გულრიფშის მუნიციპალიტეტი შავი ზღვის სანაპირო ხაზზე, სოხუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.
მისი ბუნებრივი საზღვრები მდინარეებზე კელასურზე და აფხაზეთის ყველაზე წყალუხვ კოდორზე გადის. გარს აკრავს ბზიფის, აფხაზეთისა და კოდორის ქედები, რომლებიც ტერიტორიას ცივი ქარებისგან იცავენ. შავი ზღვის სიახლოვე და მდიდარი მარადმწვანე მცენარეულობა გულრიფშს უნიკალურ ნოტიო სუბტროპიკულ მიკრორაიონად აქცევს. ბუნებრივმა პირობებმა განსაზღვრა კურორტის სპეციფიკა - ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობა.
ჯერ კიდევ შორეულ 1902 წელს რუსმა მეწარმემ ნიკოლაი სმეცკოიმ აქ ააშენა კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე პირველი სანატორიუმი, რომელიც იმ პერიოდისთვის გასაოცარი კომფორტით გამოირჩეოდა: ჰქონდა საკუთარი ელექტროენერგიის წყარო, წყალგაყვანილობა, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი; შენობაში ფოსტა და ტელეგრაფიც კი ფუნქციონირებდა. სანატორიუმში XX ს-ის დასაწყისისთვის მეტად გავრცელებულ დაავადებას - ტუბერკულოზს მკურნალობდნენ. წლების მანძილზე აქ ერთდროულად 500-ზე მეტი პაციენტი გადიოდა რეაბილიტაციის კურსს.
გულრიფშის სანაპირო გორაკ-ბორცვიანი ზოლია, რომელიც სამხრეთისკენ დაბლობში გადადის. ჩხალთის
(აწგარა), საკენის, ყლიჩის, კოდორის და სხვა მდინარეთა ხეობებში მრავლად არის მინერალური წყლები; მდინარეების კელასურის, ამტყელისა და ჯამპალის სათავეებში გვხვდება მღვიმური წარმონაქმნები,
რომლებიც ერთიანდება სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით მდიდარ შაქურანის მღვიმურ კომპლექსში. მღვიმეებსა და მის სიახლოვეს უამრავი ჩანჩქერი და წყალვარდნილია.
შაქურანიდან აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 507 მ-ზე, მდებარეობს აფხაზეთის სიდიდით მეორე ტბა - ამტყელი. ცნობილია ტბის წარმოშობის ზუსტი თარიღი: 1891 წლის 3 ოქტომბერს მთა პატარა შხაპაჭის ფერდობი ჩამოიქცა და მდინარე ამტყელი ჩახერგა. წლის განმავლობაში წყლის დონის მკვეთრი მერყეობის გამო (30-35 მ) ცვალებადია ტბის ზედაპირის ფართობი და სიღრმე. ტბაში უხვადაა კალმახი, წვერა, ტობი, ფრიტა და სხვა თევზი.
ისევე როგორც მთელ აფხაზეთში, გულრიფშშიც მრავლადაა შემორჩენილი ქრისტიანული კულტურის ძეგლები, რომელთა შორის აღსანიშნავია გულრიფშიდან 9 კმ-ში, მდინარე კოდორთან, შემაღლებულ პლატოზე მდებარე დრანდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი (VI-VII სს.). XIX საუკუნის ბოლოს ტაძარში მამათა მონასტერი ფუნქციონირებდა. მამებმა მდიდარი მეურნეობა შექმნეს: გახსნეს სკოლა, ჰქონდათ წისქვილი, სამჭედლო და სადურგლო სახელოსნოები, ტიპოგრაფია, ქსენონი.
2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით დრანდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.
კურორტი გულრიფში
მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო, სამურზაყანოს დაბლობი.
მანძილი: სოხუმიდან _12 კმ, თბილისიდან – 430 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 120 მ.
რელიეფი: ბორცვიანი ვაკე.
კლიმატი: ზღვისპირა, ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა:1410 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა : 72%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა.
მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია (ჰაერისა და ზღვის აბაზანები).
სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები, გინეკოლოგიური დარღვევები.
დღეს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
KLIO.GE