ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ცხომარეთი
იმერეთი

მდებარეობს მდინარე ჯრუჭულის ხეობაში, აგრეთვე მდინარის მარცხენა მხარეს  ტერასებზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება უზუნთა და სატყეო მეურნეობის ტყის ზოლი, მდინარე ჯრუჭულის ხეობა, ადგილ ყვიჩორის მიდამოები. სამხრეთით _ სატყეო მეურნეობის ტყის ზოლი, მდ. ჯრუჭულისა და ჩიხურას წყალგამყოფი სერი. დასავლეთით _ მდ. მოხვურას და ფასკნარას ხეობა, სოფელ მოხვის მიდამოები, ხოლო აღმოსავლეთით ესაზღვრება უზარმაზარი ტყის ზოლი მდ. ჯრუჭულისა და ჩიხურას წყალ-გამყოფი სერი, კვერეთის მიმდებარე ტერიტორია.

ცხომარეთი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ტყის, სახნავ-სავარგულების ჩათვლით მდინარე ჯრუჭულის ხეობის გასწვრივ გადაჭიმულია საშუალოდ 3,0-3,5 კმ-ზე, დასავლეთიდან - აღმოსავლეთისაკენ მაქსიმალურად 2,5-3 კმ-ზე.

ცხომარეთის ყველაზე დაბალი ადგილია მდინარე  ჯრუჭულის ხეობაში, უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე მოხვურას შესართავთან, ცხომარეთის სკოლასა და ცხომარეთის ტერიტორიული მართვის ორგანოს ტერიტორია ზ.დ. 550 მეტრი, ხოლო მაქსიმალური წერტილია სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. ჯრუჭულისა და ჩიხურას წყალგამყოფი სერი, ხავსნარის ქედის ცენტრალური ნაწილი 1200 მეტრი (ტყის ზოლი). ცხომარეთის ცენტრის სიმაღლე ზ. დ. 610 მეტრია.

მანძილი ქ. საჩხერემდე 13 კმ-ია. 2010 წ. მოსახლეობა შეადგენს  100 კომლს 272 სულით. სოფელში 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით კი 293 მაცხოვრებელი იყო, ბოლო 10 წელიწადში სოფლის მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 21 მაცხოვრებლით.

ცხომარეთის მოსახლეობა ძირითადად მისდევს მეცხოველეობას და მიწათმოქმედებას, აგრეთვე მეფუტკრეობას. სოფლის დასავლეთით მდებარეობს ჯრუჭის მონასტერი, რომელიც 1991 წ. მიწისძვრის მიერ იქნა დანგრეული. ჯრუჭის მონასტერი, გამორჩეული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. მდ. ყვირილის მარჯვენა შენაკადის - ჯრუჭულას ხეობაში მდებარეობს.

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.