მდებარეობს მდინარეების ყვირილისა და ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვენა შენაკადის) შესაყართან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოდი, მდინარე ჯრუჭულის ხეობა და სოფელი ბაჯითი. სამხრეთით _ მდინარე ყვირილის კანიონისებური ხეობა. დასავლეთით _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოდი, მდინარე ჯრუჭულის ხეობით, შემდეგ საზღვარი გადის სოფელ ბაჯითზე. აღმოსავლეთით სარეკს ესაზღვრება ქალაქი საჩხერე. ხოლო სამხრეთ_აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირი.
სარეკი ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია (სახნავსათესი სავარგულების ჩათვლით) საშუალოდ 3,5_4 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, საშუალოდ 4_4,5 კმ.-ზე.
სარეკის ყველაზე დაბალი წერტილი არის ზღვის დონიდან 390 მეტრი, სოფლის დასავლეთ ნაწილში მდინარე ჯრუჭულის ხეობაში, ხოლო ყველაზე მაღალი ადგილია, უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი, საზღვარი სოფელ ბაჯითთან, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს ზ.დ. 565 მეტრი. სოფლის ცენტრის სიმაღლე ზღვის დონიდან 500 მეტრია.
სოფელი სარეკი არის თემის ცენტრი, მასში შედის სოფლები: სარეკი, ბაჯითი, ქვემოხევი, სოფელი სარეკი ქალაქ საჩხერეს დაშორებულია 4 კმ-ით, სოფლის ფართობი 1636 ჰექტარია, მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 572 კომლს 1860 სულით, 2002 წ. საყოველთაო აღწერის მონაცემებით კი 1637 მაცხოვრებელი იყო.
სახელწოდება უკავშირდება თქმულებას, რომლის თანახმა-დაც, სოფლის დღევანდელი ტერიტორია უხსოვარ დროში დაფარული ყოფილა უღრანი ტყით, სადაც დიდი რაოდენობით ნადირ-ფრინველი ბუდობდა, ტყე ორი მხრიდან ფრიალო კლდეებით იყო შემოსაზღვრული (მდ. მდ. ყვირილისა და ჯრუჭულის კანიონისებური ხეობები), მონადირენი ნადირს სწორედ აქეთკენ მიერეკებოდნენ და კლდეზე ჩეხავდნენ, სიტყვა ,,სალეკიდან~ უნდა წარმოდგებოდეს სოფლის დღევანდელი სახელწოდებაც.
სარეკის ტერიტორია, რომელსაც დასავლეთიდან მდ. ჯრუჭულა ესაზღვრება, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მდინარე ყვირილა, ჩრდილოეთიდანაცაა დაცული ბუნებრივი წინაღობებით: წყლიანი ხევი გაბეშედაური მდინარე ჯრუჭულაში ჩაედინება, ხოლო მეორე ხევი მდინარე ყვირილაში ჩაედინება. ამ ხევებით ისაზღვრება სარეკის კლდოვანი ტერასა, დაახლოებით 2 ჰა ფართობით, სიადანაც თვალთახედვა მთელ კლდოვან სამკუთხედსაც მოიცავს და მთელ მდინარე ყვირილას ხეობას. ამ ტერასის ცენტრში აღმართულია გვიანდელი დარბაზული ეკლესია, ყველა ნიშნის მიხედვით, ძველი ნაეკლესიარის ფუძეზეა წამომართული და მას ,,ღვთაება” ეწოდება. თუ დღევანდელი სოფლის ტერიტორიას ანტიკური სამყაროს თავთახედვით გავიაზიარებთ, მეცნიერთა აზრით, იგი ნამდვილად აკროპოლისად წარმოგვიდგება.
სოფელში კიდევ ერთი ეკლესია იდგა XIX ს. აგებული, ასევე ძველი, განადგურებული ეკლესიის ფუძეზე აღმართული, ახლა იგი დარღვეულია და მის ადგილზე ახალი ნაგებობაა წამომართული. მისი წინამორბედი ეკლესია (XIXს.), როგორც ჩანს, საქართველოში (განსაკუთრებით იმერეთში) მოღვაწე ბერძენ ოსტატთა ქმნილება იყო. მათ ბოლომდე ჰქონდათ ანტიკური სამშენებლო საქმის მეთოდები: მაგალითად, სვეტთა დოლები ერთმანეთთან რკინის პირონებითაა გადაბმული და ტყვიით გამტკიცებული. ამ ეკლესიას ,,დედა ღვთისა” ეწოდება და ,,ღვთაება”-ს ეკლესიიდან სამხრეთით, ქვედა და გაშლილ ტერასაზე აღმართული.
მდინარეების ჯრუჭულასა და ყვირილას შესართავში შეჭრილ კლდოვან სამკუთხედში რამდენიმე ტერასა შეინიშნება. უკიდურესი ქვედა, სამხრეთის ტერასა 120 მეტრის სიმაღლიდან დაჰყურებს ამ მდინარეთა ხეობებს. საქალაქო სივრცის შერჩევისას ძირითადი ტოპოგრაფიული ზედაპირი მოქმედებდა ანტიკურ ხანაში, რასაც პირობითად შეიძლება, რომ ,,ბუნებრივი სანიტარული გარემო” ვუწოდოთ. ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა საქალაქო ტერიტორიის ორი კიდე მაინც, ,,წყლით” ისაზღვრებოდა და ამასთანავე მდინარეები და ხევები და ხეობები, ბუნებრივ სასიმაგრო ზოლებადაც შეიძლებოდა გააზრებულიყო როგორც დამოუკიდებელი ბუნებრივი წინაღობები თავდაცვით ნაგებობებში.
სარეკის მოსახლეობა ძირითადად მისდევს მიწათმოქმედებას, მოჰყავთ სიმინდი, სოია და ბოსტნეული კულტურები.
სოფლის სანახების ზედმეტი სახელებია: დიდი ტყე - სოფლის სამხრეთ ნაწილში. სასრიალო _ მდინარე ჯრუჭულის მარცხენა მხარეს, სოფლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სარიკაო _ სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. საჯვარე _ აბრამიშვილების უბანში, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ოქონიგვერდი _ ოქონობა, როგორც მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი ადგილი, ჩოტიღელე, მშრალი ღელე, ახასიათებს ძლიერ წალდიდობა.
ავტორი: გიორგი დვალაშვილი
ყველა უფლება დაცულია