ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ცხამი
იმერეთი

მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე იზვარას (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ზემო წელში. ჩრდილოეთით ესაზღვრება არგვეთის თემის  სოფელი ეთო_ეხვევი. სამხრეთით _ არგვეთის თემის  სოფელი დურევი, მდინარე ნაცერცვალის ხეობით (მდინარე იზვარას მარცხენა შენაკადი). დასავლეთით _ სოფელი იტავაზა. აღმოსავლეთით შემოსაზღვრულია უზარმაზარი ტყის მასი-ვითა და სათიბ საძოვრებით.

სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია, მდინარე იზვარას ხეობაში, სოფლის დასავლეთ ნაწილში, სიმაღლე ზ.დ. 780 მეტრი, მაქსიმალური ადგილია (სათიბ-საძოვრების ჩათვლით), უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი,  მდ. მდ. იზვარასა და ნაცერცალის (ყვირილის აუზი) წყალგამყოფი სერი, ზ.დ. 1091 მეტრი

სოფელი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება საშუალოდ 6კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (სახნავ_სათესი, ტყისა და საძოვრების ჩათვლით) დაახლოებით 4 კმ-ზე. ცხამის ცენტრის სიმაღლე ზ.დ. 880 მეტრია.

სოფლის სახელწოდების შესახებ, არსებობს საინტერესო თქმუ-ლება, რომლის მიხედვითაც, ..სოფელ სხვიტორიდან თავად წერეთელს გამოუხედავს და დაუნახავს ტყით დაბურული მაღალი ადგილი, მოსწონებია და უბრძანებია გადით, ნახეთ როგორი ადგილებიაო, _ როდესაც ვეზირები გამოსულან, აქ თურმე ძალიან ცხელოდა, სასმელი წყალიც ვერსად უნახავთ, გაბრუნებულან და ბატონისათვის უთქვამთ _,,ისე ცხელა, ნამიც კი ვერსად ვნახეთო~, სიტყვა ,,ცხელა~ და ,,ნამი~-საგან უნდა წარმოქმნილიყო სოფლის დღევანდელი სახელწოდება.

გადმოცემის თანახმად სოფელში პირველი გვარი აბრამიშვილი დასახლებულა, რომლის მერვე თაობა დღესაც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იგონებს თავის ბაბუას _ დავითოსა და ბებიას _ მაშიკო აბრამიშვილებს, რომელთა შთამომავალი დღეისათვის 500-ზე მეტია და სხვადსხვა ადგილებში ცხოვრობენ. აბრამიშვილების გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბრამი, რომელიც ძველი ებრაული წარმოშობისაა. ამავე ძირისაა გვარები: აბრამია, აბრამიძე. სოფელ წინწყაროში მცხოვრები აბრამიშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილები და ავრამოვად იწოდებიან.გვარის წარმომადგენლები, დროთა განმავლობაში, მიგრაციული პროცესების გამო, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადასახლდნენ და გვარსაც იმ კუთხისმიერი ფორმები მისცეს.

ცხამი შედის არგვეთის თემში, მანძილი საკრებულოს ცენტრამდე 9 კილომეტრია, ხოლო ქალაქ საჩხერემდე 18 კილომეტრია, ცხამში ცხოვრობს 175 კომლი 602 სული მცხოვრებლით, სოფლის ფართობი 700 ჰექტარია.

ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია გამოღმა ცხამში არსებული წმინდა ელიას სახელობის ეკლესია და გაღმა ცხამში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც დაცულია რამდენიმე ხატი, რომელსაც უვლის ცხამის მკვიდრი ანდრუშა გულიაშვილი და მასთან ერთად სოფელიც.

სოფელი ცხამი დაყოფილია აბრამიშვილების, ცუხიშვილების, ხაჯალიების, გულიაშვილების, მამაცაშვილების, ლაშის უბნებად. სოფელში ჩამოდის მდინარე იზვარა, რომელიც სოფელს ორად ყოფს: გაღმა და გამოღმა ცხამი.

მდ. იზვარას სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს თქმულება, რომლის მიხედვითაც მიმავალ მგზავრს ზემოდან გადმოუხედავს, დაუნახავს ზოლივით მომავალი წყალი და უთქვამს მეორესთვის რა ზოლია, სწორედ აქედან უნდა წარმოდგებოდეს მდინარის სახელწოდებაც. მდ. იზვარას ახასიათებს კატასტროფული ხასიათის წყალდიდობა. მდინარეზე აგებულია წყლის წისქვილები მდინარეს უერთდება რამდენიმე პატარა ღელე.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.