ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სხვიტორი
იმერეთი

მდებარეობს ნაურცევის მთის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩიხურის (მდ. ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება უზარმაზარი ტყის ზოლი, მდ. ჩიხურის მარჯვენა ნაპირზე, ე.წ. ,,მარიამის ტყე" სამხრეთით _ ქალაქი საჩხერე, შემდეგ მდინარე ჩიხურის ხეობა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სოფელი ჩიხა. დასავლეთით _ სოფელი დუნთა 600 მ., ხოლო სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქ. საჩხერე. აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი ჩიხა. სხვიტორი ჩრდილოეთიდან (ტყის ზოლის ჩათვლით) სამხრეთისაკენ გადაჭიმულია საშუალოდ 5 კმ-ზე, ხოლო დასავლეთი-დან აღმოსავლეთისაკენ 2 კმ-ზე. სხვიტორის ყველაზე დაბალი ადგილის სიმაღლე ზ.დ. 460 მ. სოფლის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, მდ. ჩიხურას ხეობაში, ხოლო მაქსიმალური წერტილის სიმაღლეა (ტყის ჩათვლით 1160 მეტრი) 870 მ. ადგილი ,,მარიამის ტყე" სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სოფლის ცენტრის სიმაღლე 520 მ. ზ.დ.

სხვიტორის სახელწოდების წარმოშობა უკავშირდება თქმულებას,  სიტყვა ,,ვის ტომიდან’’ რადგან აქ მაცხოვრებელთა უმრავლესობა მოსულა სხვადსხვა ტერიტორიებიდან, ომიანობას გამოქცეულებს თავი შეუფარებიათ იმ დროისათვის დაუსახლებელი ადგილისათვის, მეზობლად (ალბათ დღევანდელ სოფელ ჩიხაში) მცხოვრებლებს ამ მოსახლეობისათვის ,,სხვის ტომი~ უწოდებიათ. დროთა განმავლობაში მოხდა სიტყვის ასიმილაცია და გარდაიქმნა ,,სხვიტორად~.

სოფ. სხვიტორი 1991 წლამდე შედიოდა ქალაქ საჩხერის საქალაქო საბჭოში, დღეისათვის შედის ჩიხის თემში, მანძილი სოფელ ჩიხამდე 2 კმ-ია, ქ. საჩხერემდეც 2კმ. სოფელ სხვიტორს ეკუთვნის კვერეთის დასახლება (დაახლოებით 7 კომლი: გვარები: პეტრიაშვილი, კირვალიძე, გაბაძე), რომელიც სხვიტორს მოშორებულია 4 კმ-ით,  სხვიტორის ფართობი 1544 ჰა, ცხოვრობს 658 კომლი, 1095 სულით.

ისტორიული ძეგლებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია, გადმოცემის თანახმად ეკლესია ფუნქციონირებდა გასაბჭოებამდე. აქ მოღვაწეობდა მღვდელი ილია ზაბახიძე, როდესაც მისი ოჯახი რეპრესირებულ იქნა და დევნა-შევიწროება დაუწყეს ეკლესია-მონასტრებს, მან სხვიტორისა და კვერეთის ეკლესიიდან წამოიღო ტაძრის წმინდა ნივთები,  გაიპარსა წვერი,  დაიწყო საერო მოღვაწეობა, ამით კი ნივთები გადაარჩინა განადგურებას. აკაკი წერეთლის სახლემწიფო მუზეუმის გახსნის შემდეგ შენახული ექსპონატები ჩააბარა მუზეუმს ხელწერილით - ,,მუზეუმში ინახებოდეს მანამ, სანამ ეკლესია არ ამოქმედებულა~, დღეისათვის ნივთების უმრავლესობა სხვიტორის ამოქმედებულ ეკლესიაში არის მოთავსებული.

სხვიტორის მაცხოვრის ამაღლებისა და კვერეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (აქ განისვენებენ აკაკის მშობლები და და-ძმა) უნდა თარიღდებოდეს დაახლოებით XVII საუკუნით, როცა ქართლიდან ზემო იმერეთში გადმოსახლდნენ თავადი წერეთლები.

სხვიტორის სანახებს აქვთ ზედმეტი სახელები: უცხოთა, ჟალაეთი, თხილნარა, ვერხვნალა, სადგომი კლდე, ბუღნალია, საბადური, ნასახტრის გორა.

სხვიტორში გაედინება მდ. ჩიხურა მას უერთდებიან მცირე დებიტის მქონე მდინარეები: გონჯიხევი, კვერეთულა, სკინტავრა.

