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა შენაკადი), ჩრდილოეთით ესაზღვრება რაჭის ქედის სამხრეთი ფერდობი, კარსტული წარმშობის ტბა - დევის ტბა საჩხერის მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობით,  სამხრეთით ესაზღვრება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემოხევი და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი მდ. სატოპელას ხეობით (მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა შენაკადი), შემდეგ მდ. ჯრუჭულის ხეობა და სამხრეთ _აღმოსავლეთით ნაწილში სოფელი ცხომარეთი. დასავლეთით _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხვაშითის თემის სოფლები ვანი და ხვაშითი. აღმოსავლეთით ესაზღვრება ტყის ზოლი, უზუნთა და სოფელი ცხომარეთი, აგრეთვე მდინარე ფასკნარას ხეობა.

მოხვა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ტყის, სახნავ-სავარგულების ჩათვლით, მდინარე მოხვურას ხეობის გასწვრივ გადაჭიმულია საშუალოდ 3,0-3,5 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მაქსიმალურად 2,5-3 კმ-ზე. სოფელ მოხვის ყველაზე დაბალი ადგილია მდინარე მოხვურას ხეობაში, უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, ზ.დ. 570 მეტრი, ხოლო მაქსიმალური წერტილია სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში, მდ. მოხვურას სათავეებში და დევის ტბის სამხრეთით, აგრეთვე მოხვურას და ფასკნარას წყალგამყოფი სერი ზ.დ. 1350 მეტრი. სოფელ მოხვის ცენტრის სიმაღლე ზ. დ. 830 მეტრია.

სოფელი მოხვა ცხომარეთის თემში შედის, მანძილი ცხომარეთამდე 3 კმ-ია, ხოლო ქალაქ საჩხერეს მოშორებულია 16 კმ-ით, მოსახლეობა შეადგენს  177 კომლს 511 სულით. მოხვის მოსახლეობა ძირითადად მისდევს მეცხოველეობას და მიწათმოქმედებას.

სოფელ მოხვის სახელწოდება უკავშირდება მოსახლეობაში გავრცელებულ ლეგენდას,  რომლის მიხედვითაც ორი ძმა ერთმანეთს ეპატიჟებოდა თავისთან, ერთი ყოფილა დღევანდელი სოფელ მოხვის ტერიტორიაზე მცხოვრები, ხოლო მეორე კი ცხოვრობდა უზუნთის მიდამოებში. აქაურ ძმას ხშირად უთქვამს: _ ჩემთან როდის მოხვალო?, სიტყვა მოხვალ. იმდენად ხშირად ყოფილა ძმების დიალოგში ჩართული, რომ შემდეგ მთლიანად ერთი ძმით დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელებულა. შემდგომში კი სიტყვამ ასიმილაცია განიცადა და დღეისათვის სოფელს სახელწოდება მოხვა ეწოდება.

სოფლის  სიძველეზე მიგვანიშნებს ის ფაქტი რომ ამ პატარა სოფელში, რომლის უმრავლესობას მოხუცები შეადგენენ არის 6 ეკლესია. სოფელში მისასვლელი გზა ხეობაში მიდის და თანდათან მაღლა და მაღლა მიედინება. სოფელს ოთხივე მხრიდან მთები აკრავს. სოფლის შესასვლელში მარცხენა მთაზე არის სამების ეკლესია. სოფელში არის ორი წმინდა გიორგის ეკლესია. მარცხენა მხარეს მთის ძირში კი ახლად აშენებული ხვთისმშობლის და უძველესი ბზანარის ეკლესიის ნანგრევები. ჩვენმა მასწავლებელმა გვითხრა, რომ 1985 წელს ბზანარის ეკლესიის ნანგრევებიდან ამოღებული იყო ლითონის ფირფიტა, რომელზეც იყო ძველი  ქართული წარწერა “ესე კარები არს შეჭედილი”.

