ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ტბეთი
იმერეთი

მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში, მდინარის მარჯვენა მხარეს ტერასებზე. სოფელ ტბეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება მდინარე ღებურასა და ყვირილას წყალგამყოფი თოფარას ქედი და ტყის მასივი, სამხრეთით მდინარე გვიზღასა და ყვირილას წყალგამყოფი სერი. დასავლეთით _ ჭალის თემის სოფელი ქარძმანი, მდინარე ყვირილას ხეობა. აღმოსავლეთით კი ესაზღვრება მდინარე  ყვირილას ვიწრო,  ჭორომიანი ხეობა, სადაც 1991 წლის მიწისძვრის შედეგად  რამდენიმე ადგილას წარმოიქმნა მძლავრი კლდეზვავები, ამიტომ ამ მიმართულებით გადადგილება თითქმის შეუძლებელია და აქ არსებული ტყის უზარმაზარი მასივი გაუვალია.

სოფელი ტბეთი ჩრდილოეთიდან-სამხრეთისაკენ მდინარე ღებურასა და ყვირილას წყალგამყოფი თოფარას ქედის სამხრეთ ფერდობიდან მდინარე გვიზღასა და ყვირილას წყალგამყოფი ქედის ჩრდილო ფერდობამდე საშუალოდ  (ტყის ზოლის ჩათვლით) 2_2,5 კმ_ზე ვრცელდება, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ _სოფ ქარძმანიდან ყვირილას ხეობამდე 4_5 კმ-ზე.  სოფელი ძირითადად მდებარეობს მდინარე ყვირილას ხეობის გასწვრივ. სოფელის ყველაზე მაღალი წერტილია _ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია (მდ. ჱყვირილას მარჯვენა მხარე, თოფარას ქედის სამხრეთი ფერდობი) 1180 მეტრი., ხოლო მინიმალური წერტილია მდინარე ყვირილას ხეობა, 1991 წლის მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი კლდეზვავის (რომელმაც მდინარე ყვირილა რამდენიმე საათით გადაკეტა და წარმოქმნა ტბა, ტბის ჯებირის განგრევის შედეგად სოფელ პერევში დაიღუპა ერთი ადამიანი) ძირში ზ.დ. 950 მეტრი. სოფლის ცენტრის სიმაღლე (ნამგალაძეების უბანი)  ზ.დ. 1000 მეტრია.

სოფელი ტბეთიც ძლიერ დააზიანა 1991 წლის 29 აპრილს მომხდარმა მიწისძვრამ, თითქმის მთლიანად დაინგრა საცხოვრე-ბელი სახლები, იყო მსხვერპლიც. თოფარას ქედიდან წამოსულმა უზარმაზარმა კლდეზვავმა, რომლის სიგრძე დაახლოებით 1 კმ-ია, ხოლო სიგანე დაახლოებით 350 მეტრი, რამდენიმე სახლი მთლიანად გაანადგურა. სოფელმა მთლიანი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (34 სული) სოფელ ხახიეთის შემდეგ ყველაზე დიდი მსხვერპლი ნახა (გარდაიცვალა 10 ადამიანი). ტბეთის კლდეზვავი პირდაპირი ხაზით  გაგრძელებას წარმოადგენდა ხახიეთის კლდეზვავისა, ეპიცენტრიდან ტბეთი მდებარეობდა 4,5 კმ-ს მოშორებით. ტბეთში 2006 წლისათვის ცხოვრობდა 5 კომლი 14 სულით (ზამთარში მოსახლეობა თითქმის მთლიანად ტოვებს სოფელს), სოფელი შედის ჭალის თემში, მანძილი საკრებულოს ცენტრამდე 14 კმ. ხოლო ქალაქ საჩხერემდე 24 კილომეტრია. ტბეთში გავრცელებული გვარია: ნამგალაძე.

სოფელი ტბეთი ისტორიულ წარსულში მდიდარი და მჭიდროდ დასახლებული სოფელი უნდა ყოფილიყო, ამას მოწმობს სოფლის ჩრდილოეთით მდებარე ნასახლარები და ისტორიული ძეგლების ნანგრევები, სოფლიდან 1 კმ-ის მოშორებით შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები, რომელიც დღესაც ტბეთის ძირითად სალოცავს წარმოადგენს. გადმოცემის თანახმად სოფელი ტბეთი რამდენიმე საუკუნის წინათ დაცარიელებულა, დაცარიელების მიზეზს კი რაღაც ბუნებრივ მოვლენას ასახელებენ, რომელიც შესაძლო მიწისძვრაც იყო, რომელმაც გამოიწვია სოფლის მთლიანი განადგურება, სოფლის ადგილას კი მდინარე ყვირილას ხეობაში წარმოიქმნა ტბები, საიდანაც უნდა წარმოდგებოდეს სოფლის დღევანდელი სახელწოდებაც, ტბეთი, ანუ ტბიანი ადგილი. სოფლის ადგილებს აქვს ზედმეტი სახელები, რომლებიც ამ ვერსიის სისწორეს ემხრობა, ასე მაგალითად;  ნამეწყრალი, ნაქცევი, ნატბიური, ნაკლდიური. სოფელი თავისი უნიკალური მდებარეობის გამო (ტბეთი მდებარეობდა მტრისაგან შედარებით კარგად დაცულ, ქედებით შემოსაზღვრულ ადგილას),  შესაძლოა,  ძვირფასი განძის გადასამალადაც გამოიყენებოდა. სოფლის ტერიტორიაზე არსებული ნასახლარები საჭიროებენ არქეოლოგიურ და ისტორიულ შესწავლას.

საქართველოში სულ 4 სოფელი ტბეთია, გარდა საჩხერის მუნიციპალიტეტისა, მოსახელე სოფლებია გორის, ხელვაჩაურის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აგრეთვე ტბეთის სახელს ატარებს ისტორიულ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე დიდი სამონასტრო კომპლექსი.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.