სოფ. სხვიტორში ფუნქციონირებს აკაკი წერეთლის მემორიალური სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც 1939 წლის დეკემბერში გაიხსნა, ხოლო 1943 წლიდან გარდაიქმნა სახელმწიფო მუზეუმად, თავდაპი-რველად მუზეუმის ქონება იყო: სასახლე, კარის ეკლესია, ბეღელი,  მაგიდა,  სარკე, ორი ლამპა, წიგნის კარადა. აკაკის პირადი ნივთების ჩათვლით 66 სახის ექსპონატი, 600 ცალი წიგნი პოეტის პირადი ბიბლიოთეკიდან.

სახელმწიფო მუზეუმად გადაკეთების დღიდან მუზეუმს ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ (კოკი) კეჟერაძე მისი ინიციატივით დაიწყეს ინტენსიური მუშაობა ექსპოზიციის გასამდიდრებლად. საქართველოს ლიტერატურული მუზეუმიდან დააბრუნეს პოეტის ტანსაცმელი, მიკვლეული იქნა და მუზეუმს დაუბრუნდა აკაკისეული სახარება,  ქართლის ცხოვრებისა და სულხან-საბას ლექსიკონების ხელნაწერი. ვერცხლის საგვარეულო ნივთები, სუფრა, სელსახოცი წარწერით. დღეისათვის მუზეუმში თავმოყრილია 8000-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის: ფოტომასალები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნები, აკაკის ტრადიციულ დღესასწაულზე და საიუბილეო ღონისძიებებზე საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან მოტანილი საჩუქრები და სხვ.

პოეტი სასახლეზე მოთხრობაში ,,ჩემი თავგადასავალი’’, ამბობს:  ,,ჩიხურას პირას, დავბადებულვარ მე  9 ივნისს განთიადისას, 1840 წელში’’ სახლმუზეუმის ეზოში ბეღლები, სასიმინდე, სახაბაზო, საჯინიბო დგას, იქვეა აკაკის დროინდელი ვაზი და კაკლის ხე. სასახლის მახლ-ობლად არის წერეთლების კარის ეკლესია.

ორსართულიან ქვითკირის სახლში ისევ ისე დგას პოეტის საწოლი, აკაკის საყვარელი წყლის სურა, საათის გაჩერებული ისარი აკაკის გარდაცვ-ალების დროს გვამცნობს. იქვეა აკაკის წიგნები, ტანსაცმელი, აკაკის აკვანი. სასახლის კედელზე, აივანზე არის წარწერა, რომლის მიხედვით ეს სახლი აშენებულია 1834 წელს ბერძნების მიერ, პოეტის მამის როსტომ წერეთლის სურვილით. 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრამ არც სახელმწიფო მუზეუმი დაინდო, საკმაოდ დიდი ზარალი განიცადა როგორც პოეტის სასახლემ, ისე საექსპოზიციო დარბაზმა (აიგო 1960 წელს), რომელიც ძლიერ ავარიულია. მუზეუმის მახლობლად აგებულია ახალი, ორიგინალური საექსპოზიციო დარბაზი. მუზეუმის დირექტორი იყო საჩხერის საპატიო მოქალაქე ჯანო ლომიძე, რომელიც მზრუნველობას არ აკლებდა აკაკის ს მუზეუმს. ამჟამდ კი მუზეუმის დირექტორია ბატონი ცეზარ ლაშხი, ხოლო ფონდის მთავარი შემნახველი ქალბატონი კლარა მაჭარაშვილი. 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში, აკაკი წერეთლის დედის ბაღში 1978 წელს გაიხსნა საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. რომლის პირველი დირექტორი იყო თინათინ ონიანი, მეცნიერ - თანამშრომელი გიორგი გელაშვილი. მუზეუმის დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა ისტორიკოსმა ცეზარ ლაშხმა. ამჟამად მუზეუმს ხელმძღვანელობს ქალბატონი თ. კაციტაძე.

მუზეუმში წარმოდგენილია საჩხერის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალები. მიწისძვრამ დააზიანა შენობის მეორე სართული.

სოფელ სხვიტორში არის რევმატული დაავადების სამკურნალო აბანო, რომელიც აღარ ფუნქციონირებს.

სოფელ სხვიტორის ჩრდილოეთით 4 კმ-ზე მდებარეობს კურორტი კვერეთი, რომელიც ადგილობრივი მნიშნელობის დაბალმთიანი ბალნეოკლიმატური კურორტია, მდებარეობს ზღვის დონიდან 570 მ. იცის რბილი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 2,0—3,0°ჩ), თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული (ივლისის, საშუალო ტემპერატურა 20,0°ჩ). ნალექები 1100-1200 მმ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის. წყლის ტემპერატურა 16°ჩ. დღე-ღამის დებიტი 40 ათ. ლ. კვერეთში მკურნალობდნენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიურ დაავადებებს. სეზონი — მთელი წელი.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.