ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
სამეგრელო ზემო სვანეთი
ნოქალაქევი ანტიკური და ადრექრისტიანული ხა­ნის კოლხეთის (ეგრისის) პოლიტიკური ცენტრი, ლაზიკის სამეფოს დედაქალაქი (IV-VIII სს.) იყო. მდებარეობს მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირზე, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ზე (მდინარე ქალაქს სამი მხრიდან შემო­საზღვრავს). საისტორიო ტრადიციით, ციხე-ქალაქი პირ­ველად აუშენებია ეგრისის ერისთავ ქუჯის (ძვ. წ. IV-III სს), სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ქალაქის ძველი სახელწოდება  ციხეგოჯი (ქუჯის ციხე). შემდგომი ხანის ბერძნული წყაროები ამ ქალაქს უწოდებენ არქეოპოლისს (ქართ. ძველი ქალაქი~ ანუ ნაქალაქარი, ნოქალაქევი). ზოგიერთი მკვლევრის მტკიცებით, სწორედ დღევანდელი ნოქალაქევის ადგი­ლას მდებარეობდა მითური ქალაქი აია, საიდანაც იაზონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.
ამ ადგილზე ციხე-ქალაქის აშენება სამხედრო-სტრატეგიული მოსაზრებით და ჭარბი მოსახლეობით იყო განპირობებული. არქეოპოლისი აუღებელი ციხეა ირან-ბიზანტიის `ეგრისის დიდი ომის~ პერიოდში (542-562 წწ.). 736 წელს ქალაქი აიღო და მოაოხრა არაბ­მა სარდალმა მერვან იბნ-მუჰამედმა (მურვან ყრუ). ამის შემდეგ ციხეგოჯის მნიშვნელობა დაეცა. XVI-XIX სს-ში ნოქალაქევი ოდიშის მთავრების რეზიდენ­ციას წარმოადგენდა.
ნოქალაქევი 3 კმ. სიგრძის გალავნითაა შემოზღუდული, 19 ჰა ტერიტორიას მოიცავს და 3 ნა­წილისგან შედგება: ქვედა ქალაქის, შუა ციხისა და ციტადელისგან. საქალაქო დასახლება მდებარეობდა მდინარის პირზე, გარნიზონი ფერდობზე იყო დაბანაკებული, ხოლო ციხის ციტადელი  მთაზე (4 ჰა.). ციხის ქვემო ტერიტორიაზე მდებარეობს ეგრისის მეფეთა სასახლე (IV ს.), სამნავიანი ბაზილიკა (V ს.), გუმბათოვან ეკლესიად გადაკეთებული სამნავიანი ბაზილიკა (VI ს.), სამსართულიანი სასახლე (VI ს.), კოშკიანი ჭიშკარი, აბანოები. ციტადელში დგას დარბაზული ეკლესია (VI-VII სს).
ქალაქის საფორტიფიკაციო სისტემა მორგებულია გეოგრაფიულ გარემოს. ქალაქს სამი მხრიდან მდინარე და ციცაბო კლდეები იცავდა, ხოლო ბუნებრივად შედარებით დაუცველ აღმოსავლეთის მხარეს 3 გალავანია აშენებული. ჩრდილოეთ მხარეს აკონტროლებდა გალავანში ჩაშენებული ჯიხა კოშკი.
ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტული კერამიკა, ბრინჯაოს ნივთები, სამკაული, სპილენძისა და ოქროს მონეტები. ნოქალაქევის ტერიტორიაზე გაითხარა წარმართული პერიოდის ქვევრ-სამარხები, სადაც მიცვალებულებს პირში მონეტა  კოლხური თეთრი ედოთ. ნოქალაქევში აღმოჩენილია ასევე ორი აბანო. ერთი მათგანი განკუთვნილი იყო მეფე-დიდებულთათვის, ხოლო მეორე მოქალაქეებისა და გარნიზონისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აბანოები მუშაობდა ცენტრალური გათბობის სისტემაზე.
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge
ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.