წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამეგრელოს და ზემო სვანეთის საზღვარზე, მდინარეების - ენგურისა და ჭანისწყლის ხეობაში. ტოპონიმი წალენჯიხა უძველესი კოლხური ტომის ჭანების სახელიდან (მეგრ. ჭანის ჯიხა, ჭანის დიხა – ჭანის ციხე, ჭანის მიწა) წარმოდგება. მუნიციპალიტეტის ტერიტორია
უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. შუა საუკუნეებში წალენჯიხა სამეგრელოს მთავრების, დადიანების რეზიდენცია, სასახლე, განძთსაცავი და საგვარეულო სამარხი იყო, X საუკუნის წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი კი - დადიანების საგვარეულო ეგვტერი.
წალენჯიხა გამორჩეულია უმშვენიერესი ლანდშაფტით და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით. რეკრეაციული რესურსებიდან მნიშვნელოვანია საკურორტო ადგილი სქური, რომელიც წალენჯიხიდან 15 კმ-ში, მდინარე აბანოსღელის (ჭანისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში მდებარეობს. ისტორიულად ამ ადგილს თავდაცვითი ფუნქცია ჰქონია: მას იცავდა კლდეკარი (კლდეებს შორის ვიწრო გასასვლელი), რომლის ჩაკეტვის შემდეგ
მოსახლეობა დაცული იყო მომხდური მტრისგან. ხეობის ტერიტორიაზე დღეEმდეა შემორჩენილი რამდენიმე თავდაცვითი ნაგებობის - ციხისა და საყარაულო კოშკის ნანგრევები. სქურის მინერალური წყლები XIX ს-ის 70-80 წლებში მწყემსებს აღმოუჩენიათ. მათ შეუმჩნევიათ, რომ პირუტყვი ხშირად გვერდს უვლიდა მდინარის წყალს და წყაროს ეტანებოდა. გლეხები, რომელთა მიწაზე წყარო გაედინებოდა, საგულდაგულოდ ცდილობდნენ ამ ფაქტის დამალვას, რადგან ეშინოდათ, თავადებს მიწა არ ჩამოერთმიათ. წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ ხალხმა მოგვიანებით მაინც შეიტყო და სქური სულ მალე ბალნეო-კლიმატურ კურორტად იქცა. წლების განმავლობაში აქ ათასობით ადამიანი გადიოდა სარეაბილიტაციო კურსს. ფუნქციონირებდა მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც წელიწადში 5 მილიონ ბოთლ მინერალურ წყალ სქურს აწარმოებდა. ამჟამად საკურორტო ინფრასტრუქტურა რეაბილიტაციას საჭიროებს.
1. ოხოჯა, იგივე მცირე ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა). მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე,
მდინარე ხობისწყლის სათავესთან (ზ. დ. 2535 მ). სარკის ფართობი 0,21 კმ2, უდიდესი სიღრმე _ 35 მ.
2. ეგრისის (სამეგრელოს, იგივე ოდიშის) ქედის კალთები კოლხური ფართოფოთლიანი ტყეებითა და წიწვოვანებით არის დაფარული. 62 კმ სიგრძისა და 37 კმ სიგანის ქედი მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. უმაღლესი წერტილია მწვერვალი ლაკუმურაშდუდი (3255 მ). მის სამხრეთ ზოლში რამდენიმე კარსტული მასივია: წულიში, ყვირა, მიგარია, ასხი.
მდებარეობა: ეგრისის ქედის მთისწინეთი, მდ. ჭანისწყლის ხეობა.
მანძილი: წალენჯიხიდან – 14 კმ, ზუგდიდიდან – 36 კმ, თბილისიდან (ჩხოროწყუს გავლით) – 355 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 450-500 მ.
რელიეფი: პლატოსებრი ვაკე.
კლიმატი: სუბტროპიკული სარტყლის დაბალი მთის ზონა. ზამთარი რბილი, უთოვლო. ზაფხული მეტად თბილი.
ნალექების წლიური რაოდენობა: 1800-2000 მმ.
წლიური საშუალო ფარდობითი ტენიანობა: 74%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1943-2316 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ქლორიდულ- სულფატურ, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,7 გ/დმ3;
დებიტი: 70-80 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული
ნერვული სისტემების დაავადებები; ღვიძლის, საშარდე და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"