ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
უზუნთა
იმერეთი

სოფელ ცხომარეთის ჩრდილოეთით მდებარეობს სოფელი უზუნთა, რომელიც XX საუკუნის 40 - იანი წლების შემდეგ დასახლებელ ტერიტორიად იქცა, ამ სოფლიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაასახლეს აფხაზეთში, კერძოდ გულრიფშის რაიონში მდინარე ამტყელის ხეობაში (ამტყელის ტბას მეორე სახელი აზანთა ქვია). შემდგომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუბრუნდა თავის მშობლიურ ტერიტორიას, დღეისათვის უზუნთა შედის ცხომარეთის თემში, მანძილი ტერიტორიული მართვის ორგანოს ცენტრამდე 6 კმ-ია. მანძილი ქალაქ საჩხერემდე 22 კმ-ია, 2011 წლიდან უზუნთას მიენიჭა სოფლის სტატუსი.

უზუნთა მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ აღმოსავლეთ კალთაზე. ირგვლივ ქედები აკრავს. აქ გავრცელებულია ფოთლოვანი მცენარეები: მუხა, წიფელა, წაბლი. წიწოვანი მცენარეები:ნაძვი, ფიჭვი. მაღლა მთებში არის ალპური ზონა, სადაც ზაფხულის სათიბებია (ხიხათაზე). მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. აქ ბინადრობს: დათვი, მგელი, ტურა, მელა, ირემი, კურდღელი და სხვა. გავრცელებულია შავი და წითელი მიწა ნიადაგები. მოსახლეობა ეწევა მიწათმოქმედებას. მთაში მოჰყავთ კარტოფილი, სიმინდი, ლობიო. მოსახლეობა ეწევა მესაქონლეობას, ნადირობას. სოფლის დასავლეთით ჩაედინება მდინარე ფასკნარა, ხოლო სოფლის ცენტრში გაედინება მდინარე წყალთბილა, რომელიც აგრეთვე მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა შენაკადია.

უზუნთას აქვს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი, ამ დასახლების გავლით შეიძლება რაჭის ქედის მიმართულებთ გადაადგილება, აგრეთვე ზაფხულში შეიძლება ამ ტერიტორიაზე მოეწყოს დასასვენებელი ბანაკები და სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმდეს ტურისტული ინფრაქსტრუქტურის შექმნაში და შემდგომი ტურისტული რესურსების გამოყენების დროს.

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.