ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
პერევი
იმერეთი

მდებარეობს მდ. ხახიეთისწყლისა და ღებურას წყალგამყოფის შემაღლებულ ადგილზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება სატყეო მეურნეობის ტყის მასივები. ჩ-აღ. ნაწილში ესაზღვრება მიწისძვრის შედეგად განადგურებული სოფელი ხახიეთი და მდ. ღებურის ხეობით (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) სოფელი სინაგური. სამხრეთით _ სოფ. ჯრია. დასავლეთით ესაზღვრება ტყე. აღმოსავლეთით _სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში სოფელი (ტყის ზოლით), ვახანის სერის (1181 მ.) დასავლეთი კალთები, ხოლო უკიდურეს ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ზოლით ესაზღვრება სოფელი სინაგური.

სოფლის კუთვნილი ტყის მასივის ჩათვლით, პერევი ვრცელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ საშუალოდ 6-8 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 6-7 კილომეტრზე.

პერევის ყველაზე დაბალი  ადგილია მდ. ყვირილისა და მდ. ღებურას შეერთების მიდამოები უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, ზ.დ. 645 მეტრი, ხოლო უმაღლესი წერტილია უკიდურესი ჩრდილოეთით (ტყის ჩათვლით) 1400 მეტრი ზ. დ. მიწისძვრის ეპიცენტრის მიდამოების მოსაზღვრე ადგილი ყოფილ სოფელ ხახიეთთან, მდ. ხახიეთისწყლისა და მდ. ღებურას წყალგამყოფი.

მდ. ყვირილას ზემო წელში მარჯვენა მხრიდან უერთდება მდ. ღებურა, რომელიც გამოედინება რაჭის ქედის უმაღლეს მწვერვალ ლებეურისმთის ფერდობზე ზ.დ. 1980 მ-ზე. მდ. სოფ. პერევთან უერთდება მდ. ხახიეთისწყალს, შემდეგ კი მდ. ყვირილას, სიგრძე 13 კმ-ია, აუზის ფართობი 112 კმ2. მდ. ღებურას დასავლეთით განვითარებულია მდ. ხახიეთისწყლის ხეობა, რომელმაც 1991 წ. 29. ჳვ. მომხდარი მიწისძვრით მკვეთრი ტრანსფორმაცია განიცადა. მდ. ხახიეთისწალი სათავეს იღებს მწვ. დაღვერილას სამხრეთით ზ.დ. 2000 მ-ზე, მდინარის სიგრძე 17 კმ-ია, მდ. ხახიეთისწალი ყვირილას სოფ. პერევთან ერთვის ზ.დ. 650 მ-ზე მდინარის ვარდნა ყოველ კილომეტრზე საშუალოდ 75 მ-ია, ზ.დ. 840 მ-ზე, მარცხენა მხრიდან, სოფ. სინაგურთან უერთდება მდ. თედელეთისწყალი, რომელიც სათავეს იღებს მწვერვალ დაღვერილას სამხრეთით ზ.დ.-დან 2720 მ. მისი სიგრძე 12 კმ-ია. მდ. თედელეთისწყალი საკვლევ რაიონში ყველაზე დიდი ვარდნით (საშ. ვარდნა 1 კმ-ზე 150 მ) გამოირჩევა.

პერევი შედის ჭალის თემში, მანძილი ცენტრამდე 10 კმ-ია, ხოლო ქ. საჩხერეს მოშორებულია 20 კილომეტრით. სოფლის მოსახლეობის რაოდენობა 2006 წლისათვის შეადგენდა 200 კომლი 667 სული მცხოვრებით. გავრცელებული გვარებია: ბერიძე, გულიტაშვილი, შუკაკიძე.

2013 წლის 6 სექტემბრის სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 10 ყველაზე გავრცელებულ გვარს შორის პირველ ადგილს ბერიძე (28289) იკავებს. ბერიძეების გვარს საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი ბერი (ზოგადი მნიშვნელობით: ვაჟი, ძე, ყმა). მისგან მიღებულია მრავალი საკუთარი სახელი, რომლებიც შესულია გვარ-სახელებში: ბერაძე, ბერეკაშვილი, ბერაია, ბერიანიძე და სხვ. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, ეს სიტყვა ძველად ზოგად ქართულში ყოფილა. ბერიძე საკუთარი სახელია ფშავში: ბერიძე ბასიტაშვილი, ბერიძე შიოშვილი, ბერიძე ავგაროზიშვლი. მესხეთში (ახალციხის რ-ნი) ბერიძეზე ასეთი თქმულება არსებობს: „სოფელ ერკოტის უმრავლესობა გვარად არიან ბერიძეები, რომლებიც ერთი ბერისაგან მოშენებულან. თათრების შემოსევის დროს ეს ბერი გამოქცეულა ზარზმიდან, თათრებს ეჭვი რომ არ მიეტანათ, ამიტომ სოფელ ერკოტში უთხოვია ცოლი, მიუყვია ხელი გლეხობისათვის და ჩუმად დარბაზებში მაინც სწირავდა ხოლმეო. გვარად კი დაწერილა ბერიძე. დღეს ამ გვარეულობას ეძახიან ზანდარიენთს, უფრო უწინ კი ეძახდნენ ზარზგიენთს“. სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, აქ გადმოსულან ასპინძის რაიონიდან. თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით იწერებოდნენ ბერიძესშვილებად, ხოლო 1886 წელს აღწერაში ბერიძეებად მოიხსენებიან. აქ მცხოვრები ბერიძეები ყოფილან ორ შტოდ დაყოფილი: საკუთრივ ბერიძიანები და ადოლაანებად (ადოლაშვილები). 1843 წლიდან სოფ. ბოგვში ცხოვრობდნენ როგორც ბერიძეები, ისე ბერიძეშვილები. ვახუშტი ბაგრატიონი ბერიძეთა გვარს ადრინდელ მთავრებში მოიხსენიებს.

სოფელ პერევის მეურნეობის ძირითადი დარგია მეცხოველეობა და მიწათმოქმედება. სოფელში არის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. პერევი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. გვხვდება კერამიკული თიხის უნიკალური საბადო, არის პირიტი, ოფსიდიანი და სხვა.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.