ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სამთავრო
მცხეთა მთიანეთი
სამთავრო ქალაქ მცხეთის ცენტრში მდებარე XI ს-ის კომპლექსია. იგი შედგება: დიდი საეპისკოპოსო ტაძრის, წმ. ნინოს ეკლესიის, სამრეკლოს, გალავნის, კოშკის და მოგვიანებით აგებული საცხოვრებელი თუ სასამსახუ­რი შენობებისგან. ისტორიულ წყაროთა მიხედვით VI-VIII სს-ში აქ მდებარეობდა ქართლის ერისმთავრის რეზიდენცია, საიდანაც წარმოდგა სახელწოდება _ სამთავრო. აქ უცხოვ­რია საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ ნინოს. ამჟამად სამთავროში დედათა მონასტერია.
დიდი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (27 X 23 მ) სამხრ-ის, ჩრდ-ისა და დას-ის მინაშენებით. 1283 წ. მიწისძვრის შედეგად გუმბათი ჩაინგრა და იგი XIII-XIV სს-თა მიჯნაზე აღადგინეს. XVII ს. ბოლოს, XIX ს. II ნახ-ში და 1974 წ. ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. ტაძრის სამხრ.-დას-ის კუთხეში პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და ნანა დედოფლის საფლავებია. საფლავის ძეგლი განახლებულია XIX ს-ში. ტაძრის მხატვრობა XVII ს. მიეკუთვნება.
წმ. ნინოს ეკლესია მცირე ზომის (6,2 X 3,9 მ) გუმბათოვანი ნაგებობაა. დგას დიდი ტაძრის აღმოსავლეთით. იგი მირიან მეფემ ააგო იმ მაყვლოვანის ადგილზე, სადაც თავდაპირველად დაესახლა წმინდა ნინო. ეკლესიის ინტერიერი მოხატულია წმ. ნინოს ცხოვრების კომპოზიციებითა და სხვა სიუჟეტებით. მოხატულობა პრიმიტიულია, გვიანდელი.
სამსართულიანი სამრეკლო (4,7 X 5,8 მ) აგებულია XV-XVI სს-ში, კარგად გათლილი მოყვითალო-მონაც­რის­ფრო ქვიშაქვის კვადრებით, ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით ოციოდე მეტრში, ამაღლებულ ბორცვზე.
ძველი გალავნიდან შემორჩენილია ეზოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში შემაღლებაზე მდგარი დაზიანებული ცილინდრული კოშკი (ამჟამად დედათა მონასტრის საცხოვრებელი). აგებულია XVIII ს-ში. არსებული გალავანი XIX ს-ისაა.
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.