ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
შომახეთი
იმერეთი

მდებარეობს ჭიათურის სტრუქტურულ პლატოზე, მდინარე დუმალას (მდინარე ძირულას აუზი) აუზში. შომახეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი ჯალაურთა. სამხრეთით _ ჭალოვანის თემის  სოფელი ლიჩი და ჭალოვანი, აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთით  კორბოულის თემის სოფელი ნიგვზარა. დასავლეთით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნიგოზეთის თემის სოფლები: უსახელო და ზედა ბერეთისა (სახნავ_სათესი სავარგულებით). აღმოსავლეთით სოფელი ნიგვზარა და მდინარე დუმალას და მდინარე ძირულას წყალგამყოფი.

სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია დასავლეთ ნაწილში, მდინარე დუმალას ხეობაში, ბერეთისის საზღვარზე. სიმაღლე ზ.დ. 770 მეტრი, ხოლო მაქსიმალური ადგილია, უკიდურეს სამხრეთ ნაწილში ახაშმულისღელის (მდინარე დუმალას მარცხენა შენაკადი), მდინარე დუმლას და მდინარე ძირულას წყალგამყოფი სერი ზ.დ. 1028 მეტრი, შომახეთის ცენტრის სიმაღლე ზ. დ. 820 მეტრია. შომახეთი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება (სახნავ_სათესით, საძოვრებითა და ტყის ზოლის ჩათვლით) საშუალოდ 4 კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 10 კმ-ზე, ჯალაურთის საზღვრიდან ჭალოვნის საზღვრამდე.

შომახეთი შედის კორბოულის თემში, მანძილი  ცენტრამდე  3 კმ-ია, ხოლო ქალაქ საჩხერემდე მანძილი 21 კმ-ია, სოფელში ცხოვრობს 606 კომლი, 1808 მცხოვრებით. გავრცელებული გვარებია: მაჭარაშვილი, გოგატიშვილი, კაპანაძე, გოგალაძე, ნოზაძე, ტაბატაძე, შუბითიძე, ხარშილაძე, ხარაიშვილი, სამხარაძე. სოფელ შომახეთის პირველი სახელწოდება ჯერ ,,შრომახეთი” ყოფილა, შემდეგ ,,ჩომახეთი”, რადგან სოფელ კორბოულის მდინარე დუმალას ადიდების შედეგად ბევრი მსხვილფეხა პირუტყვი დაუხრჩვია. ერთი დაუძლურებული საქონელი (ჩომა) მდინარის ნაპირზე თხმელის ხეებს გაუჩერებია და გადარჩენილა, რასაც ხალხში შემორჩენილი ეს ხალხური ლექსიც ადასტურებს:

,,ადიდებულა დუმალა

მთლად წალეკა შრომახეთი,

წყალწაღებულ პირუტყვთაგან

ძლივს გადარჩა ჩომა ხეთი.

შესაძლოა აქ შემორჩა

გვიანამდის შრომა ხეთი

ამიტომაც ამ დროიდან

მას დაერქვა შომახეთი”.

შომახეთის წმ.  ნიკოლოზის ეკლესიაში 1924 წლისათვის გიორგო ბოჭორიძის მიხედვით, სიძველენი იყო: ხატის ნაშთი, ვერცხლზე ნაჭედი, ძლიერ  დაზიანებული. ზევითა ნაწილში შერჩენი იყო ერთი მცირე თვალი. ხოლო შომახეთის ზარნალის წმ. გიორგის ეკლესია. ერთნავიანი ბაზილიკას წარმოადგენდა, აგებული იყო ნაშენი თლილი ლოდებისა და კირისაგან. შემორჩენილი იყო ნახევარკედლები, ისიც ყველა არა. ეკლესიის სამხრეთით ეყრა ჩუქურთმიანი ქვები, ოცზე მეტი: სვეტები და სვეტისთავები კანკელისა, სარკმლის თავები, კოზმიდები და სხვ. ადგილობრივ პირთა ცნობით აქ ყოფილა ქვა თარიღიანი წარწერით, ვითომც Xს_ისა; ეკლესიის გარშემო ყოფილა გალავანი, რომელიც აგრეთვე ნანგრევადაა ქცეული.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მესიმინდეობა, მეცხოველეობა. სოფლის ტერიტორიაზე არის ცივი კამკამა წყაროები. სოფლის ტერიტორიაზე გაედინებიან მცირე დებიტის მქონე ნაკადულები, რომლებიც წარმოადგენენ მდინარე დუმალასა და ახაშმულის ღელის აუზს.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.