ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ვაკისა
იმერეთი

მდებარეობს მდინარე საკბულას (მდინარე რიკოთულას მარჯვენა შენაკადი, მდინარე ძირულას აუზი) სათავეებში. სოფელ ვაკისას ჩრდილოეთით ესაზღვრება  ჭალოვანის თემის სოფელი ღოდორა, სამხრეთით _ მდინარე საკბულა მდინარე რიკოთულას შენაკადი. აგრეთვე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის პატარა გოლისის სანახები. დასავლეთით _ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები ნადაბური და დიდი გოლისი,  აღმოსავლეთით ლიხის ქედის დასავლეთი ფერდობი ტყის უზარმაზარი მასივით. სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია სოფლის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ძირულას ხეობაში შენაკადის ვაკისაღელის ხეობაში, სიმაღლე ზ.დ. 900 მეტრი, ხოლო მაქსიმალური ადგილია, უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სოფლის ტყის ტერი-ტორიაზე, მდინარე ღოდურულას და ვაკისაღელის წყალგამყოფი სერი, ზ.დ. 1160 მეტრი. სოფლის ცენტრის სიმაღლე ზ. დ. 960 მეტრია. სოფელი მთლიანობაში მდებარეობს მდინარე ძირულას ტერასაზე, ერთგვარ მოსწორებულ ადგილას, ამიტომაც შეარქვეს ამ ადგილებს ვაკისა. სოფელი ვაკისა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება საშუალოდ 2 კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 3 კმ-ზე.

 

სოფელი ვაკისა შედის ჭალოვნის თემში, მანძილი  ცენტრამდე 13 კმ-ია, ხოლო მანძილი ვაკისადან ქ. საჩხერემდე 47 კილომეტრია, მოსახლეობის რაოდენობა 2007 წლისათვის შეადგენდა 20 კომლი 60 სული მცხოვრებით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით კი 67 მაცხოვრებელი იყო, აქედან 32 იყო კაცი, ხოლო 35 მაცხოვრებელი იყო ქალი.  გავრცელებული გვარებია: ტაბატაძე, მაჭარაშვილი, თოიძე.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მეცხოველეობა, მეფუტკრეობა. სოფელი ვაკისა საჯარო სკოლით სარგებლობს სოფელ ლიჩში, მანძილი სკოლამდე 5 კმ-ია. სოფელ ვაკისას მახლობლად არის დასახლება წმანი, რომელსაც რამდენიმე ათეული წლის წინათ სოფლის სტატუსიც ჰქონდა, მაგრამ ამ სოფლიდან მოხდა მოსახლეობის გადასახლება სხვადასხვა ტერიტორიაზე. მხოლოდ ნასოფლარის სახითაა არის შემორჩენილი, თუმცა ამ დასახლების ტერიტორიაზე შემორჩენილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის აღსანიშნავია წმანის არქიტექტურული შენობის კვალი გვიანი შუასაუკუნეების პერიოდით დათარიღებული, აგრეთვე გვიანი შუასაუკუნეების წმანის ნაეკლესიარი; ბუკვეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. ეს ადგილები წარმოადგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის უკიდურეს სამხრეთ პერიფერიულ ნაწილს, აგრეთვე აღსანიშნავია რომ ამ ადგილებიდან ცენტრალურ საავტომობილო გზამდე (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) დაახლოებით 16 კმ-ია და შეიძლება საინტერესო კომპლექსური ტურისტული მარშრუტების დაგეგმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის გავლით, მდინარე ძირულის ხეობის გაყოლებით.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.