მცხეთა მთიანეთი
|
ქართლის გულში ქ. მცხეთის ცენტრში მდებარე XI ს-ში აგებული სვეტიცხოველი, საკათედრო ტაძარი და საპატრიარქო რეზიდენციაა. ამჟამად არსებული შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლებს შორის სვეტიცხოველი უდიდესია. აქ ჯერ კიდევ IV ს-ში აშენდა პირველი დარბაზული ეკლესია, რომლის ნაშთები ჩანს ტაძრის ინტერიერში იატაკის მინის ქვეშ. ტაძრის შიგნით არის აგრეთვე ქართლის მეფის ვახტანგ გორგასლის მიერ V ს-ში აგებული ბაზილიკა. ამჟამინდელი ტაძარი მცხეთის კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკის ბრძანებით აშენდა 1010-1029 წწ-ში. ხუროთმოძღვარი იყო არსუკისძე. არსებობს ლეგენდა, რომ ტაძრის დასრულების შემდგომ ხუროთმოძღვარს მოჰკვეთეს მარჯვენა ხელი, რადგან მან გაბედა და აჯობა თავის მასწავლებელს ხუროთმოძღვრულ ოსტატობაში. სვეტიცხოველი შუა საუკუნეების ქართული ცენტრალურგუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთი მიმართულების საწყისად ითვლება. სვეტიცხოველმა არაერთი რესტავრაცია განიცადა. საქართველოს მეფის ალექსანდრე I-ის (XV ს.) დროს შეკეთდა გუმბათის ყელი და ფასადი, გადაადგილდა ზოგი რელიეფური გამოსახულება. გვიანდელია (ძირითადად XVI-XVII სს.) ტაძრის ფრესკული მხატვრობა. სვეტიცხოველს გარშემორტყმული აქვს ორიარუსიანი გალავანი, საბრძოლო ბილიკით, სათოფურებითა და სალოდეებით, რომელიც აშენდა ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის დროს, 1787 წელს. გალავანში ჩაშენებულია 6 ცილინდრული და 2 კუთხოვანი კოშკი. გალავნის სამხრეთ კედელში მდებარეობს შესასვლელი ჭიშკარი. დასავლეთ მხარეს კი სამრეკლო და XI ს-ის კარიბჭე. სვეტიცხოვლის ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის სასახლე (1788-1811).
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge
ფოტო გალერეა
|