ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ფშავ - ხევსურეთი
კატეგორიები
თბილისიდან ჩრდილოეთით, საქართველოს სამხედრო გზის მე-60 კილომეტრზე ფშავის არაგვის ხეობა იწყება.
ხეობის გასწვრივ გზა ისტორიულ ფხოვში - ფშავხევსურეთში ადის. ქართლ-კახეთის საზღვარზე მდებარე ფშავი ზღვის დონიდან 1000-3218 მ-ზეა განლაგებული, ამიტომ აქ მარადთოვლიანი მთები თითქმის არ გვხვდება, ხევსურეთისთვის კი, პირველ ყოვლისა, მაღალი მთებია დამახასიათებელი. სახელი „ხევსურეთი“ მხარეს სწორედ მთიანი, ხევებიანი ადგილების გამო ეწოდა. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი და დათვისჯვრის უღელტეხილი (2677 მ) არაგვის ხეობას (პირაქეთა ხევსურეთს) არღუნის ხეობასთან (პირიქითა ხევსურეთთან) აკავშირებს. უღელტეხილი ზამთარში მაღალი თოვლის საფრის გამო იკეტება, ამიტომ პირიქითა ხევსურეთი წლის უმეტეს დროს მოწყვეტილია გარესამყაროს. ხევსურეთი საზღვრისპირა მხარეა: ჩრდილოეთიდან მას ჩეჩნეთი და ინგუშეთი ესაზღვრება. საუკუნეების განმავლობაში ხევსურები ქვეყნის საზღვრებს საიმედოდ იცავდნენ მტრისგან. გამუდმებულმა საბრძოლო მზადყოფნამ განაპირობა ხევსურეთში სოფლების განსაკუთრებული არქიტექტურული იერიც: თითოეული დასახლება ქმნის ერთ მთლიან საფორტიფიკაციო ნაგებობას, რომელიც, ამავე დროს, საცხოვრებლის ფუნქციას ითავსებს. პირიქითა ხევსურეთის ყველაზე დიდი სოფელი და მხარის ცენტრი შატილი ხევსურეთისთვის დამახასიათებელი უნიკალური არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია. კლდოვან ფერდობზე ტერასულად, ერთმანეთთან მიჯრით არის განლაგებული ჩარდახიანი ციხე-სახლები. კედლები ფიქალი ქვებით ისე მჭიდროდაა ამოყვანილი, რომ მათ შორის მზის სხივიც კი ვერ ატანს. სახლები ერთმანეთს ქვის ვიწრო კიბით უკავშირდება - კაცს შეუძლია სოფელი ისე გაიაროს, მიწაზე ფეხი არ დადგას. შემორჩენილი ციხე-სახლების უმეტესობა გვიან შუასაუკუნეებშია აგებული, თუმცა შატილის მიდამოებში აღმოჩენილი ნამოსახლარები გაცილებით ადრეული პერიოდით - ჩვ. წ-მდე 2000 წლით თარიღდება. უნიკალურ თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენს შატილიდან
ჩრდილო-აღმოსავლეთით, 12 კმ-ში მდებარე სოფელი მუცო (ზ. დ. 1880 მ.), სადაც X-XVIII სს-ის 40-მდე საყოფაცხოვრებო და თავდაცვითი დანიშნულების სახლი და ნანგრევია შემორჩენილი. მუცო, ისევე როგორც პირიქითა ხევსურეთის 20-მდე სოფელი, ბოლო ასწლეულის განმავლობაში ნელ-ნელა დაცარიელდა. 1898 წლის მონაცემებით ხევსურეთში 5000 კომლი ცხოვრობდა (მათ შორის, შატილში - 50 კომლი), დღეისთვის კი მთელი წლით მხოლოდ შატილში რჩება რამდენიმე ოჯახი. 2014 წლის აპრილში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (უნიკალური კოშკების და სახლების), ასევე მხარის უნიკალური ეთნოგრაფიის და კულტურის შენარჩუნების მიზნით, შეიქმნა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორია, რომელშიც შევიდა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, როშკის ბუნების ძეგლი, ასას აღკვეთილი, ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. 1956 წელს მდინარე ფშავის არაგვის ნაპირზე, სოფელ ჩარგალთან გეოლოგებმა მინერალური წყლის ძიებაში 40-დან 250 მეტრამდე სიღრმის 26 ჭაბურღილი გაიყვანეს. ყველა ცდა შედეგიანი აღმოჩნდა. ექვს წყაროს მიენიჭა დასალევი წყლის კატეგორია, დანარჩენ ჭაბურღილებში აღმოჩენილ წყლებს კი სხვადასხვა სამკურნალო თვისება აღმოაჩნდა. 1967 წელს ჩარგალთან ბალნეოლოგიური ცენტრი გაიხსნა. 1961 წელს აშენდა წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა, სადაც დაიწყო მინერალური წყლის -  „ვაჟას წყაროს“ წარმოება.
 
