ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი აბანო
კატეგორიები
სოფელი აბანო ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტია შუა ქართლში, მდინარე ფრონის ხეობაში,
რაზეც მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბრინჯაოს, რკინის და გვიანფეოდალური ხანის ძველი ნამოსახლარი, სამაროვანი და ციხე-კოშკის ნაშთები მოწმობს. სახელწოდება კი იმ სამკურნალო წყლის გამო მიუღია, რომელსაც ამ მხარის მოსახლეობა ოდითგანვე იყენებდა სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ისტორიულ წყაროებში აბანო პირველად XVI ს-ში იხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს აბანოს სამკურნალო თვისებებს: `აბანოს დის თბილი წყალი, ჰკურნავს ქარით დახუთულს და ბუგრსა-მუწუკსა. ლეკების გამუდმებული თავდასხმების გამო XVIII საუკუნის ბოლოს მდ. ფრონის ხეობის სხვა სოფლებთან ერთად აბანოც მთლიანად დაცარიელდა, მაგრამ მალე კვლავ აღორძინდა და დღეისთვის ის ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო წყლებითა და წყაროებით. შიდა ქართლის ვაკეზე, ქარელის მუნიციპალიტეტში, კიდევ რამდენიმე საკურორტო ადგილია. მათგან გამორჩეულია მდინარე ძამას ხეობა. 40 კმ სიგრძის ხეობაში რამდენიმე საკურორტო ადგილი, 50-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა გვხვდება.
 
1. ბატეთის ტბა. ბატეთისწყლის ხეობა (მდინარე ძამის აუზი). სიმაღლე ზღვის დონიდან 1313 მ. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ2, აუზის ფართობი 5 კმ2, უდიდესი სიღრმე 12 მ. გარშემორტყმულია შერეული ტყით. ტბის მიდამოები და მდინარე ბატეთისწყლის ხეობა კი პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური და ნევროლოგიური სამედიცინო პროფილის საკურორტო ადგილად არის მიჩნეული. საკურორტო ზონას წარმოადგენს ასევე ძამას შენაკადის-ტყემლოვანისწყლის ხეობა, რომელიც ცნობილია ნახშირმჟავიანი მინერალური წყლებით.
2. მდინარე ძამა სათავეს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, 2140 მეტრ სიმაღლეზე იღებს, გზად რამდენიმე მდინარეს იერთებს და ქარელთან მტკვარს მარჯვნიდან უერთდება. მიუხედავად იმისა, რომ ხეობა საკმაოდ მაღალია, საუკუნეების განმავლობაში მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. ხეობის გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია: 5 ეკლესიისგან შემდგარი ქოზიფას (გუგომის) ხუროთმოძღვრული კომპლექსი (მდ. ტყემლოვანის ხეობა, ამჟამად აქ მამათა მონასტერია); დედათა მონასტერი და კოშკები
ორთუბანში; გვერძინეთის უძველესი ეკლესია-მონასტრები; სამონასტრო კომპლექსი და კლდეში გამოკვეთილი
სარკინეთის მონასტერი ელბაქიანის დასახლების მიმდებარედ; ქვედა შუანოს მონასტერი (ზ. დ. 1 800 მ);
აბუხალოს კლდეში ნაკვეთი კომპლექსი და მრავალი სხვ. აბუხალოსთან ახლოს 25 მ სიმაღლის ჩანჩქერი გადმოდის. ხეობიდან საფეხმავლო გზა ადის მთა ბარძიმჯვარზე (2255 მ), საიდანაც შიდაქართლი ულამაზესი ხედები იშლება.
 
მდებარეობა: ქარელის მუნიციპალიტეტი, მდ. ლოპანისწყლის კალაპოტი.
მანძილი: თბილისიდან – 115 კმ, ქარელიდან – 25 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 680 მ.
რელიეფი: ვაკე-ბორცვიანი.
კლიმატი: დაბალი მთის, ზომიერად მშრალი. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 1,20C. ზაფხული თბილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,20C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 400-500 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და გოგირდ- წყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია. სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვისა და ძვალ-სახსართა სისტემების, ასევე გინეკოლოგიური დაავადებები, ცისტიტი და ქრონიკული პროსტატიტი, ენდოკრინული სიმსუქნე, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.