ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ლაგოდეხი
კატეგორიები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ალაზნის ველზე, სამი სახელმწიფოს _ საქართველოს, აზერბაიჯანის (ბელაქანი რაიონი) და რუსეთის (დაღესტნის ოლქი) საზღვარზე მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ცენტრი კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ლაგოდეხისწყლის ნაპირებზეა გაშლილი. ის ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტია კახეთში. ლაგოდეხი ცნობილია გოგირდიანი მინერალური წყლებით, რომლებიც სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება.
1912 წელს ლაგოდეხის მახლობლად დაარსდა საქართვე­ლოში პირველი სახელმწიფო ნაკრძალი, რომლის ფართობი 3500 ჰა-ს
შეადგენდა. ტერიტორიის ნაკრძალად გამოცხადების ინიციატორი, კავკასიის ფლორისა და ფაუნის მკვლევარი, პოლონელი ნატურალისტი ლუდვიგ მლოკოსევიჩი იყო. 1935 წელს ნაკრძალს სალესავის ხევისა და ბნელი ხეობის მდინარეთა აუზები, 1945 წელს _ ალპური და სუბალპური იალაღებიც მიუერთდა. ამ მოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ნაკრძალმა მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებული კლიმატური ზონებისა და ლანდშაფტების მთელი სპექტრი მოიცვა. ამჟამად ლაგოდეხის დაცული ტერიტორია ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (22 266 ჰა) და ლაგოდეხის აღკვეთილს (1 992 ჰა)
მოიცავს და ბუნების დაცვის პარალელურად, საგანმანათლებლო და რეკრეაციულ ფუნქციასაც ითავსებს.
მკვეთრად დასერილი რელიეფი, სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები და ღრმა ხევები განსხვავებულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის და მცენარეული საფრის მრავალფეროვნებას განაპირობებს. აქ საქართველოში გავრცელებული მცენარეების ორი მესამედია თავმოყრილი. დაცულია უნიკალური რცხილნარ-წიფლნარი ფოთლოვანი ტყე, რომელშიც შერეულია ქართული მუხა, ნეკერჩხალი, არყი. 2300 მ-ზე მაღლა (2700 მ-მდე) მარადმწვანე დეკის ბუჩქნარია. ნაკრძალის ფლორის 121 სახეობა კავ­კასიის, ხოლო 9 — საქართველოს ენდემია.
ლაგოდეხის ნაკრძალში ბინადრობს საქართველოში გავრ­ცე­ლებული მტაცებელი და წყვილჩლიქოსანი ცხოველების უმეტესობა. გამორჩეულია ნაკრძალის ორნითოფაუნაც.

1-2. ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე 4 ტურისტული ბილიკია. ერთი მათგანი ნინოსხევის (გურგენიანის)
ჩანჩქერზე ადის (ვარდნის სიმაღლე 50-55 მ); ულამაზესი ხედებით გამოირჩევა ალპურ ზონაში, საქართველო რუსეთის საზღვარზე მდებარე შავი კლდეების ტბის ბილიკი. ტბის ირგვლივ ჭაობები, ალპური ზონის მდელოები და წიფლის, არყისა და მუხის ტყეებია.
 
მდებარეობა: მდ. ლაგოდეხისწყლის ველი, კავკასიონის ქედის სამხრეთი ფერდობის ძირი.
მანძილი: თელავიდან – 25 კმ, თბილისიდან – 155 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 460 მ.
რელიეფი: ვაკე.
კლიმატი: დაბალი მთის, ზომიერად ტენიანი. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა
0,90C. ზაფხული ძალიან თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 24,10C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 1076 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2300 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდური, ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, თავისუფალი გოგირდწყალბადის 16 მგ/დმ3 შემცველობით, საერთო მინერალიზაციით 0,44 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.