ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ქვიშხეთი
კატეგორიები
ხაშურის მუნიციპალიტეტი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზეა გაშლილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია აღმოსავლეთით დოღლაურის ველამდე ვრცელდება, სამი მხრიდან კი საშუალო სიმაღლის (900-1000 მ) მთებით არის გარშემორტყმული: ჩრდილოეთიდან - კავკასიონის სამხრეთი ფერდობებით, დასავლეთიდან - ლიხის ქედით, სამხრეთიდან - თრიალეთის, ანუ მცირე კავკასიონის ჩრდილოეთი ფერდობებით. მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ხაშური, პირველად 1693 წლით დათარიღებულ დოკუმენტში მოიხსენიება. მაშინ ხაშური პატარა სოფელი ყოფილა. XIX საუკუნეში, ფოთი-თბილისის სარკინიგზო ხაზის გაყვანის შემდეგ კი ის რკინიგზის მნიშვნელოვან კვანძად იქცა. 1921 წლიდან ხაშური ქალაქად გამოცხადდა. მუნიციპალიტეტში ორი მნიშვნელოვანი კურორტია: სურამი და ქვიშხეთი. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულად ორივე ხაშურის მუნიციპალიტეტს ექვემდებარება, ისინი ბორჯომის ჯგუფის კურორტებად მოიხსენიება. წიწვოვან-ნაძვნარითა და შერეული ტყით გარშემორტყმული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ქვიშხეთი ხაშურიდან 10 კილომეტრში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს. ქვიშხეთის ჰავის უნიკალურ სამკურნალო თვისებებს განაპირობებს შავი ზღვიდან წამოსული თბილი ნოტიო ჰაერის მასები, რომლებიც კურორტის ტერიტორიაზე ერწყმის მთების ჰავას. კურორტის ტერიტორიაზე გამოსავალს პოულობს მინერალური წყლები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ქვიშხეთი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომლებსაც სასუნთქი გზების დაავადებები აწუხებთ.
 
1. ქვიშხეთში რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მათ შორის: აღდგომის ეკლესია, მთაწმინდის ეკლესია, ფერისცვალების ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, წმინდა ელიას ეკლესია, დიდი ქართველი მამულიშვილის, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი და თავად სუმბათაშვილების სასახლე. ყოველ წელს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, ქვიშხეთში სახალხო დღესასწაული მთაწმინდობა იმართება.
2. ბულბულისციხე. მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხის სამხრეთ-დასავლეთით, 1,5 კილომეტრში, ქვიშხეთის თემში. ფეოდალური ხანის ციხე წარსულში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. აგებულია რიყის ქვით.
 
მდებარეობა: ლიხის ქედის კალთა, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლი.
მანძილი: ხაშურიდან – 10 კმ, გორიდან – 50 კმ,
თბილისიდან – 120 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 750 მ.
რელიეფი: ვაკე-ბორცვიანი.
კლიმატი: დაბალი მთის სუბტროპიკული. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო
ტემპერატურა -1,90C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,70C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 567 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 70%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა და სუსტად სულფიდური, კარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,14გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის, საჭმლის მომნელებელი და შარდ-სასქესო სისტემების დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია, მსუბუქი და საშუალო ხარისხის შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, რკინადეფიციტური ანემია და რადიოაქტიური და სხივებით გამოწვეული დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.