გურიის ყველაზე ცნობილი ზღვისპირა კლიმატური კურორტი ურეკი ქალაქ ფოთიდან 20კმ-ით არის დაშორებული. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მდინარეები - სეფა და სუფსა ჩაუდის, ხოლო აღმოსავლეთიდან წვერმაღალას მთა აკრავს. ახლანდელი დაბის ადგილას უწინ იმდენად ხშირი და გაუვალი ტყე ყოფილა, ნადირის გამორეკვაც კი ჭირდა თურმე. სწორედ ამიტომ ეწოდა აქაურობას ურეკი. დაბურულტყიანი ტერიტორიების ათვისება 1928 წლიდან დაიწყო. დაბაში ციტრუსი გააშენეს და ურეკის ზღვის სანაპიროდან, კერძოდ, მაგნეტიტიდან, მეტალურგიულ მრეწველობაში და ნავთობის ჭაბურღილებში
გამოყენების მიზნით ქვიშის გაზიდვა დაიწყეს. შედეგად, 15 წლის განმავლობაში 4-5 მ სიმაღლის მაგნეტიტური
ქვიშის დიუნები მთლიანად გაქრა. ამ პროცესს სასიკეთო შედეგიც ჰქონდა, რადგან ურეკის მაგნეტიტური
ქვიშის სიკეთეს სწორედ კარიერის მუშებმა მიაქციეს ყურადღება. მალე ქვიშის სამკურნალო თვისებებით
ფართო საზოგადოება, მედიკოსები და კვლევითი ინსტიტუტები დაინტერესდნენ. თანამედროვე მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ხელოვნურად შექმნილი მაგნიტური ველი, როგორც ფიზიოთერაპიული საშუალება. მაგნიტური ველის მოქმედება აუმჯობესებს ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების ხარისხს; აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ქსოვილების რეგენერაციის ეფექტი; აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას. ურეკის, როგორც კურორტის, უპირატესობა ის არის, რომ აქ ბუნებრივად იქმნება დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ველი. ამას ემატება სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, მზე და უნიკალური ქვიშა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და რომელიც საუკეთესო პირობებს ქმნის მკურნალობისა და გაჯანსაღებისთვის. ურეკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვთა დაავადებების (სპინალური და სამეანო დამბლები, პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენები, რაქიტი) სამკურნალოდ და სპორტსმენთა სარეაბილიტაციოდ.
1. ურეკში აღმოჩენილი სამკაული (აგრაფი. ოქრო, აქატი, მინა, ალმადინი). საქართველოს ტერიტორიაზე
აღმოჩენილ არქეოლოგიური განძებიდან ერთ-ერთი უძველესია შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XVIIIXVI სს.) ურეკის განძი.
მდებარეობა: კოლხეთის დაბლობის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი.
მანძილი: თბილისიდან – 320 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 2-10 მ.
კლიმატი: ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,80C. ზაფხული ძალიან თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 230C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 2000-2100 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 78%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ჰავა და ზღვის წყალი, პლაჟის ქვიშა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტური რკინის ნაწილაკებს.
მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია, მაგნეტიტური ქვიშის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები,
სასუნთქი გზების (მშრალი პლევრიტი), საყრდენ-მამოძრავებელი და ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"