1987 წ. 11 ნოემბერს მოხვაში გაკეთდა საავტომობილო გზა.  14 კმ. მშენებლობა  2 თვეში დამთავრდა. ძალიან რთული სამუშაოები მიმდინარეობდა მთებში, ეს არის კლდიანი მონაკვეთი. ამ დიდ სასახლო საქმეში დიდი წვლილი შეიტანა საჩხერის სატყეო მეურნეობის კოლექტივმა, იტყობინება გაზეთი “სოფლის ცხოვრება”. აქამდე ხალხს მდ. მოხვის წყლის გადალახვა უხდებოდა. ფაქტიურად სოფლის მცხოვრებლები მოწყვეტილი იყვნენ რაიონს. საზეიმოდ გაიხსნა გზა 1984 წ. 11 ნოემბერს. გზის გახსნა ნამდვილად სახალხო ზეიმად იქცა. სიტყვით გამოვიდა საჩხერის რაიონის პირველი მდივანი ჯ. გოგორიძე.  ამ დღეს გაიხსნა სოფელ მოხვის 8 წლიანი სკოლა, მანამდე მოხვაში იყო 4 წლიანი დაწყებითი სკოლა, რომელიც 1924 წ. გაიხსნა და პირველი დირექტორი იყო. 1991 წ. სკოლა მთლიანად დაინგრა მიწისძვრის შედეგად. სკოლა განთავსებულ იქნა ვაგონებში. 2003 წ. საჩხერის საქველმოქმედო ასოციაციამ “ატუმ” დაასრულა სკოლის მშენებლობა, რომელიც 200 მოსწავლეზე იყო გათვლილი.

მოხვაში მრავალი ეკლესიაა. მათ შორის ყველაზე უძველესია ბზანარის ეკლესია. უცნობია მისი წარმოშობა. არ არის ცნობილი ვისი სახელობის იყო მხოლოდ გადმოცემით ვიცით, რომ იქ ბერი ცხოვრობდა. იპოვეს საგუცხური, აგრეთვე მოჭედილი ფირფიტა წარწერით ,,შეჭედილია ხელითა ჩემითა ცაბოლა”. ეს წარწერა შესრულებულია ასმომთავრულით, ზოგი ანდრია პირველწოდებულის სახელსაცც კი მის აგებას უკავშირებს. ზუსტი ინფორმაცია არ მოგვეპოვება.

უძველესია აგრეთვე სამების ეკლესია, რომელიც მთის მწვერვალზეა აგებილი დაახლოებით VIII ს.. მთის მწვერვალზე ხალხი ადის და ლოცულობს, აყავთ შესაწირი. წმინდა გიორგის ეკლესია ორია მოხვაში. ერთი სოფლის შუაგულშია, ხოლო მეორე სოფლის ნაპირას. სოფლის შუაგულში ეკლესია აშენებულია XII ს., მეორე წმინდა გიორგის ეკლესია კი XII -XIII სს აგებული. ახალი ეკლესია ააშენეს ძველი ეკლესიის ადგილას ოთარ და რობერტ გოგავებმა.

სოფლის ჩრდილოეთით რაჭის ქედის სამხრეთ კალთის ძირში, მდებარეობს კარსტული ტბა- დევის ტბა, ზღვის დონიდან 1370 მ. უჭირავს ორი კარსტული ძაბრი. ტბის ზედაპირის ფართობი 0,018 კმ2, უდიდესი სიღრმე 10,7 მ, მოცულობა 72 ათ. მ3 ტბიდან წყალი გადის მიწისქვეშა გზით, რომელიც წარმოადგენს მდინარე ფასკნარის ერთ-ერთ სათავეს.

ძველი მოსახლეობა განადგურებულია მოხვაში მიწისძვრის ან მეწყერის შედეგად. მოსახლეობა რომელიც აქ არის ითვლის 3-4 საუკუნეს. პირველი მოსახლე ყოფოლა თევდორე ცერცვაძე, შემდეგ რაჭიდან გადმოსულან ომიაძეები, კუჭაშვილები, მაჩაიძეები, ჯრუჭიდან გოგავები. ეს ტერიტორია ძალიან ნაყოფიერია თავისი ნიადაგით, ხილით, მოსავლით, ბუნებით. ამიტომ ყოველთვის ყოფილა რაჭის ერისთავის და წერეთლების სადავო. XIX ს. სოფელი წერეთლების მფლობელობაში იყო.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.