1. ყოველწლიურად, აგვისტოს დასაწყისში, შატილში სახალხო დღესასწაული `შატილობა~ იმართება.
2. აბუდელაურის ტბები და ჭაუხის მთა. ჭაუხი მდებარეობს ფშავ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე,
ზ. დ. 3842 მ-ზე. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. აკავშირებს მდინარეების-ჯუთისწყლისა (თერგის მარჯვენა შენაკადი) და აბუდელაურის (ხევსურეთის არაგვის აუზი) ხეობებს. მის ძირში აბუდელაურის მყინვარული (მორენული) წარმოშობის ფერადი ტბებია (ზ. დ. 2812 მ). ერთ-ერთი (სამი ტბიდან ყველაზე დიდი) ტბის ფართობი 0,035 კმ2-ს შეადგენს. მაქსიმალური სიღრმე 3,8 მ-ია, მოცულობა - 45 500 მ³. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით და გამდინარეა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში
(6 თვეზე მეტი) ყინულით არის დაფარული. ტბაში თევზი არ ბინადრობს.
3. მუცო
4. აბუდელაურის (როშკის) ლოდი (სოფელი როშკა. აბუდელაურის ხეობა. ზღვის დონიდან 1850-1900 მ).
მაგმური ქანისგან – დიაბაზისგან შემდგარი 19X5X7 და 22X13X10 ზომის ლოდები მსოფლიოს უდიდესი
ერატიული (მცოცავი) ლოდების რიცხვს მიეკუთვნება. სოფლიდან მოშორებით გვხვდება უფრო დიდი ზომის
ლოდებიც, რომელთა სიგრძე 25 მ-ს აღწევს. აბუდელაურის ხეობის მაღალ ნაწილებში და მდ. არაგვის ხეობაში
მიმოფანტულია შედარებით პატარა ერატიული ლოდები. ეს ლოდები ჭაუხის მასივიდან უდიდესმა პლეისტოცენურმა მყინვარმა ჩამოიტანა. აღსანიშნავია, რომ წლების წინ მყინვარის ბოლო ზ. დ.1450 მ სიმაღლეზე მდებარეობდა, თუმცა დნობის გამო მისი სიმაღლე დღეს უკვე 2300 მ-ს აღწევს.
 
მდებარეობა: დიდი კავკასიონის შუამთის ზონა, დაბა ჩარგალთან.
მანძილი: თბილისიდან – 80 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 980 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: დაბალი მთის. ზამთარი ცივი, საკმაოდ თოვლიანი. იანვრის საშ. ტემპერატურა -4,70C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშ. ტემპერატურა 18,60C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 1000 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა; ნახშირმჟავა, კაჟიანი, ბორიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,2-27,2 გ/დმ3
და ნახშირმჟავა- ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანკალციუმიანი (და კალციუმიან-ნატრიუმიანი), რკინიანი
მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,5-11,8 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: ძვალ-სახსროვანი და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 

ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.