ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ცხრაჯვარი
კატეგორიები
დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე - ოკრიბა - დღევანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოიცავს. აქ არაერთი ბუნებრივი წიაღისეულის საბადოა: მოიპოვება ქალცედონი, ბარიტი, კვარცის ქვიშები, მარმარილო, ბაზალტი, გიშერი, ცეცხლგამძლე და საცემენტე თიხები, ტეშენიტი... ადმინისტრაციული ცენტრი - ტყიბული კი მეშახტეთა ქალაქის სახელით არის ცნობილი. ტყიბულის მაღაროებში ქვანახშირის მოპოვება XIX ს-ის შუა წლებიდან წარმოებს, თუმცა არქეოლოგიური გათხრებით დადასტურებულია, რომ აქ მადანს მიწის წიაღიდან ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულს იღებდნენ. ოკრიბის მთავარი მდინარეა წყალწითელა. ის ნაქერალას ქედის სამხრეთ კალთებიდან მოედინება, ოკრიბის მთელ ტერიტორიას კვეთს და სათავიდან 49 კმ-ში მდინარე ყვირილას უერთდება. მდინარის სათავეში მრავლადაა რკინის ჟანგეულების შემცველი თიხები, რის გამოც წყალი მოწითალო ფერს იღებს. აქედან მოდის მდინარის სახელწოდებაც.
წყალწითელას კალაპოტის რელიეფი არსებობისთვის იდეალურ გარემოს უქმნის სხვადასხვა სახეობის თევზს, ამიტომ მდინარეში უხვად მოიპოვება წვერა, ჭანარი, მურწა, ქაშაპი, შესართავთან ახლოს ლოქო და ქორჭილაც გვხვდება.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკურორტო ადგილია: ბავშვთა გამაჯანსაღებელი კურორტი საწირე, სადაც შესაძლებელია ალერგიული დაავადებების, ბრონქიტის, ფილტვების ანთების, თანდაყოლილი გულის მანკისა და ბრონქული ასთმის მკურნალობა; ბალნეო-კლიმატური კურორტი კურსები, ცნობილი აზოტიანი, სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლებით, რომლებიც საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული
ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. მუნიციპალიტეტის კურორტებიდან გამორჩეულია საკურორტო ადგილი ცხრაჯვარი, რომელიც ნაქერალას ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1370 მ-ზე ცხრაჯვარის მთაზე მდებარეობს.
 
XX ს-ის 80-იან წლებში აქ ფუნქციონირებდა საკავშირო მნიშვნელობის პანსიონატი, რომელსაც ტყიბულთან
ბაგირგზით იყო დაკავშირებული. ცხრაჯვარის კლიმატი და აქვე მდებარე მღვიმის ჰავა სასარგებლოა არაერთი დაავადების სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ.
 
1. ოკრიბის უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლია XII ს-ის გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ქუთაისში მდებარე ბაგრატის ტაძართან (XI ს.) ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
 
2. ოკრიბა ცხრაჯვარიდან
 
მდებარეობა: ნაქერალას ქედის სამხრეთი ფერდობი.
მანძილი: ქუთაისიდან – 50 კმ, თბილისიდან – 230 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1350 მ.
რელიეფი: გორაკ-ბორცვიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა
-4,80ჩ. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18,50ჩ.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1400 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1700-1800 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა; კარსტული გამოქვაბულები.
მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ნერვული სისტემის ფუნქციური
დარღვევები, რკინადეფიციტური ანემია.

 

ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.