მდებარეობს ჭიათურის სტრუქტურულ პლატოზე, მდინარე დუმალას (მდინარე ძირულას აუზი) აუზში.
სოფელ ნიგვზარას ჩრდილოეთით ესაზღვრებიან სოფელი კორბოული. სამხრეთით _ ჭალოვანის თემის სოფელი ჭალოვანი. დასავლეთით _ სოფელი შომახეთი (სახნავ_სათესი სავარგ-ულებით). აღმოსავლეთით სოფელი კორბული და მდინარე ძირულას მარჯვენა შენაკადი ლიჩისხევისღელე.
ნიგვზარას ყველაზე დაბალი ადგილია სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე დუმალას მარცხენა მხარეს, კორბოულის საზღვარზე. სიმაღლე ზ.დ. 825 მეტრი, ხოლო მაქსიმალური ადგილია, უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ლიჩის ხევისღელის, ახაშმულისღელის და დუმალას წყალგამყოფი სერი ზ.დ. 996 მეტრი, სოფლის ცენტრის სიმაღლე ზ. დ. 940 მეტრია.
ნიგვზარა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება (სახნავ_სათესით, საძოვრებითა და ტყის ზოლის ჩათვლით) საშუალოდ 3-4 კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 5 კმ-ზე.
ნიგვზარა შედის კორბოულის თემში, მანძილი ცენტრამდე 4 კმ-ია, ხოლო ქალაქ საჩხერემდე მანძილი 22 კმ-ია, სოფელში ცხოვრობს 229 კომლი, 758 მცხოვრებით. ნიგვზარას სახელის მსგავსი სოფელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, შეუბნის თემში. სოფელ ნიგვზარაში გავრცელებული გვარებია: მაჭარაშვილი, ხარშილაძე, გაფრინდაშვილი, ბაძგარაძე, ხარაიშვილი, ტაბატაძე, ყიფშიძე, გოგოლაძე.
სოფელი ნიგვზარა ამაღლებულ ადგილზე მდებარეობს. სოფლის სახელწოდება ,,ნიგვზნარა” მომდინარეობს ნიგვზის ხეების დიდი რაოდენობით არსებობიდან. ხოლო დღეს ,,ნიგვზარა” ჰქვია, რასაც ხალხში შემორჩენილი ეს ხალხური ლექსიც ადასტურებს:
”კორბოულში თავის დროზე,
ვახუშტიმაც იმგზავრა.
მოეწონა და შეაქო,
მთის სოფელი ნიგვზნარა.
რუკაზე კარგად აღნიშნა,
მინდორი, ტყე, ნიგვზნარა,
და მას აქეთ მას დაერქვა
თვით სოფელი ნიგვზარა.”
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მესიმინდეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა. სოფელში არის ორი საჯარო სკოლა.
სოფლის ტერიტორიაზე არის ცივი კამკამა წყაროები. სოფლის ტერიტორიაზე გაედინებიან მცირე დებიტის მქონე ნაკადულები, რომლებიც წარმოადგენენ მდინარე დუმალას აუზს, აგრეთვე მდინარე ახაშმულისღელის და ლიჩისხევის ღელის მდგენელებს.
ავტორი: გიორგი დვალაშვილი
ყველა უფლება დაცულია